"მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა - კვირის პალიტრა

"მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა

თუ ქვეყნის ხსნა გვინდა, ქართველები მიწას უნდა დავუბრუნდეთ -  "კვირის პალიტრა" ამის თაობაზე სიტყვას არასოდეს იშურებდა. წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა რუბრიკა "მამულ-დედული".

შარშან უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გაუჩნდა იდეა, "კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის საკითხებისთვის იმაზე მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე უთმობდა. უწმინდესმა გვთხოვა, ადამიანებს მიწასთან შრომის გაიოლებაში დავხმარებოდით, რათა ქართველი დაჰბრუნებოდა წინაპართა ტრადიციას, კვალში გაჰყოლოდა და ხნულში თესლი ჩაეგდო.

პატრიარქმა გზა დაგვილოცა და წარმატება გვისურვა -  გაზეთშიც ყოველთვიური ჩანართი "მამულ-დედული" გაჩნდა. პატრიარქის გზადალოცვილი წამოწყება მკითხველსაც მოეწონა. ამაზე მეტყველებს უამრავი წერილი და სატელეფონო ზარი, რომელშიც ამ რუბრიკის ხილვა ყოველკვირა სურთ და მკითხველის თხოვნით, ამ ნომრიდან "მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა.

გავერთიანდეთ და ერთად დავძლიოთ პრობლემა - დავუბრუნდეთ მშობლიურ მიწას! ძვირფასო მკითხველო, კვლავაც თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის იმედი გვაქვს.