"მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა
03-03-2014
"მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა
თუ ქვეყნის ხსნა გვინდა, ქართველები მიწას უნდა დავუბრუნდეთ -  "კვირის პალიტრა" ამის თაობაზე სიტყვას არასოდეს იშურებდა. წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა რუბრიკა "მამულ-დედული".   
შარშან უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გაუჩნდა იდეა, "კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის საკითხებისთვის იმაზე მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე უთმობდა. უწმინდესმა გვთხოვა, ადამიანებს მიწასთან შრომის გაიოლებაში დავხმარებოდით, რათა ქართველი დაჰბრუნებოდა წინაპართა ტრადიციას, კვალში გაჰყოლოდა და ხნულში თესლი ჩაეგდო. 

პატრიარქმა გზა დაგვილოცა და წარმატება გვისურვა -  გაზეთშიც ყოველთვიური
ჩანართი "მამულ-დედული" გაჩნდა. პატრიარქის გზადალოცვილი წამოწყება მკითხველსაც მოეწონა. ამაზე მეტყველებს უამრავი წერილი და სატელეფონო ზარი, რომელშიც ამ რუბრიკის ხილვა ყოველკვირა სურთ და მკითხველის თხოვნით, ამ ნომრიდან "მამულ-დედული" ყოველკვირეული გახდა.

გავერთიანდეთ და ერთად დავძლიოთ პრობლემა - დავუბრუნდეთ მშობლიურ მიწას! ძვირფასო მკითხველო, კვლავაც თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში
დგომის იმედი გვაქვს.

ხათუნა
09 მარტი 2014 15:13
მოხარული ვარ რომ ასეთი რუბრიკა არსებობს.მე 47 წლის ვარ და ვგეგმავ მეურნეობას მივყო ხელი,ვეთანხმები იმას რომ საქართველოს ხსნა შეიძლება სოფლის მეურნეობის გძლიერებით. გლეხების წახალისება უნდა მოხდეს,ქართული პროდუქციის პროპაგანდით, ახალგაზრდების წახალისებით რომ დარჩნენ სოფლად და ვინც წამოსულია დაუბრუნდეს სოფელს,შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მათი დაკავებისთვის სოფლად.
მასმედიას დიდი როლი ენიჭება იმაში,რომ ახალგაზრდობა დაინტერესდეს და შეუყვარდეს სოფელი.ტელევიზიით იმდენ უსარგებლო, ფუჭ, არაფრისმომცემ გადცემას თუ იმფორმაციას აჩვენბენ თუ გვასმენინებენ,რომ ისე ხდება 'შეძახილმა ხე გაახმოო' და ჩვენი ახალგაზრდებისთვის ისიც კი მისაღები გახდა.გული მტკივა,ნუთუ ფულის კეთება ტელევიზიით ჯანსაღი გადაცემებით არ შეიძლება,დარწმუნებული ვარ და არა მარტო მე ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ ასე ფიქრობს,დღეს რასაც ჩავძახებთ და რისკენაც უბუძგებთ ჩვენს მომავალს იმას მოვიმკით და ეს არავის დავაბრალოთ ჩვენი თავის გარდა.
თქვენ დიდ მადლობას გიხდით ამ რუბრუკისთვის და იმისთვის, რომ უწმინდესის აზრს იზიარებთ და თქვენს წილ გასაკეთებელს აკეთებთ ამ დიდი საქმეში.

რედაქტორის რჩევით