ინვესტიცია ქართულ მიწაში - კვირის პალიტრა

ინვესტიცია ქართულ მიწაში

თებერვლიდან აგვისტომდე გასტანს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში დახმარებას 800 ათასამდე ფერმერი მიიღებს. საუბარია მათზე, ვისაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 1,25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი აქვთ. პროექტის მოცულობა 90 მილიონ ლარამდეა, მას სახელმწიფო ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ყველა ფერმერი მიიღებს 50-ლარიან აგრობარათს (პლასტიკურ ბარათს). ვისაც 0,25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი აქვს, მხოლოდ აგრობარათს მიიღებს. ხოლო ფერმერები, რომელთა ნაკვეთები 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდეა (ჩათვლით), აგრობარათთან ერთად მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათსაც - 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი: "აღმოსავლეთ საქართველოში უკვე დასრულდა ხვნის (სასოფლო-სამეურნეო) ბარათების დარიგება. ხვნის ბარათები ასევე დაურიგდა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც და ამჟამად ბარათების დარიგება სამეგრელოში გრძელდება.

რაც შეეხება 50-ლარიან პლასტიკურ, ანუ აგრობარათს, ბენეფიციარები "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში  მიიღებენ.

- რაიმე პრობლემას ხომ არ უნდა ველოდოთ ბარათების დარიგებისას...

- შესაძლოა ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში მითითებული დაბადების თარიღი არ ემთხვეოდეს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს. ბარათი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ გაიცემა.

-  წლეულს ბარათებით გათვალისწინებული თანხა შარშანდელზე 100 მილიონი ლარით არის შემცირებული...

- გასულ წელს 190 მილიონი ლარი დაიხარჯა და სარგებელი დაახლოებით 700 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს სამწლიანი პროგრამის მეორე ეტაპია. პროგრამა ითვალისწინებს თავიდან მეტი დახმარების გაცემას, შემდეგ კი ამ დახმარების შემცირებას. მომავალ წელს, სავარაუდოდ, დახმარება კიდევ შემცირდება და ამით პროგრამაც დასრულდება.

დახმარების ეტაპობრივად შემცირება ლოგიკური იყო რამდენიმე მიზეზის გამო. შარშან მეტად სჭირდებოდათ მცირემიწიან ფერმერებს სახელმწიფოსგან დახმარება, მათ შორის ინვენტარის სახით, რომელიც არ არის ერთწლიანი მოხმარების, მაგალითად, შესაწამლი აპარატი, სასხლავი მაკრატელი და სხვ. ბუნებრივია, წლეულს ამ ინვენტარის შეძენა გათვალისწინებული აღარ არის.

სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებდა მცირემიწიანი ფერმერების მუდმივად დახმარებას სხვადასხვა აგროსამუშაოებში. სამი წლის შემდეგ ფერმერები კომერციულ რელსებზე უნდა გადაერთონ. თუ დაფინანსება სჭირდებათ, უნდა აიღონ კრედიტი  და თავად შეძლონ საქმიანობის წარმართვა. წლეულს ყველაზე შრომატევად და ენერგოხარჯიან სამუშაოს კვლავაც ვთავაზობთ, ანუ ისევ უფასოდ ვხნავთ ნაკვეთებს.

- ექსპერტების შეფასებით, 1 000 ტრაქტორი 4 800 სოფლისთვის ძალიან ცოტაა და შესაძლოა აგროვადების დაცვა ვერ მოხერხდეს...

- თუ საქართველოში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა გაიშლება, რაც ბოლო წლებში არ ყოფილა და ამ სერვისზე უფრო დიდი მოთხოვნა შეიქმნება, ცხადია, ტრაქტორების ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება. მაგრამ დღეს არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. აგროვადების დაცვა მნიშვნელოვანია და უამინდობის პირობებშიც კი, როცა აგროვადები იზღუდება, არსებული ტექნიკა საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის ნაწილი სხვადასხვა რაიონსა და რეგიონში გადაგვყავს. შარშან კიდევ 300 ახალი ტრაქტორი დაგვემატა და წლეულს საგაზაფხულო სამუშაოებს მეტი ტექნიკით შევხვდით.

- თუ ფერმერი ფლობს ორ ან მეტ ნაკვეთს, რომელთა ფართობი პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, სხვადასხვა, ან ერთსა და იმავე რაიონში, სარგებელი როგორ გაიცემა?

- ერთ ბენეფიციარზე მხოლოდ ერთი ხვნის ბარათი გაიცემა. თუ ფერმერის კუთვნილი ნაკვეთების ჯამური ფართობი 1,25 ჰექტარზე მეტია, ის ამ პროგრამის ბენეფიციარი არ არის. ხოლო თუ საერთო ფართობი 1,25 ჰექტარს არ აღემატება და მათ შორის ერთი ან რამდენიმე ნაკვეთი 0,25 ჰექტარზე მეტია, მაშინ პროგრამის ფარგლებში მოიხვნება მათ შორის უდიდესი ნაკვეთი.