"ყურძენს ფასი დაედო და გლეხმა ვაზი ისევ გაახარა" - კვირის პალიტრა

"ყურძენს ფასი დაედო და გლეხმა ვაზი ისევ გაახარა"

ვაზი გაზაფხულზე, გასხვლისას ტირის...

რამდენიმე დღის წინ ქიზიყში გახლდით. ბაზრის უბანში, სადალაქოსთან, სოფლის მთავარ "ბირჟაზე" ჩამომსხდარი ომანა, ანზორა, გოდერძა, ნიკო პაპა ამინდზე საუბრობდნენ. ვაზი გასასხლავი მაქვს, ამინდი მაინც გამოვიდესო, - წუხდა ნიკო პაპა. ნიკო ჭაბაშვილს ბოდბისხევში ყველა იცნობს. უკვე 60 წელია, მისი ყოველდღიური საზრუნავი ვენახია. ყველაზე სტაჟიან მევენახეს რჩევისთვის ბევრი აკითხავს.

რატომ არის ვაზი მადლიანი და როგორი მოვლა სჭირდება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ნიკო პაპას "ქორბულაყზე", ვენახში ვესტუმრე.

ნიკო ჭაბაშვილი: "\წლების წინ ბევრმა გაჩეხა ვაზი და სიმინდი დათესა. ცრემლი მომდიოდა, როცა გაჩანაგებულ ვენახს ვუყურებდი... გლეხს ვაზის შეწამვლის საშუალება არ ჰქონდა, რასაც ხარჯავდა, მოსავალზე მის ნახევარსაც ვერ ასწორებდა. ღვთის წყალობით, ბოლო რამდენიმე წელია, ყურძენს ფასი დაედო და გლეხმა ვაზი ისევ გაახარა.

- ხშირად გთხოვენ რჩევას ახალბედა მევენახეები?

- ახალგაზრდები დიდად აღარ იჩენენ ყურადღებას - ვენახები კი აქვთ, მაგრამ  მისი ყადრი არ იციან. იმის ნაცვლად, თავად მოუარონ, მუშახელს ქირაობენ. ხანდახან მე მთხოვენ დამყნობას, შეყელვას, გაფურჩქნას, შეწამვლას, მეკითხებიან, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს.

- ახალი ვაზი მოსავალს რამდენ წელიწადში იძლევა?

- ვაზი პირველ ყურძენს დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში იძლევა. მანამდეც შეიძლება, მაგრამ რომ გასხლავ, კარგად აღარ იზრდება და მოსავალიც ნაკლებია. ვაზის გაშენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მიწა კარგად უნდა დამუშავდეს. თუ მეორედაც დაამუშავებ, კიდევ უკეთესი. დაახლოებით 50 სანტიმეტრ სიღრმეზე უნდა ჩაირგოს ვაზი, სულ მცირე, ერთი მეტრის დაშორებით, ზრდისას ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალოს. ვაზი იხარებს თუ არა, მაშინვე უნდა შეწამლო, პატარა ყლორტი ადვილად ავადდება. რომ გაიზრდება, ჭიგოები უნდა ჩაყარო და სამ წყებად კარგად გაჭიმულ მავთულზე ტოტები მიამაგრო, შემდეგ კი გასხლა. ვაზი წელიწადში ორჯერ უნდა გაიფურჩქნოს, მერე შეიყელოს.

- რიგებს შორის დაშორება რამდენი უნდა იყოს?

- სამი მეტრი საკმარისია. ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებთ, ერთი 100-მეტრიანი რიგი 400-500 კგ ყურძენს მოისხამს, რა თქმა უნდა, თუ ამინდმა არ შეუშალა ხელი.

თბილისიდან ჩამოსულები ხშირად მეკითხებიან, ვენახი რა სიხშირით ირწყვებაო. ჩვენ არ ვრწყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხელა, წვიმა საკმარისია ვენახისთვის.

- როდის და როგორ იმყნობა ვაზი?

- ჯერ იჭრება საძირე, ანუ მწარე (სპეციალური ჯიში, რომელიც საძირედ გამოიყენება). ის სილაში დასაფესვიანებლად უნდა ჩარგო. გასხვლის დროს საძირეს სიგრძის კალამი ისე უნდა აიჭრას, რომ პირით ჩაჯდეს გადაჭრილ საძირეში. თუ მიწა კარგად არის დამუშავებული, დამყნობილი ვაზის 95% გაიხარებს. დამყნობილი ვაზი კარგად მსხმოიარე და გამძლეა, ფილოქსერა (ვაზის მავნებელი მწერი) ვერ ეტანება და ჯანმრთელი იზრდება.

- როდის უნდა დაიკრიფოს ყურძენი?

- ყურძნის შაქრიანობა სანამ 20%-ს არ მიაღწევს, არ უნდა დაიკრიფოს. კარგად მოწეული ყურძენი მაღალშაქრიანია და კარგი ღვინოც დადგება. ქიზიყში ძირითადად ორი ჯიშია - რქაწითელი და საფერავი, გურჯაანსა და თელავში კი მრავალფეროვნებაა. ჩვენთან უფრო მალე მწიფდება ყურძენი, ვიდრე იქით. აქ სექტემბერში იწყება რთველი, იქით - ჩვენს მერე.

- ყველაზე კარგ მოსავალზე რამდენი ტონა ყურძენი დაგიკრეფიათ?

- სულ ათი რიგი ვენახი მაქვს და ოთხ ტონაზე მეტი არ მოდის. კარგი მოსავალი იმ შემთხვევაში მოვა, თუ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებ. ჭრაქი, ნაცარი ან რომელიმე დაავადება რომ არ გაუჩნდეს ვენახს, წლის განმავლობაში შესაძლოა, ათჯერ მოუწიოს შეწამვლამ.

- ამბობენ, ვაზი ტირისო...

- ეს გაზაფხულზე, გასხვლისას ხდება. მაშინ ვაზში ბევრი წყალია... ისე, წესით, შემოდგომაზე, ფოთლები რომ დასცვივა, ვაზი მაშინ უნდა გაისხლას, მაგრამ თებერვლის ბოლოსაც არ არის ურიგო.

თორნიკე ყაჯრიშვილი