ოჯახის მარჩენალი "აფთიაქარი" - კვირის პალიტრა

ოჯახის მარჩენალი "აფთიაქარი"

"ფუტკარი მოაშენეთ და სარჩო მუდმივად გექნებათ"

"რაც მეტად სწავლობ ამ მწერს, მით მეტად გაკვირვებს მისი შესაძლებლობები. როცა სკას ახდი და ფუტკრების მოწესრიგებულობას ხედავ, საოცარია..."

მეფუტკრეობას ჩვენში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

"კვირის პალიტრა" 25 წლის გიორგი ჩინჩალაძეს ჭიათურის მაღალმთიან სოფელ ტყემლოვანაში ვესტუმრეთ, მან მეფუტკრეობას 16 წლიდან მიჰყო ხელი:

- ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჩემს სოფელში ფუტკრის მოსაშენებლად საუკეთესო პირობებია, - მიყვება გიორგი, - უმეტესად წაბლნარია, ბლომად არის ცაცხვი და აკაცია, რაც სამკურნალოდაც და სურნელითაც გამორჩეულ თაფლს იძლევა.

16 წლისამ ორი სკა ვიყიდე, დღეს 55 ძირი მყავს. მუდმივად დავდივარ ტრენინგებზე, ვარ მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი. დღითი დღე ვრწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის ფუტკარი.

ოჯახში ფუტკარს ჩემ გარდა ვერავინ უვლის. კბენის შიში თუ ვერ დასძლიე, გამოდის, რომ ვერ შეეთვისე ამ ხელობას. ვცდილობ, ჩემს თანატოლებს  ვასწავლო ეს საქმე. დავპირდი, თუ დაინტერესდებით, წელიწადში თითო ოჯახს გაჩუქებთ-მეთქი.

- სოფელი მთიანია და ზამთარიც მკაცრი და ხანგრძლივი იქნება. ეს პრობლემებს არ გიქმნით?

- წლეულს ყინვამ ბევრი ფუტკარი დამიხოცა. მკაცრ ზამთარს განსაკუთრებით ახალგაყოფილი ოჯახები ვერ უძლებენ. ამ დროს სკაში ცოტა ფუტკარია და სითბოს ვერ ინარჩუნებენ.

- ცნობილია, რომ ფუტკარი თავად წყვეტს, როდის უნდა გავიდეს ახალი ოჯახი სკიდან. რატომ არის საჭირო ხელოვნურად გაყოფა, ბუნებრივი გამრავლებისას ხომ უფრო ძლიერი იქნება ოჯახი და მკაცრ პირობებსაც მეტად გაუძლებს?

- ცხადია, ბუნებრივად გაყოფილი ოჯახი უფრო გაუძლებს მკაცრ გარემო პირობებს, თუმცა ამას სხვა პრობლემაც ახლავს. ბუნებრივი გაყოფისას იზრდება გაყოფილი ფუტკრის დაკარგვის რისკი. როცა გაყრის დრო დაუდგება, შესაძლოა ფუტკარი გამოვიდეს სკიდან და ისე შორს გაფრინდეს, ვეღარ იპოვო.

- გამიგია, რომ ქურდი ფუტკრებიც არსებობენ და სხვისი სკიდან იპარავენ თაფლს...

- როდესაც ღალა, ანუ ნაყოფი, ჯერ კიდევ არის ბუნებაში, ამ დროს ფუტკრები იშვიათად ქურდობენ. მაგრამ როცა სეზონი მიდის და სარჩო აღარ მოიპოვება, თანაც თბილა და ფუტკარს გარეთ გამოსვლა უწევს, მაშინ სხვის ოჯახს ეტანება. ამისთვის სკაში შესასვლელს ვამცირებთ და სუსტი ოჯახის მცველები ადვილად იგერიებენ თავდამსხმელებს.

- ზამთარში რით იკვებებიან ფუტკრები - გამიგონია, რომ ვაჟინს აჭმევენ, რაც თაფლის ხარისხს ამდარებსო...

- ცუდია, როცა მეფუტკრე ისე აცარიელებს სკას, რომ ფუტკარს ზამთარში საკვებად თაფლს არ უტოვებს. ზოგჯერ ხელოვნური საკვების გაკეთება გვიწევს, რასაც შაქრით კი არა, შაქრის პუდრითა და თაფლით ვამზადებთ. საკვებს ვურევთ გარკვეულ პრეპარატსაც, რათა ფუტკარმა შესაძლოა, ვერ მიიღოს ხელოვნური საკვები და მოიწამლოს. თაფლის ხარისხი ამით არ ფუჭდება, რადგან ვაჟინი ფიჭებში არ ხვდება.

- როგორ უნდა განასხვავო ხარისხიანი თაფლი უხარისხოსგან?

- თუ ვინმეს მოტყუება უნდა, ყოველთვის მოგატყუებს, ვერ მიხვდები, ნატურალურია თუ გაკეთებული. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს თაფლის ხარისხიანობის დასადგენი ტექნოლოგია. ჩვენი მეფუტკრეები ბულგარეთში გზავნიან თაფლს შესამოწმებლად. საქართველოში მხოლოდ იმას ხვდებიან, რამდენია თაფლში წყლის შემცველობა.

- ზოგჯერ თაფლით იწამლებიან.

-  მაწყინარია გადაუბეჭდავი ფიჭების თაფლი, ეს ნიშნავს, რომ ფუტკარმა ყველა პროცედურა ვერ დაასრულა. თაფლი ამ დროს მავნე ნივთიერებებს შეიცავს, მისი გასუფთავება ფუტკარს არ დაუმთავრებია.

- რომელი წამლის გამოყენებას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეებს?

- ძირითადად "ასკოვარსა" და "ვაროსტოპს" ვიყენებთ. ზოგიერთი სკებში დგამს პრეპარატს, მე სპეციალურ სასხურებელს ვამჯობინებ. ასეთ შემთხვევაში ყველა სკა უფრო კარგად მუშავდება და შედეგიც უკეთესია. წამლის შესხურება თბილ დღეებში ხდება. ტემპერატურა მინიმუმ 17 გრადუსი უნდა იყოს. ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აპრილის დასაწყისში და აგვისტო-სექტემბერში, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოსაც შევასხუროთ.

ამ საქმეში თეორიული ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რის შემდეგაც პრაქტიკა გიადვილდება.\ რაც მეტად სწავლობ ამ მწერს, მით მეტად გაკვირვებს მისი შესაძლებლობები. როცა სკას ახდი და ფუტკრების მოწესრიგებულობას ხედავ, საოცარია... ფუტკრით დახუნძლული ჩარჩოს ხელში დაჭერასაც ცოდნა უნდა. ვურჩევ ყველას, სოფელში თუ ცხოვრობს, სხვა საქმესთან ერთად, ფუტკარიც მოაშენოს და სარჩო მუდმივად ექნება.

უტა ბიწაძე