როგორ გავახაროთ ია - კვირის პალიტრა

როგორ გავახაროთ ია

...მისი ფერით გაზაფხული შემიტყვია...

ია გაზაფხულის ერთ-ერთი პირველი ყვავილი, ბუნების გამოღვიძების სიმბოლოა. ძველმა რომაელებმა, რომლებიც მას იუპიტერის ყვავილს უწოდებდნენ, შეთხზეს ლეგენდა, თითქოს ერთმა მონათმფლობელმა თავისი მეტისმეტად ცნობისმოყვარე მონები ამ თვალღია მცენარედ გადააქცია.

იის მშვენიერება კარგა ხანია შეამჩნიეს მოყვარულმა მეყვავილეებმა. დროთა განმავლობაში მცენარის მრავალი დეკორატიული ჯიში გაჩნდა. რაკი ია გოეთეს საყვარელი ყვავილი იყო, გერმანელმა მებაღეებმა გამოიყვანეს დიდყვავილიანი ჯიშები, რომელთაც კლასიკოსის პერსონაჟთა სახელები უწოდეს: თითქმის შავს - ფაუსტი, კაშკაშა წითელს - მეფისტოფელი, ხოლო ნაზ ცისფერს - მარგარიტა. სამხრეთ საფრანგეთში, ნიცის მიდამოებსა და ჩრდილოეთ იტალიაში, პარმის მახლობლად, მოაშენეს პარმის ია - სურნელოვანი იის დიდყვავილიანი ხავერდოვანი ნაირსახეობა, რომელიც ძვირად ღირებული სუნამოების დასამზადებლად გამოიყენება.

ახალშეძენილი მცენარე კარგად უნდა დავათვალიეროთ, ფერშეცვლილი ყვავილები და ფოთლები მოვაცილოთ და შევწყვიტოთ მორწყვა, ვიდრე ნიადაგი არ გაშრება. კარგი იქნება, თუ ფოთლებს გამდინარე წყლით გავრეცხავთ. ამით მცენარეს შესაძლო მავნებლებსა და სოკოს სპორებს მოვაცილებთ.

როგორ მოვრწყოთ ია

თუ იას სხვა მცენარეების მსგავსად უხვად მოვრწყავთ, მალე შევამჩნევთ, რომ ყვავილები გაფერმკრთალდება. ამის მიზეზი წყლის ზედმეტი მიწოდებაა. თუ მიწა, რომელშიც ყვავილია ჩარგული, 2-3 სმ სიღრმეზე გამოშრა და ქოთანიც შემსუბუქდა, მცენარე თამამად შეიძლება მოვრწყოთ. ოღონდ იმდენი წყალი უნდა დავასხათ, რომ ქოთნის სადგამზე არ გამოჟონოს. საშუალო ზომის ქოთნისთვის საკმარისია 3 სუფრის კოვზი წყალი.

უნდა გვახსოვდეს, რომ იას ფესვთა სუსტი  სისტემა აქვს და დიდი მოცულობის ქოთანში მისი ჩარგვა სასურველი არ არის. რადგან ზედმეტად მორწყვისა და ფესვების დალპობის რისკი მაღალია.

სამფერა ია

იის სამკურნალო თვისებები ძველთაგანვეა ცნობილი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა სამფერა ია. ის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა დიდ ღეროზე განლაგებული ერთეული ყვავილებით. სურნელოვანი იისგან (მას ხალხი ია-იასაც ეძახის) განსხვავებით, მისი ყვავილი მართლაც სამფეროვანია - ზედა ფურცლები იისფერი ან მუქი ლურჯია, ქვედა - თეთრი ან ყვითელი, ხოლო ცენტრალური ნაწილი –- ფორთოხლისფერ-ყვითელი. ამ ყვავილს იაჟუჟუნა და იასამფერაც ჰქვია.

როგორი პირობები სჭირდება სამფერა იას?

სამფერა იას უყვარს საკვებით მდიდარი არე, კაშკაშა სინათლე, უხვად მორწყვა. ყველაზე კარგად ის თავს ნახევრად ჩრდილოვან ადგილებში გრძნობს. სიცხეში ყვავილების ზომა მცირდება. სამფერა იისთვის ყველაზე შესაფერისი ნიადაგია გადამწვარი ნაკელის, ნეშომპალიანი მიწის, ბოსტნის მიწის, ტორფისა და ქვიშის ნარევი.