საქართველოს მდინარეებში თევზი წყდება... - კვირის პალიტრა

საქართველოს მდინარეებში თევზი წყდება...

"დაიჭირე-გაუშვი", ანუ სპორტული თევზაობის ტურისტული სარგებელი

უცხოელი გვირჩევს, თევზი შევუნახოთ შვილებს...

"ჩემდა გასაოცრად, "დაიჭირე-გაუშვის" პრაქტიკა ქართველებისთვის მიუღებელი და გაუგებარია"

ნიდერლანდების მეთევზეთა ასოციაციის დამფუძნებელი, მედიაექსპერტი პეტერ ლუიტცე საქართველოს მდინარეებში თევზის გაქრობის საშიშროებასთან დაკავშირებით საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს და გამოსავალსაც გვთავაზობს...

საქართველოს მთის მდინარეები, რომლებიც განთქმული იყვნენ კავკასიური კალმახის სიმრავლით, თანდათან ცარიელდება. ტურისტებისთვის ეს სამწუხარო და გულდასაწყვეტი ამბავია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს თევზაობა, მათ შორის ბუზით ჭერა (ფლყ ფისჰინგ), რისთვისაც კავკასიური კალმახი მისწრებაა.

როგორც თევზაობის ნამდვილი გულშემატკივარი, მთელ მსოფლიოში დავდივარ ისეთი ადგილების საპოვნელად, სადაც ერთმანეთს ერწყმის ლამაზი ბუნება და კარგი სათევზაო ადგილი. ქვეყნებში, სადაც ასეთი ადგილი მრავლადაა, ამ უპირატესობას ტურიზმის განსავითარებლად იყენებენ - ადგენენ ტურებს, სატრანსპორტო მარშრუტებს, აშენებენ კოტეჯებს, სასადილოებს და სხვ.

დღეს მსოფლიოში არასამრეწველო თევზაობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა "დაიჭირე და გაუშვი", რის შედეგადაც თევზი, ტაფაზე აღმოჩენის ნაცვლად, მდინარეს უბრუნდება და მრავლდება. მდინარეებში, სადაც თევზი უხვადაა, ნებადართულია დღეში ერთი ან ორი კალმახის დაჭერა. დანარჩენი კი სპორტია, სპორტი, რომელსაც უამრავი სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის - ტურისტული სააგენტოებისთვის, ავიაკომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, მეგზურებისთვის, სათევზაო მაღაზიებისთვის, ტაქსის მძღოლებისა და რესტორნებისთვის - ყველა მათგანს ამით უჩნდება დამატებითი შემოსავალი, ყველა კმაყოფილია.

"თევზი დაინახა? აბა, შეჭამს..."

ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ "დაიჭირე-გაუშვის" პრაქტიკა მიუღებელი და შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად გაუგებარია ქართველებისთვის. "რატომ უნდა გავუშვა თევზი, რომლის დასაჭერად ამდენი ვიწვალე?" არადა, პასუხი ძალიან მარტივია - იმიტომ, რომ შემდეგ შენმა შვილმაც დაიჭიროს ამ წყლებში თევზი.

შევადაროთ თევზაობის პოტენციალი თხილამურობისას.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის სათხილამურო კურორტებზე. შეიძლება ითქვას, ეს ტურისტული სფერო საქართველოსთვის წამყვანი და პრიორიტეტულია. მაგრამ თოვლი ხვალაც მოვა, ხოლო თუ ძალიან გაჭირდა, ხელოვნურ თოვლს "იჯადოქრებს" ადამიანი, თევზაობისა და ველური ბუნების გადასარჩენად კი თუ დღესვე არ იზრუნეთ, ხვალ, შესაძლოა, გვიანი იყოს. თუ არაფერს იღონებთ, შესაძლოა ისევე გაქრეს თქვენს მდინარეებში კალმახი, როგორც ირლანდიაში ორაგული, რომელიც მხოლოდ ფულზე დახატული შემორჩათ.

სად ქრება კავკასიური კალმახი, ამის გასარკვევად მეთევზეთა და მონადირეთა ფედერაციას მივმართე. ფედერაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ტყემალაძემ და მდივანმა გოჩა კობერიძემ საგულისხმო ამბავი მომითხრეს: კავკასიური კალმახის გაუჩინარებაში მთავარი დამნაშავეები ბრაკონიერები არიან, რომლებიც თევზის დასაჭერად ელექტროსადენებს ან უკეთეს შემთხვევაში, ბადეებს იყენებენ. შედეგად, მდინარე სრულიად ცარიელდება. თევზი ან ბრაკონიერების კუჭში ხვდება, ან ბაზარში რამდენიმე ლარად იყიდება. მდინარე კი ტურისტულ ღირებულებას კარგავს, რადგან მასში თევზაობა შეუძლებელი ხდება. ეს სამწუხარო პრაქტიკა საკუთარ თავზეც ვიწვნიე. ვინ რჩება ამით მოგებული? შესაძლოა, მოკლევადიან მონაკვეთში გამარჯვებულად ბრაკონიერი მივიჩნიოთ, რომელიც რამდენიმე ლარს იგებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მას მეტის შოვნა შეეძლო, ამ ტიპის ტურისტულ ინდუსტრიაში მეგზურად ანდა კოტეჯის თანამშრომლად რომ დასაქმებულიყო. ამ ტემპებით მალე თქვენს მდინარეებში კალმახი საერთოდ არ დარჩება, ეს უდავოდ ის ვითარებაა, სადაც ყველა აგებს.

სამოთხე მეთევზეებისთვის

ბრაკონიერობის შემზღუდავი ახალი კანონის შესაქმნელად ფედერაცია მთავრობასთან თანამშრომლობს, მუშავდება რამდენიმე მდინარის რეკრეაციის გეგმები, მათ შორის, კალმახების საინკუბაციო პროგრამები. ფედერაციაში სურთ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარონ დიდ მდინარეებს და ისინი სპორტული მეთევზეებისთვის სამოთხედ აქციონ. ამბიციურ გეგმებს დილემებიც ახლავს, მაგალითად, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც მდინარის მონიტორინგი დაევალება, რამდენიმე დამატებითი ლარის სანაცვლოდ თვალს არ დახუჭავს ბრაკონიერების ქმედებებზე?

რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა მდინარეებმა წარსული დიდება დაიბრუნონ?

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საინკუბაციო პროგრამების პირველ შედეგებს დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. მაშინ პირველი ნაკადი მდინარეში გაიშვება. საქვირითე საწოლების აღდგენაც ოპერაციის ნაწილია და ამდენივე დრო დასჭირდება. ამ დროისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილებიც.

მინდა პირველი ვიყო, ვინც მსოფლიოს მოუყვება ამ ისტორიას, რათა თევზაობის ნამდვილმა მოყვარულებმა ყველგან შეიტყონ, რა პოტენციალი აქვს და რად შეიძლება იქცეს საქართველო: სამოთხედ მეთევზეებისთვის. ეს ქვეყანა ზედგამოჭრილია ამისთვის: დიდებული ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მეგობრული ხალხი. რაც უნდა ირონიულად მოგეჩვენოთ, ერთადერთი, რაც გაკლიათ, არის კავკასიური კალმახი თქვენს მთის მდინარეებში და გულით გთხოვთ, გადაჭერით ეს პრობლემა.

სპორტული თევზაობა ანუ "დაიჭირე-გაუშვი"

სპორტული თევზაობა პოპულარული გართობაა, ხოლო თევზაობის მოყვარულებს საკმაო წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიაში. სპორტული თევზაობის პროფესიონალებისთვის ეწყობა შეჯიბრებები ტივტივათი თევზაობაში, სპინინგით თევზაობაში და მრავალ სხვა სახეობაში. "დაიჭირე-გაუშვის" ერთ-ერთ სახეობაში აკრძალულია კაუჭიანი ანკესის გამოყენება, სპორტსმენმა თევზი სპეციალური ბადით უნდა ამოიყვანოს. თევზაობა, როგორც სპორტის სახეობა, ინგლისში ჩამოყალიბდა და შემდეგ მთელ ევროპაში გავრცელდა. შექმნილია თევზაობის საერთაშორისო ფედერაცია, რეგულარულად იმართება მსოფლიო ჩემპიონატები.

პეტერ ლუიტცე