როგორ ვუშველოთ ხალხსაც და ტყესაც - კვირის პალიტრა

როგორ ვუშველოთ ხალხსაც და ტყესაც

"ტყე გლეხისთვის დაკარგულია"

"ნადირი ისე გამრავლდა, რომ სოფელში შემოდის და ანადგურებს გლეხის ქონებას"

დავით ჭილაშვილი საგურამოს მკვიდრია. 72 წლის დათიკო ძია ნაჯაფი კაცია და როგორც ამბობს, 14 წლიდან, მანამ ჯანი მოსდევდა, მშენებლობაზე მუშაობდა. ძალა და მკლავი ახლაც ერჩის, მაგრამ სოფლად დაგროვილ უამრავ პრობლემას ვეღარ უმკლავდება, რაზეც ძალიან წუხს...

ორი შვილისგან 4 შვილიშვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი 1992 წელს ბრმა ტყვიას უმსხვერპლია. ჩემს ბიჭს ორი პატარა დარჩა და მე გავზარდეო...

დათიკოს ჭილაშვილს სოფლის პრობლემებზე სასაუბროდ საგურამოში ვეწვიეთ. მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალზე მას ბევრი უფიქრია და სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად გეგმებიც აქვს. ამჯერად მოსახლეობის გათბობის, ტყის, შეშისა და ნაკრძალების პრობლემაზე თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა.

- ერთი მთავრობა მეორით იცვლება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის, მით უფრო  - სოფლის საქმე, პირიქით, უკან-უკან მივდივართ... ახლა კი გვყავს მთავრობა, რომელიც ხალხზე ზრუნავს, მაგრამ მასაც აქვს ნაკლი. მე სულ ვფიქრობ ამ ნაკლის გამოსწორებაზე და პრობლემის დაძლევის გზებიც მოძებნილი მაქვს.

- რას გულისხმობთ?

-  სოფელს სიცივე აწუხებს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ტყეები სახელმწიფომ ძირითადად ნაკრძალებად გამოაცხადა და უფლება არ გვაქვს, იქიდან  შეშა გამოვიტანოთ (ტყეში 1 ჰექტარზე დაახლოებით 7-8 კუბმეტრი ხმელი შეშა ყრია). ყიდვით ვერ ვყიდულობთ, ძვირია, გაზსა და დენს გასათბობად ვერ ვიყენებთ და ხალხი უმეტესად სიცივეში ცხოვრობს...

- ტყეში უამრავი გამხმარი ხე ჩვენც ვნახეთ. ცუდია, რომ გამოტანის უფლება არ გაქვთ, არადა, ტყის გასუფთავება სახელმწიფოსაც უნდა აძლევდეს ხელს...

- დიახ, პირველი ის არის, რომ უნდა შეიცვალოს ტყეთსარგებლობის წესები, რადგან ხალხი ტყისგან სარგებელს ვერ იღებს. ოდითგანვე ტყე იყო სოფლის მარჩენალი, ადამიანებს ნება უნდა მიეცეთ, სოფლის მიმდებარე ტყიდან ხმელი ხეები გამოიტანონ.

- მაგრამ ხომ შეიძლება ტყეში შესულმა გლეხმა ნედლი ხეც მოჭრას?

- ტყეში ხმელი შეშის შეგროვების ნებართვა უნდა მოგვცენ და ამის დასტურად ბილეთი დაარიგონ. როცა შეშას შევაგროვებთ, მეტყევის გარეშე არ გამოვიტანთ. გლეხმა შეშა არა მარტო ოჯახის გასათბობად, გასაყიდადაც შეიძლება გამოიტანოს, რაც მისთვის შემოსავლის წყაროც იქნება. ამით არცთუ ცოტა სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ტყეში გამოსაკვებად საქონლის შერეკვის უფლებაც არ გვაქვს. თუ შევრეკავთ, დაგვაჯარიმებენ ან წაგვართმევენ. პრობლემაა ტყეებში გამრავლებული ნადირიც (მგელი, ტურა, ფოცხვერი). ისინი სოფლებში შემოდიან და ანადგურებენ ჩვენს ქონებას. ამის მერე რაღა დარჩენია გლეხს?  სოფლიდან უნდა წავიდეს და სხვა შემოსავლის წყარო ეძებოს. ტყეში მომრავლებული ნადირის გამო შველი და ირემიც განადგურდა, ხმის ამომღები კი არავინ არის. ფაქტობრივად, ტყე გლეხისთვის დაკარგულია.

სოფლის გასწვრივ ბუჩქნარები უწინ კოლმეურნეობის იყო, მაგრამ ზამთარში გლეხს მისი შეშად გამოყენება შეეძლო - როცა თოვლის გამო ტყეში ვერ მივდიოდით, ბუჩქებს ვჭრიდით და ოჯახებს ვათბობდით, ახლა, ესეც გვეკრძალება. არადა, ბუჩქნარი რომ გაიკაფება, გაზაფხულზე საძოვარიც იქნება.

მოკლედ, უკანასკნელ კაპიკებს ვხარჯავთ, რომ გავთბეთ და თან - ხუთჯერ მეტს, ვიდრე შეშით გათბობისას დავხარჯავდით. თუ შეშის გამოტანის ნებას მოგვცემენ, ეს ფული  სოფელს, ქვეყანას შეემატება. არადა, სახელმწიფო თავად ნედლს ჭრის და ყიდის, ჩვენ ხმელსაც ვერ ვიღებთ. ეს ხომ მავნებლობაა!

ლალი ფაცია