ბროწეული - "ახალი ხილი" სოფლის მეურნეობაში - კვირის პალიტრა

ბროწეული - "ახალი ხილი" სოფლის მეურნეობაში

"ბროწეული შეიძლება შეწამვლის გარეშეც მოიყვანო"

ბროწეული ჩვენს სამზარეულოში დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ ის კომერციული მიზნით დღემდე არ მოჰყავდათ - მხოლოდ საოჯახო ნაკვეთებში ახარებდნენ. თბილისშიც კი, საკუთარი სახლების ეზოებში, გაზაფხულზე ხშირად ნახავთ აყვავებულ ბროწეულს, მაგრამ ამ გემრიელ და სასარგებლო ხილზე მოთხოვნა მეტწილად იმპორტით კმაყოფილდება. არადა, საქართველოში ბროწეულის წარმოების კარგი პოტენციალია, დიდია მოთხოვნა სხვა ქვეყნებშიც. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ორ-სამ წელიწადში, ჩვენთან ბროწეულის ორი პლანტაცია გაშენდა. ერთი კახეთში, მეორე კი - მარნეულში.

სულხან თურმანიძე, ფერმერი: - პროფესიით სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტი ვარ. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, "პირველ არხზე", ჩემი სარეკლამო სტუდიაც მქონდა... ორი წლის წინ გამახსენდა, რომ მამაჩემს  მარნეულის რაიონში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად, საძოვრად იყო ქცეული. გადავწყვიტე 13 ჰექტარი მიწა მოსავლიან სავარგულად მექცია.

სწორედ იმ დროს დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელსაც რაღაც დანაზოგი ჰქონდა და მისი სოფლის მეურნეობაში დაბანდება სურდა.  ჯერ უნდა გაგვერკვია, ამ მიწაზე რისი გაკეთება გვინდოდა, მერე კი აგრონომი დაგვექირავებინა, რომ საქმეს ის გასძღოლოდა.

ერთი წელიწადი დაგვჭირდა, რომ შეგვესწავლა კლიმატი, გავრცელებული კულტურები, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი და დავადგინეთ, რომ მოხმარებული ბროწეულის დაახლოებით 70% იმპორტით შემოდის. გარდა იმისა, რომ ბროწეული შეგიძლია მიიღო, როგორც ხილი, მისგან მზადდება წვენი, კონცენტრატი, ბროწეულს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ წარმოებაში, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ბროწეულის კურკის ზეთზე, ხოლო ჩაიხანებსა და ყავახანებში ბროწეულის ფოთლის ჩაის მიირთმევენ; ბროწეულის ქერქისგან პირუტყვისთვის მზადდება საკვები, რომელიც წველადობას ზრდის და გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს... ამ ყველაფრის შემდეგ ბროწეულის ბაღის გაშენება გადავწყვიტეთ.

- ნერგები სად იყიდეთ?

-  იმ დროს USAID-ის დაფინანსებით მიმდინარეობდა პროგრამა "ფერმერი ფერმერისთვის" და მეც დავრეგისტრირდი. პროგრამის ფარგლებში აშშ-დან ჩამოვიდა მსხვილი ფერმერი, ბროწეულის კულტურაზე დაწერილი წიგნის - "დაუჯერებელი ბროწეულის" ავტორი რიჩარდ ეშტონი.  მას ტეხასში 300 ჰექტარზე გაშენებული ბროწეულის პლანტაცია აქვს.  მან სამი კვირა გაატარა საქართველოში.  ერთად შემოვიარეთ ქვემო ქართლი და კახეთი, სადაც ველურად მზარდი ბროწეულის ჯიშებიც აღმოაჩინა. ეშტონის ჩამოსვლამ, მისმა რჩევებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. სანერგე მასალის მოძიება რომ დავიწყეთ, ის საქართველოში არ აღმოჩნდა და კითხვა-კითხვით მივაგენით აზერბაიჯანში, საიდანაც ბროწეულის 5 ათასი ნერგი ჩამოვიტანეთ. ბროწეული კალმებით მრავლდება და საკალმე მასალაც წამოვიღეთ, ჩვენი სანერგე მეურნეობა გავაშენეთ და მომავალში გაფართოებისთვის ნერგების ჩამოტანა აღარ დაგვჭირდება.

- გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას თუ წააწყდით, რასაც ვერც წიგნებში ამოიკითხავდით და არც რჩევა-დარიგების სახით მიგიღიათ ვინმესგან?

- ასეთ პრობლემას პირველივე წელიწადს შევეჯახეთ.  ცხადია, ადგილობრივი პირობები შევისწავლეთ და გავარკვიეთ, რომ ანომალიური ზამთარი დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ დგება, მაგრამ არ ველოდით, რომ უჩვეულო ყინვები ჩვენს ნარგავებს პირველივე წელს დაემუქრებოდა. Bმოგეხსენებათ, წლეულს 4-5 თებერვალს, ღამით ტემპერატურა -15 გრადუსს აღწევდა, ბროწეულის ერთწლიანი ნარგავი კი -10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ზიანდება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი ყინვების შესახებ ერთი კვირით ადრე ვიცოდით და 5 ათასი ბროწეულის ხე თივით გამოტენილი ტომრებით შევფუთეთ. თუმცა, როცა ყინვებმა გადაიარა და ბროწეულის ხეებს ტომრები მოვხსენით, მივხვდით, რომ ზარალს სრულად მაინც ვერ ავცდით.

- როგორი მოვლა სჭირდება ბროწეულს?

- საჭიროა მიწის დამუშავება, კულტივაცია, სარეველა ბალახებისგან გასუფთავება. ბროწეულს გვარიანად სხვლა სჭირდება და შესაძლოა, ეს წელიწადში ორჯერაც გახდეს საჭირო. ის ერთ-ერთი გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ურწყავად კარგ მოსავალს არ მოგცემთ. სხვა მრავალწლიანი კულტურებისგან განსხვავებით, წამლობა ნაკლებად სჭირდება - მხოლოდ ძირითადი პარაზიტების წინააღმდეგ იწამლება. მეტსაც გეტყვით - ბროწეული შეიძლება შეწამვლის გარეშეც მოიყვანო.

ბროწეული პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა, მაგრამ სრულ პოტენციალს მეხუთე-მეექვსე წლიდან ავლენს. ბროწეულის ხე 15-20 წლის განმავლობაში კარგად ისხამს, შემდეგ კი შეიძლება მისი განახლება როგორც ახალი ნარგავით, ასევე ძველი ნარგავის ტოტების გადაჭრით.

- ნაყოფს შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება?

- ბროწეულის ჯიშს, რომლითაც ბაღი გავაშენეთ, სელექციონერები "გულუშას" უწოდებენ, აზერბაიჯანში კი ის "ყირმიზი-ყაბუყის" სახელით არის ცნობილი. მის ნაყოფს მოტკბო-მომჟავო გემო აქვს. ამ ჯიშის ბროწეული ოქტომბრის პირველი დეკადიდან მწიფდება და ორ-სამ თვეს ინახება განსაკუთრებული პირობების გარეშე,  ხოლო თუ ბროწეულს მაცივრებში შევინახავთ, შესაძლოა, ნაყოფმა პირველადი სახით ექვს თვემდე გაძლოს.

როგორც გითხარით, თავდაპირველად აგრომენეჯერობას არ ვაპირებდი და მინდოდა, საქმის წარმოება სხვისთვის მიმენდო, მაგრამ ჩამითრია. რაც მთავარია, სიამოვნებითა და ინტერესით ვაკეთებ ამ საქმეს. მგონი, სელექციონერობის ნიჭიც აღმომაჩნდა და ახლა გამომყავს ბროწეულის ჯიში, რომელსაც კურკა არ აქვს. ამ ჯიშმა თუ გამიმართლა, ბროწეულის უკურკო ნაყოფის მოყვანა კომერციულად ძალიან მომგებიანი იქნება.