როდის რა გავაკეთოთ
10-03-2014
როდის რა გავაკეთოთ
ნაწყვეტი წიგნიდან "ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ. მეურნის ენციკლოპედია". ნიკოლოზ იოსებიძე. გამომცემლობა "პალიტრა L"

მარტის თვის სამუშაოები

თუ დღემდე რაღაც მიზეზის გამო მამულისთვის ვერ მოიცალეთ, ძირს დაყრილი დაავადებული ნაყოფი, ფოთლები და დაზიანებული ტოტები მაინც მოფოცხეთ და დაწვით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ, შესაწამლი შეწამლეთ, დასარგავი დარგეთ და, რაც მთავარია, გასასხლავი გასხალით.
ხეხილსა და ბუჩქნარს ჯერ ხმელი ტოტები მოახერხეთ, მერე უადგილო ადგილას ამოსულები. ასეთ ტოტებში იგულისხმება შტამბზე განვითარებული ტყუპისცალი ტოტები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. 
სხვლის დროს დაიცავით ასეთი პრინციპი: ხის ვარჯი უნდა გაიზარდოს სიგანეში, რისთვისაც საჭიროა, ამონაყარზე წვერის წაჭრის ან საერთოდ ტოტის გადაჭრის დროს გარეთა კვირტი დატოვოთ. ყველა ჩახშირებული ტოტი ამოჭერით. თუ გინდათ, რომ თქვენმა ახალგაშენებულმა ბაღმა მალე მოისხას, სიმაღლეში გაზრდილ ტოტებს წვერში გამოაბით კანაფი, ნელ-ნელა რკალივით გადაღუნეთ და
შტამბზე მიაბით.

ახლა ვენახს მივხედოთ.  თუ გნებავთ, რომ თქვენი ნასხლავი ვენახი კარგად გამოიყურებოდეს, სეკატორი კარგად გალესეთ, და სხვლა დაიწყეთ შტამბიდან. შეაცალეთ ყველა ამონაყარი, გარდა იმისა, რომლის გადაწიდვნასაც აპირებთ. ხეივანი გასხალით 2-3-4 კვირტზე. ორკვირტიანი რქა ყველა შემთხვევაში სამამულეა, დანარჩენები - სანაყოფეები. თუ შეამჩნევთ, რომ გასული წლის ნაზარდი ძალიან სუსტია, ჯობია, ის გაწვრილებული მხარი მთლიანად შეაჭრათ. ნუ ინაღვლებთ! საგაისოდ უკეთესი ამოვა.

გასხვლის შემდეგ ძველი ტოტები ხეივნის საყრდენზე მიაბით. მისაბმელად გამოიყენეთ ტრიკოტაჟის ნაკუწები; კანაფებს ბევრად სჯობია, თანაც უფრო ადვილად მოსახმარია. ამ საქმიანობას რომ მორჩებით, ვაზის შტამბზე დახეთქილი და აქერცლილი ქერქი მთლიანად ააძვრეთ, ვინაიდან მასში ჭიაღუა იბუდებს. ქერქი დაწვით, ნაცარი ძირებში მიუყარეთ.
თუ დღემდე ბაღ-ვენახი არ დაგიბარავთ და ერთიანად დაბარვა არ შეგიძლიათ, ძირები მაინც ამოუბარეთ, სასუქს თუ შეიტანთ, მთლად უკეთესი.
სასწრაფოდ საჭიროა ნიადაგის თესვისწინა დამუშავება. ღია გრუნტში დათესეთ იგივე კულტურები, რაც ითესება თებერვალში, ამას მიუმატეთ სუფრის ჭარხალი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - ისპანახი.

ღია გრუნტში ირგვება: თავიანი და ყვავილოვანი კომბოსტო, კეჟერა, პრასი.
დახურულ გრუნტში (კვალსათბური, სათბური) ითესება: ბადრიჯანი, პამიდორი, წიწაკა, Mპრასი, ქონდარი, რეჰანი, ზაფრანა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა