ყვავილის ენა მასწავლე... - კვირის პალიტრა

ყვავილის ენა მასწავლე...

ვინ თქვა, რომ ყვავილებს ენა არ აქვთ, არ ლაპარაკობენ, ან ჩვენი არ ესმით? ამ ნაზ და უმშვენიერეს არსებებს ენაც აქვთ და ყურიც, რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს. ვისაც შინ ქოთნის ყვავილები აქვს და მათ ხშირად ელაპარაკება, უკეთეს შედეგს აღწევს - ყვავილები  კარგად ხარობენ, მრავლდებიან და გარშემომყოფთ თავსაც აწონებენ. ასე რომ, ეს ბუნების საოცრებები მგრძნობიარენიც არიან. ნუ მოაკლებთ მათ სითბოსა და მზრუნველობას და ისინიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებენ. ამჯერად ორ მათგანზე მოგიყვებით.

ზამბახი

ზამბახი ფესურიანი ბალახია. აქვს ხმლისებრი ფოთლები და თეთრი, იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები. ცნობილია 200-მდე სახეობა, მათგან 11 სახეობა საქართველოში გვხვდება. ზამბახი იზრდება მდელოზე, ველსა და ნახევრად უდაბნოში, ზოგიც - ჭაობსა და ტენიან ადგილას... ქართული ზამბახი ჩვენში ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა. ულამაზესი ყვავილი და შეფოთლილი ღეროები აქვს. მისი ორიგინალური და თავისებური ყვავილი გაზაფხულის მშვენებაა. მასობრივად ხარობს აღმოსავლეთ საქართველოში.

ზამბახი რომ ჩვენს ბაღში გავახაროთ, მთავარია, სწორად შევურჩიოთ ნიადაგი და მისი სწორად დარგვაც ვიცოდეთ. სხვათა შორის, გამორიცხულია, ზამბახი ზამთარში გაფუჭდეს.

უყვარს სუფთა და კარგად დამუშავებული ნიადაგი. მიწა ბალახისგან კარგად უნდა გავწმინდოთ. ნიადაგი, სადაც ბოლქვს ჩავრგავთ, კარგად იყოს სასუქით განოყიერებული. მისთვის საუკეთესო სასუქი გამომწვარი ნაკელია, ასევე, მინერალური სასუქები: გოგირდმჟავა ამონიუმი, სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი. ნაკელი ზამბახს ზამთრის ბოლოს სჭირდება. თებერვლიდან აყვავებამდე მცენარეს ორ-სამჯერ უნდა შევაყაროთ მინერალური სასუქი.

მცენარე მიწაში რაც შეიძლება ადრე გაზაფხულზე ან ზამთარში უნდა ჩავრგოთ.

ზამბახის ყვავილობა აპრილიდან იწყება და აგვისტომდე გრძელდება. აყვავებულ  მცენარეს სასუქი აღარ სჭირდება. შემოდგომამდე ფოთლების ხმობა და ცვენა იწყება. ამ პერიოდში მორწყვა უნდა შევუმციროთ, თებერვლამდე კი - საერთოდ შევწყვიტოთ.

ჩინური ვარდი

უხვფოთლება ჩინურ ვარდს წითელი, თეთრი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ყვითელი ლამაზი ყვავილები ამშვენებს.

ყვავილობის ძირითადი სეზონი ზაფხულია, მაგრამ სითბოსა და კარგი განათების პირობებში შეიძლება მთელი წლის განმავლობაში იყვავილოს. თუ სათანადო ადგილს მივუჩენთ და ყურადღებას არ მოვაკლებთ, ეს მუქმწვანეფოთლება ბუჩქოვანი მცენარე მაშინაც დაამშვენებს ჩვენს ბინას, როცა არ ყვავის.

სჭირდება კაშკაშა სინათლე, ოღონდ არა - თაკარა მზე. ზამთარში მზეზე ყოფნას აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. ჩახუთული ჰაერი და ტენის ნაკლებობა ყვავილების სწრაფად ჭკნობას იწვევს.

დიდ მცენარეს ზაფხულობით მუდმივად მორწყვა სჭირდება, მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით მორწყვა შევამციროთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა დავაცადოთ. შეიძლება დიდ ქოთანში ორ მეტრამდე ან უფრო მაღალი გაიზარდოს, მაგრამ თუ გაზაფხულზე კარგად გავსხლავთ, კომპაქტური ბუჩქის ფორმას მიიღებს.

გასხვლა ყვავილობას არ ავნებს, ხოლო გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ყვავილობას უწყობს ხელს.