კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

კითხვას უპასუხებს სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

როგორ მრავლდება ფშატი და რა სარგებლობა მოაქვს ამ მცენარეს?

ვაჟა მაჭარაშვილი, წყალტუბო

ფშატი აღმოსავლეთ საქართველოში ხარობს. ის ფშატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ველურად მოზარდი ფშატის და ჭალაფშატა 3-5 მეტრი სიმაღლის ბუჩქებია, კულტურული ფშატის სიმაღლე კი 10-12 მეტრს აღწევს.

ჭალაფშატა დაბლობისა და მთისწინა კალთების მცენარეა, სინათლისა და სითბოს მოყვარული. საქართველოში ის ჭალებში ხარობს და სახელიც აქედან დაერქვა. ფშატის ფოთლები მოვერცხლისფროა, ყვავილები - ყვითელი,  აქვს გემრიელი და ტკბილი ნაყოფი. შეიცავს 65% შაქრებს, 10%-ზე მეტ ცილებს, 1,3% მჟავებსა და 20 მილიგრამ ჩ ვიტამინს. ფშატის ხმელ ნაყოფს კურკებს აცლიან, რბილობს ფქვავენ და პურის ცომს უმატებენ, ნაყოფისგან კი არაყს ხდიან. ხალხურ მედიცინაში ხმელ ნაყოფს იყენებენ ფაღარათის დროს. მცენარის ტოტებს სდის წებოვანი წვენი (გუმფისი), რომელსაც იყენებენ წებოს, ლაქის, საღებავის დამზადებისას. ხის ქერქი და ფოთლები, როგორც მთრიმლავი ნივთიერებების შემცველი, ტყავის გასათრიმლად გამოიყენება. მუქი ყავისფერი მერქანი საკმაოდ ძვირფასია და მისგან მექანიკურ ინსტრუმენტებს ამზადებენ. ის უძვირფასესი თაფლოვანი მცენარეა. ჭალაფშატას ფოთლები, ნაყოფი, ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. ფშატი მრავლდება თესლით, ამონაყარითა და კალმებით.

ვცხოვრობ ლაგოდეხის რაიონში. შეიძლება თუ არა ჩვენთან ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანა და თუ შეიძლება, როგორ მოვუაროთ, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ?

გურამ კორაშვილი

- ლაგოდეხის რაიონი ყვავილოვანი კომბოსტოსთვის იდეალური ადგილია. მისი აგროტექნიკა ძირითადად ისეთივეა, როგორიც საადრეო თავიანი კომბოსტოსი.

მოჰყავთ ჩითილის მეთოდით. ჩითილი 30-45 დღისა უნდა იყოს. კვალსათბურებში გამოყვანილი ჩითილის დარგვა შეიძლება როგორც ზეადრეულ ვადებში, ისე - ზამთრის პირზე (მაშინ იგი შემოვა აპრილ-მაისში). ჩითილები გამოჰყავთ ტორფნეშომპალიან ქოთნებში ან ჩვეულებრივი წესით. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, სარეველებსა და მავნებლებთან ბრძოლა, დამატებითი გამოკვება.

მაინტერესებს ყველაფერი ვაშლატამას შესახებ და სად შეიძლება მისი ნერგის შეძენა?

ციცო აბაშიძე

- ვაშლატამა უბუსუსო ატმების ჯგუფის წარმომადგენელია. ცნობილია აგრეთვე ნექტრინების სახელით. საქართველოში გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებსა და საკოლექციო ნარგაობებში. მრავლდება, როგორც ჩვეულებრივი ატამი - მყნობით და კურკით. ნერგის შეძენა შეიძლება თბილისის ზღვაზე მდებარე სანერგეებში, ადრე გაზაფხულზე კი - ნერგების ბაზრობაზე.

როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც ანადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?

ნონა გავაშელი

- ლოკოკინა, რომელიც ბოსტანს ანადგურებს, სინამდვილეში გახლავთ ლოქორა (ლოფორთქინა). ამ მოლუსკს მოსწონს ნესტიანი ადგილები და მასობრივად მრავლდება წვიმიან ამინდში.

ლოქორასთან ბრძოლისას მთავარია ნაკვეთის გასუფთავება სარეველებისაგან, რომელთაც ლოქორა მთელი დღის განმავლობაში აფარებს თავს. ასევე აუცილებელია გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით ნიადაგის დაბარვა. ღამით, როცა ლოფორთქინები საკვებად გამოდიან, ნაკვეთს ორჯერ, 10-15 წუთის ინტერვალით, უნდა მოაფრქვიოთ ახალჩამქრალი კირის პუდრი (900კვმ-ზე 2-3კგ.).

პატარა ნაკვეთებში ლოქორას დაჭერა შეიძლება ფიცრების, სველი ჩვრების, ლინოლეუმის, რეზინის ნაჭრების დაფენით, რომელთა ქვეშაც ისინი იყრიან თავს. თუ ლოფორთქინებს შინაური ფრინველები არ შეჭამენ, დააყარეთ მარილი და დაიხოცებიან.

ლიმონი დავთესე ქოთანში და აღმოცენდა. ახლა დაახლოებით 20 სმ-ია. ბაღში რომ გადავიტანო (შიდა ქართლში ვცხოვრობ), მოისხამს თუ არა ნაყოფს და როგორ უნდა მოვუარო?

მარიამ ქავთარაძე

- თქვენ რომ ლიმონი გგონიათ, ის არც მეტი, არც ნაკლები, ტრიფოლიატია, ანუ ლიმონის თესლნერგი, რომელიც გამოიყენება საძირედ ყინვაგამძლე ჯიშების გამოსაყვანად ან ცოცხალ ღობეებად. სამწუხაროდ, ნამდვილი ლიმონის ნერგი ქართლში ღია გრუნტში არ იხარებს. თუ ძალიან გინდათ, რომ ოჯახში ლიმონი გქონდეთ, შეიძინეთ ქოთნებში დარგული ნამყენი, ოღონდ - ოთახის კულტურის სახით.

როგორ დავამზადოთ ოჯახურ პირობებში ნუშის ზეთი და რძე?

ლელა აბესაძე, თბილისი

- ოჯახის პირობებში ნუშის ზეთის დამზადება თითქმის შეუძლებელია, რადგან ამისათვის საჭიროა დიდი სიმძლავრის წნეხი, რომლითაც ღუმელში წინასწარ გაცხელებულ ნუშის გულებს წნეხენ, ან ქიმიური რეაქტივები, რომლებიც ზემოქმედებს დაქუცმაცებულ მასალაზე, ზეთის მიღების შემდეგ კი მათ აორთქლებენ.

რაც შეეხება ნუშის რძეს, მისი მიღება ადვილია. კანგაცლილი ნუშის გულები დააქუცმაცეთ, დაასხით ანადუღარი წყალი და კარგად გასრისეთ რძის მიღებამდე (10 გრამ ნუშის გულს დაასხით 100 მლ წყალი).

მიღებული რძე კარგად გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში.