ნატურალური ბაღჩეული შუა ქალაქში
17-03-2014
ნატურალური ბაღჩეული შუა ქალაქში
"რატომ უნდა მოვიხმაროთ თურქული პომიდორი, როცა შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული და თანაც ბიოლოგიურად სუფთა"

"სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომისას იმპორტს სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივი პროდუქცია"

"მწვანე სახლებში ლისის ტბაზე" ნაირ-ნაირი ბოსტნეული შემოსულა...


საქართველოში უცხოური ბაღჩეულ-ბოსტნეული მეტი იყიდება, ვიდრე ადგილობრივად მოწეული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კიტრსა და პომიდორზეა. სეზონზე - გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე თავზე საყრელად გვაქვს გრუნტზე მოყვანილი ჩვენი კიტრი და პომიდორი, მაგრამ აცივებასთან ერთად, დახლი ღარიბდება. რჩება სათბურში მოყვანილი ადგილობრივი, ანდა უცხოური, რომელიც
ფასით ქართულს ძალიან ავიწროებს - უფრო იაფია. ამასთან, სათბურში ბაღჩეული მეტწილად ხელოვნურად, სხვადასხვა ქიმიური საშუალებით მოჰყავთ, რაც ზემოქმედებს პროდუქტის თვისებებზე - ის ნაკლებად სასარგებლოა.


ნინა პეტროვა-ძნელაძე, სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელი:
"სათბურის აშენება ჩემმა ოჯახმა რვა წლის წინ განიზრახა. ლისის ტბის მიდამოები მდიდარია თერმული წყლებით. ეკოლოგიურად სუფთა
პროდუქტის მოყვანა, უპირველესად, ოჯახისთვის წამოვიწყეთ. მშობლები და ახლა უკვე მეც, აქვე ვცხოვრობთ. ბოლო წლებში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი: რუსეთში, მონაკოში, საფრანგეთში. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ და იქაც ამ საქმით ვიყავი დაკავებული. დროდადრო ჩამოვდიოდი და სათბურის კარს მხოლოდ მწვანილის მოსაკრეფად თუ შევაღებდი. მშობლების წამოწყებული საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, სიახლე იყო საჭირო...
რამდენჯერმე უცხოეთიდან მცენარეების თესლი ჩამოვიტანე, მათ შორისP პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და სხვა. დედას ვთხოვე, ექსპერიმენტული ჯიშები გაეხარებინა. ყოველდღე ვრეკავდი უცხოეთიდან და ვკითხულობდი, გაიხარა თუ არა წიწაკამ, პომიდორმა ნაყოფი თუ მოისხა-მეთქი. ერთხელ გაზაფხულზე ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრები, როგორც ყოველთვის, სათბურში ფუსფუსებდნენ. კარი რომ შევაღე, იქაურობა სულ სხვაგვარად დავინახე - წითელ და მწვანე ფერებს დღის სინათლე უფრო მეტ ხიბლს სძენდა. მას შემდეგ ბაღჩეულზე ყველაფერი მაინტერესებს. დედა სათბურში დილის ექვსი საათიდან საღამოს შვიდამდე ტრიალებს. სანამ მიწას დავამუშავებთ, ჩითილები გამოგვყავს, შემდეგ კი გამზადებულ და დამუშავებულ მიწაში გადაგვაქვს. პომიდორს სამი თვე სჭირდება, რომ გაიზარდოს, იყვავილოს და ნაყოფი მოგცეს. ამ სამი თვის განმავლობაშიც ნარგავს გასხვლა-გამოკრეჭა სჭირდება.

- როგორი მოთხოვნაა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე?
- ნიტრატებსა და შხამქიმიკატებს მიწის დამუშავებისთვისაც კი არ ვიყენებთ - ნაკელითა და ნიადაგის აღმდგენი ორგანულ-ბიოლოგიური სასუქით ვანოყიერებთ. ბოლო დროს მოთხოვნა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე საქართველოშიც გაჩნდა. არა მხოლოდ რიგითი მომხმარებელი, არამედ კაფე-რესტორნებიც ითხოვენ ასეთ პროდუქტს. მიაქვთ სალათა, არტიშოკი, სატაცური, სხვადასხვა ჯიშის პომიდორი. როცა ბიოპროდუქტების წარმოება დავიწყე, მეუბნებოდნენ, - რას წვალობ, აქ ყველაფერი ისედაც ნატურალურიაო. არადა, ბევრი ტყუვდება, ბაზარზე არაჯანსაღ პროდუქტს ნატურალურად ასაღებენ. საკვები მხოლოდ შიმშილის მოსაკლავი საშუალება არ უნდა იყოს. ადამიანმა თუნდაც პომიდვრის მირთმევით ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები და ვიტამინები უნდა მიიღოს. მაქვს ეკოტესტერი, რომლითაც შემიძლია პროდუქტში ნიტრატის შემცველობა გავსინჯო, ხოლო ნიადაგში - რადიაცია. შარშან, სეზონზე, ბაზრებსა და ბაზრობებზე დავდიოდი და საუკეთესო პროდუქციას ეკოტესტერით ვამოწმებდი. შევამოწმე მარნეულისა და გორის პომიდორი. ნიტრატების შემადგენლობა საშიშ ზღვარს აღწევდა. ასე მოწეულ პომიდორს ერთბაშად ბევრს თუ მიიღებ, შეიძლება ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდე. ხალხი ხშირად ვერც იგებს, რამ აწყინათ, რატომ არიან შეუძლოდ და უგუნებოდ. აღარ ჩამოთვლი, რამდენი დაავადება გაახალგაზრდავა უხარისხო პროდუქტმა. რატომ უნდა მოვიხმაროთ თურქული პომიდორი, როცა შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული და თანაც ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური. დარწმუნებული ვარ, სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომისას შეგვიძლია იმპორტი სრულად ჩავანაცვლოთ ადგილობრივი პროდუქციით.

ახლა 0,6 ჰა ფართობის სამ სათბურში წელიწადში 3-5 ტონა პომიდორი მოგვყავს. შესაბამისი დაფინანსების პირობებში შეგვიძლია 5 ჰა-მდე ტერიტორია ავითვისოთ, გავაშენოთ სათბურები და აქ მოწეული მოსავალი თბილისს მთელი წლის განმავლობაში მივაწოდოთ.

- რას გულისხმობთ სახელმწიფოებრივ მიდგომაში?
- ფერმერთა ასოციაციასთან ერთად დავდივარ შეხვედრებზე, ფორუმებზე და ყველგან ვამბობ, რომ ადგილობრივ ფერმერებს დახმარება სჭირდებათ. ფინანსური რესურსით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს. მაგალითად, თურქეთსა და ჰოლანდიაში სახელმწიფო სოფლის მეურნეობას სუბსიდიებით ეხმარება და ფერმერიც პროდუქტს აიაფებს. ჩვენ კი ჯერ მოგება არ გვრჩება. ძირითადი ხარჯი  ენერგორესურსებზე მოდის. მართალია, თერმული წყლები გვაქვს, მაგრამ წლების წინ სახელმწიფომ საკმაოდ გაგვიზარდა ტარიფი და მრიცხველიც დაგვიყენა. წარმოიდგინეთ, წყალი ამოდის ჭაბურღილიდან, მიედინება მილებში, რომელიც სათბურშია დამონტაჟებული და შემდეგ ქალაქში უნდა გაუშვა. წყლის მრიცხველი კი ჩართულია და დიდი თანხა იწერება. ეკონომიკის სამინისტროსთან  დიდი ბრძოლის შემდეგ მივაღწიე, რომ ბუნებრივი ენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქსირებული ტარიფი დაგვიწესეს. ზაფხულში თერმულ წყალს არ ვიყენებთ და ახლა იმისთვის უნდა ვიბრძოლო, რომ ზაფხულის თვეებში ეს ფიქსირებული ტარიფი არ მქონდეს გადასახდელი.

- სად ყიდით მოწეულ მოსავალს?

- ვინც იცის ჩვენი სათბურების შესახებ, აქ ამოდის. ბევრი ოჯახითაც მოდის. ზოგს უფლებას ვაძლევთ, თავად მოკრიფოს ბაღჩეული, ან მათი თანდასწრებით ვკრეფთ. "ფეისბუკის" გვერდზეც ვაქვეყნებთ, რომ მაგალითად, სალათის ფურცლები, მწვანე ლობიო ან ბროკოლი შემოვიდა და მომხმარებელიც არ აყოვნებს.
eka mardaleishvili
13 აპრილი 2016 12:53
მიხარია ბიო პროდუქტების წარმოება რომ დაიწყეთ, მეც მინდა თქვენს კვალს დავადგე მაგრამ ჯერ სწავლა მჭირდება, 4 შვილი მყავს და ალერგია აქვს ჩენ გოგოს ნიტრატებიან საკვებზე ამის გამო სულ პრობლემები გვაქვს ჯამთელობის მხრის ,კარგია თქვენ შესახებ რომ გავიგე, სანამ საკუთარს მოვიყვან მანამდე თქვენ პროდუქტს შევიძენ, იქნებ რჩევა მომცეთ საიდან დავიწყო
გიორგი
09 აპრილი 2016 08:53
ამ სათბურის საკონტაკტო ინფორმაცია მომწერეთ მეილზე თუ არ შეწუხდებით giorgichikviladze@gmail.com
lasha
17 მარტი 2014 17:49
maiko
ესაა FB გვერდი
https://www.facebook.com/GreenHousesOnLisiLake

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები