ბზა - კეთილშობილი მცენარე - კვირის პალიტრა

ბზა - კეთილშობილი მცენარე

საქართველოში ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშიც არის შეტანილი

ბზობის ყოველ დღესასწაულზე და არა მარტო მაშინ, ათასობით ძირი იჩეხება, ამიტომ გარემოს დამცველებს ეშინიათ, ის საერთოდ არ გაქრეს.

ბზა მარადმწვანე, დაბალი ხე ან ბუჩქია. აქვს სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. არსებობს ბზის 70-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში. კავკასიაში გვხვდება ორი სახეობა: კოლხური და ჰირკანული. საქართველოში მოშენებულია ბზის ოთხი უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე, წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული.

ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადაწვენით. ზოგჯერ განუვითარდება ფესვისა და ძირკვის ამონაყარი. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას 40-60 წლისა იწყებს, ეულად მდგომი - 15 წლიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა.

მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს.  იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობისთვის. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის თესლში 37%-მდე ზეთია. საქართველოში ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ბზობის ყოველ დღესასწაულზე და არა მარტო მაშინ, ათასობით ძირი იჩეხება, ამიტომ გარემოს დამცველებს ეშინიათ, ის საერთოდ არ გაქრეს.

ბზა არ არის ოთახის მცენარე, თუმცა მისი შინ გაზრდაც შეიძლება. ქოთანი განათებულ ადგილას უნდა დავდგათ. გაზაფხულზე, როცა საშიშროება აღარ დაემუქრება, გარეთ გაიტანეთ - ოთახში ყოფნა მას მაინც უჭირს. საერთოდ, ნებისმიერი მცენარის გადარგვა ადრეულ გაზაფხულზე, მის გაღვიძებამდე ხდება.