ჩალისფერი ინდაური ბრუნდება? - კვირის პალიტრა

ჩალისფერი ინდაური ბრუნდება?

ფრინველებისთვის "ხრუშჩოვკები" დაუშვებელია

"ბიოსტანდარტით, ყოველ ფრთა ფრინველზე უნდა მოდიოდეს 8 კვმ ფართობი"

ფრინველებისთვის "ხრუშჩოვკები" დაუშვებელია -"ყოველ ფრთა ფრინველზე უნდა მოდიოდეს

8 კვმ ფართობი"

"თეთრ და რუხ ინდაურთან შედარებით, ჩალისფერს უფრო გემრიელი ხორცი აქვს. ეს ჯიში ადვილადაც იზრდება"

გაჭირვების წლებში ქართველმა გლეხმა ინდაურისა და სხვა შინაური ფრინველის მასობრივად შენახვა ვერ შეძლო. დაინგრა კრწანისის ჩალისფერი ინდაურისა და ქართულ ჯიშებთან შეჯვარებული მაღალპროდუქტიული ფრინველის მწარმოებელი მეურნეობაც, რომელიც ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორმა ნანა ანთაძემ შექმნა და სადაც ყოველწლიურად 5 000 ინდაური იზრდებოდა. დამტკიცდა პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ფრინველის (ბიოფრინველის), მათ შორის ინდაურის მოშენებას ითვალისწინებს. მეტიც, პროექტი უკვე ამუშავდა სამტრედიაში, სადაც პროექტის ავტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ნოზაძეც მუშაობს.

- ჩალისფერი ინდაური თუ დარჩა საქართველოში?

- ძირითადად დასავლეთ საქართველოში შემორჩა. არადა, თეთრ და რუხ ინდაურთან შედარებით, ჩალისფერს უფრო გემრიელი ხორცი აქვს. გარდა ამისა, ეს ჯიში შეჯვარების შემდეგ მხოლოდ ჩალისფერ ჯიშს იძლევა, შედარებით ადვილად იზრდება (თუ ქათამს 21 დღე სჭირდება წიწილების გამოსაჩეკად, ინდაური 28 დღეს ანდომებს, გარდა ამისა, ინდაურს ცილებით მდიდარი საკვები სჭირდება).

ჩვენში მეფრინველეობის საწარმოები მხოლოდ უცხოეთიდან შემოყვანილ ჰიბრიდულ ფრინველებს ზრდიან. იმ ფრინველის, რომელიც იზრდება ჩაკეტილ სივრცეში, იღებს კომბინირებულ საკვებს, რომლებშიც შედის ვიტამინები, სინთეზური ამინომჟავები და სხვ., ხორცი ბიოპროდუქტი ვერ იქნება. ის უნდა გაიზარდოს ბუნებრივი მარცვლეულით, როგორიცაა: შვრია, ქერი და სხვა. არსებობს ბუნებრივი სტანდარტი, რომლითაც მტკიცდება ამა თუ იმ ფრინველის ბიოწარმოება, - ყოველ ფრთა ფრინველზე უნდა მოდიოდეს 8 კვმ ფართობი, რომელზეც ის ფრთას გაშლის და დამატებით თავად მოიპოვებს მიწიდან ბუნებრივ საკვებს. ასეთი ფრინველი მდიდარია ცილებით და ღარიბია ცხიმებით. ცხიმების დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ფრინველი ვერ მოძრაობს. ჩვენი, ადგილობრივი ფრინველი, მათ შორის ინდაური, საღამოობით ხეებზეც კი იბუდებს. ფერმაში გამოზრდილ ჰიბრიდულ ფრინველს კი ამის პირობები არ აქვს.

სამტრედიაში ახლა ჯანსაღი ფრინველის მოშენება დავიწყეთ, მათ შორის ინდაურის. ქათამი \იქნება უხვხორციანი, უცხიმო, ადგილობრივ პირობებთან შეჩვეული და გემრიელი - ბუნებრივი მარცვლეულით გამოიკვებება და ბუნებრივ პირობებში გაიზრდება. ამ ჯიშის გამოზრდას გლეხებიც შეძლებენ.

- თუმცა გლეხი ვერ აწარმოებს იმდენ პროდუქტს, რომ ფრინველით ქვეყნის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს.

- ამიტომაც უნდა ჩამოყალიბდეს მეფრინველეობის ფერმები. სამწუხაროა, რომ ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სასოფლო უნივერსიტეტთან შეერთების  შემდეგ მეცხოველეობის ფაკულტეტი  გაუქმდა. თუმცა, მეცხოველეობის ფაკულტეტი წელს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, ხუთი წლის შემდეგ ახალგაზრდები ჩვენს საქმიანობას განაგრძობენ.