როგორ მოვუაროთ ძაღლს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ძაღლს

"შესაძლოა, ძაღლს უამრავი დაავადება ჰქონდეს, ამიტომ, როდესაც ლეკვის შეძენას აპირებთ, ჯერ უნდა გაიგოთ, ვინ იყვნენ მისი წინაპრები"

როგორ მოვუაროთ ძაღლს, ამის შესახებ კინოლოგიური სკოლა "ბალტოს" დირექტორი გოჩა თვაური გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ასე ხდება: ბავშვს ძალიან უნდა, ლეკვი ჰყავდეს, მშობლები მიუყვანენ, მერე ოჯახს ძაღლის მოვლა ჰბეზრდება და ის ან უპატრონოდ რჩება, ან თავშესაფარში აბარებენ. ძაღლის მოვლას თავისებური ნებისყოფა და უნარი უნდა. თანაც, მის მოსავლელად ადამიანს დრო უნდა ჰქონდეს. ძაღლმა თავისი ადგილიც უნდა იცოდეს: არ არის საჭირო საძინებელში ეძინოს, არ უნდა აუშვათ საწოლზე, სუფრიდან არ უნდა აჭამოთ...

- თუ ადამიანს აქვს დიდი ეზო, რა ჯიშის ძაღლის ყოლაა სასურველი?

- უმჯობესია, გერმანული ნაგაზი შეიძინოს, არავითარ შემთხვევაში - ქართული - ეს ძალიან თავისუფლებისმოყვარე ჯიშია და მთაში უნდა ცხოვრობდეს. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ის მგელსაც კი ეჩხუბება მაშინ, როცა ამას ვერც ერთი სხვა ჯიშის ნაგაზი ვერ ბედავს. საერთოდ, ქართულ ნაგაზს ეზო არ ჰყოფნის, ჩვენ კი გვგონია, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ასე არ არის და ძაღლი თანდათან აგრესიული ხდება. ქართული ნაგაზი ერთ პატრონს აღიარებს, გერმანულ ნაგაზს კი ესმის, რომ ოჯახში შეიძლება რამდენიმე წევრი იყოს და ცდილობს, ყველას შეეგუოს. ყველა ძაღლს თავისი ნიშა აქვს: მონადირემ უნდა ინადიროს, ძაღლმა, რომელიც ადამიანის დასაცავად, ან დამნაშავის დასაკავებლად არის გამოზრდილი, უნდა იმსახუროს, დეკორატიული ძაღლები კი უნდა იყვნენ ბინაში, ისინი სწორედ ამ მიზნით გამოიყვანეს.

- ბატონო გოჩა, ზოგიერთ ადამიანს ძაღლების მიმართ ქრონიკული შიში აქვს.

- ძაღლი გრძნობს ადრენალინის სუნს, გრძნობს უარყოფით ენერგიას და ხშირ შემთხვევაში ამის გამო კბენს ადამიანს.

- ბევრს აინტერესებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ლეკვის შეძენისას?

- უპირველესად, უნდა მიმართოთ კინოლოგს და აუხსნათ, რა პირობებში ცხოვრობთ. ამის შემდეგ ჯიშის შერჩევაც შეიძლება. თუ ჯიშს სწორად შეარჩევთ, მაშინ მისი მოვლა უფრო გაგიადვილდებათ. მაგალითად: არ შეიძლება ოჯახში პირველად როტვეილერი შეიყვანოთ, ის საკმაოდ მძიმე ხასიათისაა, მხოლოდ ერთ პატრონს ცნობს და მისი მართვა ადვილი არ არის, ამიტომ შეიძლება ადამიანს გული აუცრუვდეს მასზე. თავდაპირველად უფრო უწყინარი, ადვილად მოსავლელი ძაღლი უნდა აიყვანოთ.

თუ ძაღლი უკვე შეიძინეთ, ჯერ უნდა აცრათ. როგორც ადამიანს, ძაღლსაც თავისი განრიგი უნდა ჰქონდეს: ერთსა და იმავე დროს უნდა ჭამდეს, გასეირნებაც ერთსა და იმავე დროს არის სასურველი.

- ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს,  საშიში არ არის, პატარას ძაღლისგან რაიმე დაავადება გადაედოს?

- თუ ძაღლი აცრილია და მიცემული აქვს ჭიის წამალი, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის.

- ზოგიერთი ძაღლის ყოლას იმიტომ ვერ ბედავს, რომ მისი მოვლა ძვირი ჯდება.

- ბაზრობაზე იყიდება იაფი ნარჩენები, რომლებიც ძაღლებისთვის არის განკუთვნილი. ძაღლს არ შეიძლება ტომატი, თუნდაც ტომატში მომზადებული ხორცი ვაჭამოთ, არც უმი ხორცისა და მოხარშული კარტოფილი ჭამაა სასურველი. არ შეიძლება  ცხარე, მწარე და ტკბილი საჭმელები, ცხიმიანი - ღორის ხორცი და ქათმის ძვლები, ან კანი. საკვები ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს. ლეკვისათვის არ არის სასურველი ძვალი... თუ არ გვაქვს მშრალი საკვების შეძენის საშუალება, ის უნდა ვაჭამოთ, რასაც თავად მივირთმევთ. წყალი ძაღლს ყოველთვის ახლოს უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს ნადგამი წყალი. აუცილებელია რეგულარულად ძაღლის დავარცხნა. ძაღლებს ბევრი ისეთი დაავადება უჩნდებათ, როგორიც ადამიანებს აქვთ: დიაბეტი, ართრიტი, კატარაქტა, გულის დაავადებები, სიმსივნე და ა.შ. შესაძლოა, ძაღლს ეპილეფსიაც ჰქონდეს; ამიტომ, როდესაც ლეკვის შეძენას აპირებთ, ჯერ უნდა გაიგოთ, ვინ იყვნენ მისი წინაპრები. მას რომ რაიმე დაემართოს, ოჯახი და, უპირველესად, ბავშვი, ძალიან დიდ სტრესს მიიღებენ. ამიტომ, სასურველია აიყვანოთ ლეკვი, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია გაქვთ. ყველას ვურჩევ, სახლის პირობებში ძუ აიყვანონ და არა ხვადი, იმიტომ რომ ძუ ძალიან ჭკვიანია და უფრო დამჯერი, ბავშვებთანაც ფრთხილადაა. ხვადი კი შეიძლება გაიქცეს და დაიკარგოს. და კიდევ, ძაღლი ყველგან ვერ იძინებს, ის ძალიან კარგად გრძნობს ამა თუ იმ ადგილის ენერგეტიკას, ამიტომ  არ უნდა გაუკეთოთ სადგომი იქ, სადაც თქვენთვის არის მოსახერხებელი, უნდა დააკვირდეთ, სადაც მას მოსწონს...

- ძაღლს ეზოში აბამენ, გამართლებულია თუ არა ეს?

- დაბმული ცხოველი აგრესიული ხდება. ამიტომ დაბმას ჯობია, პატარა სახლი, ან ვოლიერი აუშენოთ. ასე მაგალითად, გერმანული ნაგაზი ვოლიერში ყოფნას ძალიან კარგად იტანს, მაგრამ თუ დააბამთ, შეიძლება ფსიქიკა გაუფუჭდეს. ვოლიერში შეიძლება გყავდეთ როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ქართული ნაგაზი. საქართველოშიA  დღესდღეობით ძალიან პოპულარული ჯიშებია ჰასკი, ლაბრადორი და იტალიური კანე კორსო, რომელიც მე ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივი ჯიშია.

ადამიანის ნამდვილი მეგობრები

"რაც უფრო კარგად ვეცნობი ადამიანებს, მით მეტად ვაფასებ ჩემს ძაღლს", - ამბობდა სოკრატე. შესაძლოა, ეს შეფასება მეტისმეტად გადაჭარბებული იყოს, მაგრამ მაინც მინდა, რამდენიმე ფაქტი შეგახსენოთ:

შარშან, ზაფხულში მსოფლიომ შეიტყო ძაღლი პუის ამბავი, რომელმაც ბანგკოკიდან 75 კმ-ში, ნაგავსაყრელზე მიტოვებული ახალშობილი იპოვა და გადაარჩინა...

ერთი წლის პატარა აბაზანაში ერთობოდა, როცა მასთან გველი მისრიალდა და კბენა დაუპირა. ბავშვს საშველად ძაღლი ზოი მივარდა, რომელიც ბიჭუნას მაგიერ დაკბინა გველმა. საბედნიეროდ, ნაკბენი სასიკვდილო არ აღმოჩნდა!..

ძაღლმა, სახელად კორსომ, გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა ოთხი წლის ივან საული, რომელსაც ცეცხლმოკიდებულ სახლში ეძინა. კორსო ალმოდებულ სახლში შევარდა და ბავშვი გამოიყვანა, თვითონ კი სხეულის 30% დაეწვა...

მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება...

ხათუნა ჩიგოგიძე