კითხვა-პასუხი
17-03-2014
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე


სამი წლის წინ დავრგეთ კოკრებიანი აზალია. მაშინ კი იხარა და აყვავდა, მაგრამ მას შემდეგ აღარ ყვავის. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
ნელი ნარმანია


- აზალია იელის რუსული შესატყვისია. ლათინური სახელწოდება როდოდენდრონი გახლავთ, რაც ვარდის ხეს ნიშნავს. მსოფლიოში 600-ზე მეტი სახეობაა, მათ შორის 100 სახეობამდე კულტივირებულია. ყველა მათგანი შხამიანია.  იელისთვის საუკეთესოა წყალგამტარი მჟავე ნიადაგი, კარგად ხარობს დაჩრდილულ ადგილებში. მრავლდება თესლით, კალმით, გადაწვენით
და, რა თქმა უნდა, ბუჩქის გადარგვით.

საქართველოში ხუთი სახეობის იელი ხარობს: ყვითელი, უნგერნის, შქერი (ანუ პონტოური იელი), კავკასიური ანუ დეკა და სმირნოვის. ყველა სახეობა მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება.
შესაძლებელია, კოკრებიანმა მცენარემ იყვავილოს, მაგრამ იმავე წელიწადს გახმეს! თუ თქვენი მცენარე სამი წლის განმავლობაში არ გახმა, ჩრდილში გადარგეთ
- არსებობს შანსი, რომ ისევ აყვავდეს.


მაქვს ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც თეთრი სიმინდი მომყავს, მაგრამ ხშირად რატომღაც წითელი ფერის ტაროებიც გამოერევა. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას?
ლევან გაბუნია, სამეგრელო


- არაფერია უცნაური იმაში, რომ ხანდახან, თქვენს ყანაში წითელი ფერის სიმინდი გამოერევა. მსოფლიოში 10 ათასამდე სახეობის სიმინდი არსებობს, მათგან 2 ათასამდე ჰიბრიდულია. ჯიშები განსხვავდება ტაროს, მარცვლების ფორმით (მრგვალი, წაგრძელებული, ბრტყელი, დანაოჭებული, ზედა მხარე ჩაჭყლეტილი), ასევე ფერით (თეთრი, ყვითელი, მოწითალო, იისფერი, ცისფერი და სხვა). თქვენს ყანაში გამორეული წითელი სიმინდი, სავარაუდოდ, ქარმა, წვიმამ, ფრინველებმა, ან მწერებმა მოიტანეს და ასე, შემთხვევით დაიმტვერა თქვენი ყანა, ანუ ჯვარედინი დამტვერვა მოხდა. ჩამოთვლილი ჯიშებიდან საქართველოში არსებობს მოწითალო, მოიისფრო, ჩვეულებრივი, კბილებიანი და ბუშტარა სიმინდი, რომელიც სხვადასხვა ფორმისაა - წვეტიანი, წაგრძელებული ან მომრგვალებული. როგორი ფერისაც უნდა იყოს, სიმინდი სიმინდია. მოიხმარეთ როგორც თეთრი, ისე წითელი.


რა იწვევს ღვინის გასქელება-გალორწოიანებას და რა ეშველება ასეთ ღვინოს?
ლევან წეროძე, ქუთაისი


- გალორწოიანებული ღვინის გამოსწორების გზები არ არსებობს, შეიძლება მხოლოდ პროცესის შეჩერება. ამისთვის გამოიყენება გოგირდის შემცველი კალიუმის ბისულფატი. ეს ნივთიერება უნდა გახსნათ ღვინოში - 10 გრამი 100 ლიტრ ღვინოზე.
გალორწოიანების მიზეზი ღვინის შესანახი ჭურჭლის უსუფთაობაა. ცუდად გარეცხილ ჭურჭელში მოთავსებულ ღვინოში იბუდებენ გალორწოიანების გამომწვევი ბაქტერიები. ეს დაავადება ძირითადად ვრცელდება დაბალალკოჰოლიან და დაბალი მჟავიანობის ღვინოში.
გალორწოიანების თავიდან ასაცილებლად ჭურჭელი ზედმიწევნით კარგად უნდა გარეცხოთ და ღვინის ჩასხმამდე შიგ დააბოლოთ გოგირდი.

ყოველწლიურად ვკრეფ ლეღვს და მისგან არაყს ვხდი. იქნებ მომაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ლეღვის ხისა და მისი ნაყოფის შესახებ. მინდა, გავაშენო მცირე ლეღვის პლანტაცია (დაახლოებით 100 ძირი) და სამომავლოდ უფრო მეტი არაყი გამოვხადო.
დათო ჩიქოვანი,
სოფელი მუხური


- ლეღვის კულტურა უხსოვარი დროიდან მოდის. დიდია მისი ნაყოფის კვებითი ღირებულება, ის შეიცავს შაქარს (75%), პექტინს - (5%), მჟავებს (ლიმონმჟავას, ვაშლის მჟავას, ბორმჟავას) - 1%. ამასთან, შეიცავს C, B2, A ვიტამინსა და ბევრ მიკროელემენტს. ლეღვისგან მზადდება ჯემი, მურაბა, ჩირი, კომპოტი. მისგან ღვინოსაც აყენებენ, ხდიან არაყს. ჩრდილში გამშრალი ლეღვის ფოთლების ნახარში ხალხურ მედიცინაში ფაღარათის დროს გამოიყენება. ამავე დანიშნულებით იყენებენ ფესვის ნახარშსაც. ეს სუბტროპიკული კულტურაა და ცივ ზამთარსა და დიდ ყინვას ვერ უძლებს. 15 გრადუს ყინვაზე იყინება.

ლეღვი ამონაყრით, კალმით და იშვიათად, მყნობით მრავლდება. დაფესვიანებულ კალმებს შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში იღებენ. კალმებად იყენებენ ერთწლიან ნაზარდს. კალმებს სარდაფში განთავსებულ სველქვიშიან ყუთებში ინახავენ. გაზაფხულზე სათბურში რგავენ და დაფესვიანებული გადააქვთ მუდმივ ადგილზე. ეს ყველაფერი სათბურის გვერდის ავლითაც შეიძლება, მაგრამ დაფესვიანების პროცენტი დაბალი იქნება. ხის სხვლა საჭირო არ არის, მხოლოდ ხმელ ტოტს აცლიან. ლეღვი ირგვება 8X8 მეტრზე, 6X4-ზე, ან 5X4-ზე - ჯიშისა და დასარგავი ადგილის გათვალისწინებით. ყოველ 100 ცალ მდედრობით ძირს შორის 6 მამრობითი ძირი ირგვება. მამრობით ძირს თესლი გადააქვს. უთესლო ლეღვი ჩირად არ ვარგა.

რომელი ჯიშის შეუწამლავი ვაზის გაშენება ჯობს ზემო იმერეთში?
გოგა აბულაძე


- თუ მაინცდამაინც ე.წ. უწამლო ჯიშის ვაზი გნებავთ, დარგეთ ყველაზე პოპულარული და ნაცადი - ადესა, ანუ იზაბელა. არც ბევრი მოვლა უნდა და უხვ მოსავალსაც იძლევა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები