ფორმულა ახალი კაკლის ტყისთვის
17-03-2014
ფორმულა ახალი კაკლის  ტყისთვის
დაე, იშრიალონ კაკლის ხეებმა, ანუ 10 მილიონი ძირი 10 წელიწადში

გაზეთის წინა ნომერში საგურამოელმა დავით ჭილაშვილმა ტყისა და ადამიანების გადარჩენის საკუთარი მოსაზრება გაგვაცნო. სოფლის პრობლემებზე მას ბევრი აქვს ნაფიქრი. ამჯერად კიდევ ერთ მოსაზრებას გვაცნობს, რომელიც ისევ ტყეს ეხება, კერძოდ კი მის გაახლება-გაძლიერებას...


- იდეა მაქვს, საქართველოს ტყეებში *10 მილიონი ძირი კაკალი დაირგოს. როგორც ვიცი, ეს 20-იან წლებში ნოე ჟორდანიას უნდოდა. შემდეგ ამაზე შევარდნაძეც ფიქრობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. რატომ არ შეიძლება,
რომ ახლა გაკეთდეს და მოსავლელად სოფლელ გლეხს გადაეცეს, იმანაც მოუაროს და შემდეგ ნაყოფი გამოიყენოს? 

- როგორ წარმოგიდგენიათ 10 მილიონი კაკლის გაშენება?
- 10 მილიონი ძირი 10 წლის განმავლობაში უნდა გაშენდეს, ანუ ყოველ წელს თითო მილიონი. ეს უამრავი სამუშაო ადგილიც არის, ხალხი დასაქმდება... არც ნერგი ღირს
ძვირი, 2-3 ლარად შეიძლება შოვნა. ასევე, შესაძლებელია ნერგის გამოყვანაც.

საქმე ასე უნდა დაიწყოს: ტყეებში მოსუფთავდეს ადგილები, სადაც კაკალი მასობრივად გაშენდება. ამით, პრაქტიკულად, ტყის შეცვლა მოხდება. ანუ უნაყოფო ხის მაგივრად დაირგვება ნაყოფიერი. ეს თუ გაკეთდა, სოფელში, ტყის პირას, სახერხი შეიძლება გაიმართოს უნაყოფო ხის დასახერხად. ესეც სამუშაოა და გლეხისთვის - შემოსავალი. ფიცარი და ხეტყის მასალა დღეს ოთხჯერ ძვირია, ვიდრე ადრეულ წლებში იყო. ამ პროექტის განხორციელება ორჯერ გააიაფებს ხეტყეს, თანაც შეშა და ხის მასალა გვექნება. 

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ კაკალს საკმაო შემოსავლის მოტანა შეუძლია.

- ეს პროექტი არცთუ ადვილი საქმეა...

- ადვილი არ არის, მაგრამ თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებთ, 3-4 წლის შემდეგ პირველ მოსავალსაც მივიღებთ. აგრეთვე რუსეთის, თურქეთისა და სხვა ბაზრებზეც გავიტანთ. ხალხი წელში გაიმართება, ეს საშვილიშვილო საქმეა!

- კაკლის ნერგის მიღება, როგორც ვიცი, ძნელი საქმეა...
- არც ისე. საუკეთესო ჯიშის კაკლის ნაყოფი უნდა ჩადო მიწაში ^6-8 სანტიმეტრზე, მოსანიშნად ჩხირი ჩაურჭო და მერე ცოტა წყალი დაასხა. მანამდე სასურველია ნიადაგში ნაკელის შეტანა. მე თვითონ გავზარდე ასე კაკლის ხე. ჩათესვა აპრილის დასაწყისშივეა სასურველი. ზაფხულში მის გარშემო ამოსული ბალახი უნდა მოსუფთავდეს, რათა ჩრდილმა არ შეაწუხოს. ასე მშვენივრად ხარობს და იზრდება.

ჩემი 10 წლის კაკლიდან 140 კგ ჩამოდის... თან არ დაგავიწყდეთ, ჰექტარზე 400 ძირი კაკალი ირგვება.

ლალი ფაცია
neliko
17 ივლისი 2018 21:23
ისე ძალიან მიკვირს რატომ არ დარგეს ჩვენმა წინაპრებმა უფრო მეტი კაკალი თუნდაც ყოფილიყო კაკლის ტყეები არ მოვიდოდა თუ ახლაც არაა გვიან ჩვენს მომავალს ხომ ექნებათ ქუჩებშიც ხომ შეიძლება დაირგას 5 6 წელიწადში უკვე ნაყოფი ექნება როგორ მიყვარს კაკლის ჩრდილი და ნაყოფი
ინგა
12 თებერვალი 2016 12:05
ტყე რომ არ გაიჩეხოს საქართველოში მიტოვებული და ცარიელი ადგილების მეტი რა არის. სხვა ერის ხალხს ვჩუქნით მიწებს. ტყის გაჩეხვა რომელ "ჭკვიანს" მოუვიდა აზრად.
juliagulia
11 თებერვალი 2016 04:24
იდეა კარგია,მაგრამ არანაირი ტყეების გაჩეხა, ეს მიტოვებულ სოფლებში უნდა მოხდეს, მოითვალეთ რამდენი მიტოვებული სოფლებია დიდძალი ტერიტორიებით, ყველამ თავის ნაკვეთში დარგან და მოუარონ, ტროტუარების გასწვრივ , ტყეებში მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, არანაირი ხე ტყის მოჭრა , ეს ეკოლოგიურად ძალიან საშიშია, შევავსოთ ის ადგილები სადაც კი მოჭრილია ტყე,ამით ძალიან სასიკეთო საქმე გაკეთდება , თანაც უკვე შემოტანილია კაკალი ,რომელის ძალიან მალე იძლევა მოსავალს და თან თხილივით რამოდენიმეა ერთ ბუდეში, წარმატებები ყვ ელას ეს შეუძლია სამეგობროებმა , სამეზობლოებმა და სოფელმაც კი ერთად გააკეთოს , შემოსული თანხით ბევრი სიკეთის გაკეთება შეიძლება , თუნდაც სოფლის Aაღორძინება,რა ჯობია გაივლი სოფელში და ირგვ;ლივ არაჩვეულებრივი ჩრდილია,მიდით ხალხო ამის გაკეთება არ არის ძნელი მოწადინება და ლოდინი

რედაქტორის რჩევით