საქართველო სეტყვას "შეიარაღებული" დაუხვდება?! - კვირის პალიტრა

საქართველო სეტყვას "შეიარაღებული" დაუხვდება?!

ახალი სისტემები დიდ ფართობს დაიცავს, ხოლო ბადეები - ცალკეულ ნაკვეთებს

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. მიჩნეულია, რომ ყოველ დახარჯულ 1 დოლარზე მას 8 დოლარის სარგებელი მოაქვს"

"ჯერ ქართველი გლეხი უნდა გაძლიერდეს, რომ "ბადეების" შეძენა შეძლოს, რომელიც ათეულობით ათასი ლარი ჯდება. ინდივიდუალური სისტემა ქოლგასავით იშლება და იხურება და საეჭვო ღრუბლის წამოსვლისას ნაკვეთს სეტყვისგან იცავს"

"სეტყვის საწინააღმდეგო ძველი სისტემები მოიშალა და განადგურდა, თორემ მათი გამოყენება ახლაც შეიძლებოდა"

სეტყვა სტიქიურ უბედურებებს შორის იმით გამოირჩევა, რომ მთელი წლის სარჩოს წამებში ანადგურებს, დასეტყვილი ვენახი კი ერთ-ორ წელიწადს უნაყოფო ხდება. კახეთს სეტყვა თითქმის ყოველწლიურად აზარალებს, ამიტომ გლეხები იმედით შეხვდნენ ცნობას, რომ სახელმწიფო სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე იწყებს მუშაობას და რომ 20-მილიონიანი პროექტი ამ სტიქიისგან მიყენებულ ზარალს 85-95%-ით შეამცირებს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე თემურ მაისურაძის თქმით, ეს პროექტი სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელია.

- ჩვენი მოსახლეობისთვის სეტყვა დიდი პრობლემაა. მხოლოდ 2012 წელს სეტყვამ 11 ათასი ჰექტარი დააზიანა. 2013 წელს ეს ციფრი 400 ჰექტრამდე ჩამოვიდა, თუმცა არ ვიცით, რა იქნება წლეულს ან გაისად. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. მიჩნეულია, რომ ყოველ დახარჯულ 1 დოლარზე მას 8 დოლარის სარგებელი მოაქვს. გამოდის, თუ ამ საქმისთვის 20 მილიონს დავხარჯავთ, 160-მილიონიანი ეფექტი უნდა მივიღოთ.

- როგორც ვიცი, სეტყვის საწინააღმდეგო პირველი საბჭოთა სისტემები სწორედ საქართველოში ამოქმედდა.

- ეს სისტემები, ძირითადად, საქართველოსა და მოლდავეთს სჭირდებოდა, საქართველოს, უფრო მეტად. პირველი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა "ალაზანი-1" 1962 წლიდან ამოქმედდა, ხოლო ათი წლის შემდეგ - "ალაზანი-2M-1CT".

ჩვენმა მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შექმნასა და გამოცდაში. გაუმჯობესება და დახვეწა მუდმივად მიმდინარეობდა, ქართველი მეცნიერები და გამომგონებლები დღესაც მუშაობენ.

- როგორ მოქმედებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა?

- არსებობს ორი ტიპის. ერთი დარტყმის ტალღით (სეტყვის ღრუბელს შლის) ზემოქმედებს ატმოსფეროს იმ მონაკვეთებზე, სადაც სეტყვა წარმოიქმნება, ხოლო მეორე რეაგენტს აფრქვევს და სეტყვის ღრუბელს წვიმის ღრუბლად გარდაქმნის. ერთი რაკეტა 350-500 დოლარი ღირს. საქართველოში რაც მეტად გაიზრდება ვენახების ფართობი, (მევენახეობა  ხომ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგად არის აღიარებული), შესაბამისად, გაიზრდება ხარჯებიც და ის ფართობებიც, რომელთა სეტყვისგან დაცვა გახდება საჭირო. თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების შედეგიანობა მაღალია. ის საშუალოდ 1კვმ-ზე 1,5კგ დატვირთვას უძლებს. თუმცა, როგორი კარგი სისტემაც უნდა იყოს, ბევრი რამ დამოკიდებულია მისთვის დასმულ კონკრეტულ ამოცანასა და დასაცავ ტერიტორიაზე - მაგალითად, მოლდავეთში შესაძლოა ერთი ტიპის კონსტრუქცია იყოს უფრო ეფექტიანი, საქართველოში კი სულ სხვაგვარი. შედეგი დამოკიდებულია ღრუბლების წარმოქმნის სიმაღლეზე, ადგილმდებარეობაზე, განლაგებაზე.

- უცხოეთში წარმატებით იყენებენ ე.წ. ბადეების სისტემასაც. რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოში მისი გამოყენება?

- ინდივიდუალური სისტემები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აქვთ, მაგრამ იქაური მეურნეებიც უფრო შეძლებული არიან. სეტყვის საწინააღმდეგო პერსონალური სისტემა თავისით იკეცება და იხსნება, მიწის პატრონმაც უკეთ იცის საკუთარი საჭიროებები და სხვაზეც არ არის დამოკიდებული. დავუშვათ, მაქვს ვენახი, წარმოიქმნება ღრუბლები და არ ვიცი, დროულად აამოქმედებს თუ ვერა სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას. ამ დროს შემიძლია საკუთარი სისტემა გამოვიყენო. ამიტომ მომავალში, ალბათ, ჩვენს მოსახლეობაში "ბადეები" უფრო ფართოდ დამკვიდრდება. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური სისტემების დანერგვა უკეთესია, მაგრამ ჯერ ქართველი გლეხი უნდა გაძლიერდეს, რომ მათი შეძენა შეძლოს. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა: ოჯახმა ნაკვეთისთვის ერთი სისტემა რომ შეიძინოს, ათეულობით ათასი ლარი დაუჯდება. ინდივიდუალური სისტემა ქოლგასავით იშლება და იხურება და საეჭვო ღრუბლის წამოსვლისას ნაკვეთს სეტყვისგან იცავს. ახალი ვენახები ამ სისტემების გათვალისწინებით უნდა გაშენდეს და ნელ-ნელა ქართველი გლეხების ნაკვეთები ამგვარი "ქოლგის" ქვეშ მოექცეს.

- გლეხმა როგორ უნდა გაიგოს სეტყვის ღრუბლის მოახლოება?

- მოწინავე ქვეყნებში მცირე მეტეოსადგურები კონკრეტულ ადგილს ადევნებენ თვალყურს და როგორც კი სეტყვის ღრუბელი წარმოიქმნება, მოსახლეობას ატყობინებენ. ღრუბლის ფორმირებას დრო სჭირდება და გონიერმა მეურნემ ამ დროით უნდა ისარგებლოს.

- დასასრულ, შეიძლება თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო ძველი სისტემების გამოყენება?

- ძველი სისტემები მოიშალა და განადგურდა, თორემ მათი გამოყენება ახლაც შეიძლებოდა. თუმცა ახლები უფრო რენტაბელურია. ჩემი ინფორმაციით, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში", დაპროექტდა და დამზადდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - 18 ათას ჰექტარს ერთი დანადგარი იცავს. ახლა მისი გამოცდა მიმდინარეობს. ქართველი გამომგონებლები ამ მხრივ არავის ჩამორჩებიან, ჩვენც ვზრუნავთ, რომ მათ იდეებს ხორცი შეესხას, რადგან ინოვაციების დანერგვას ამ დარგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე