"მარტი მიიწურა და მიწაც გვეძახის" - კვირის პალიტრა

"მარტი მიიწურა და მიწაც გვეძახის"

"თუ გლეხი გამრჯეა და გონიერი, სოფელი შიმშილით არ მოკვდება. შეიძლება საჭმლის გარდა სხვა ვერც ვერაფერი იშოვოს, მაგრამ ქალაქში  ხეტიალსა და ელიავას ბირჟაზე დგომას მაინც ასე სჯობია"

მარტი ჭირვეული თვეა, მაგრამ გლეხი ამას დიდად არ დაგიდევს, როგორც კი საშუალება მიეცემა, მიწის სამუშაოს ეძალება. მზის ამოსვლისას დაწყებული შრომა მამულს თვალის გადავლებითაც ეტყობა, - ზამთრის ნარჩენებისაგან დასუფთავებულ-გაკრიალებული ნაკვეთი, გასხლული და მოვლილი ვაზი, ხეხილი და ბარით ხელში ხნულში ჩამდგარი გლეხი - ეს სურათი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან ერთნაირია; თუმცა თესვის ვადა და ფორმა მხარეების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითად, ქართლში, სადაც შედარებით მცირემიწიანი ადგილებია, მცირე ზომის ხეხილის ნარგავებშიც კი თესავენ სიმინდსა და ლობიოს. დასავლეთში ერთად თესვას მაინც ერიდებიან.

მცხეთის რაიონის სოფელი ძეგვი მცირემიწიანია და გლეხიც თითოეულ გოჯს უფრთხილდება. სოფელს სარწყავი წყალი კარგა ხანია, არ აქვს, რაც, ფაქტობრივად, შრომის გაუფასურებას ნიშნავს, მაგრამ აქაურები მაინც ოჯახებით არიან გამოფენილი სამუშაოდ. არსენ ხუბაშვილის ნარგავებით სავსე მიწა შემოდგომაზე დაყრილი ნაკელით ისეა გაფუებული, რომ არსენი მომავალს იმედით შეჰყურებს:

- არაფერი სჯობია ორგანულ სასუქს. ერთხელ რომ დაყრი, მთელი 5 წელიც რომ არ შეიტანო სასუქი, მოსავალს მაინც მოგცემს; ქიმიური სასუქი კი ყოველ წელიწადს თუ არ შეიტანე, მოსავალი არ მოვა, თანაც 5 წლის შემდეგ მიწა იფიტება და უნდა დაასვენო. საუბედუროდ, ორგანულ სასუქს მთელ ქვეყანას ვერ გააწვდენ, ამიტომ ქიმიურ სასუქებს ვიყენებთ. გული არ მიშვრება, საკარმიდამო ნაკვეთში მაინც, ჩემი ოჯახის სამყოფი მარცვლეული თუ ბაღჩეული ორგანული სასუქით  რომ არ მოვიწიო.

- ამ მიწაზე ვაზიც გაქვთ და ხეხილიც.

- ეს ხელს არ უშლის, რომ ამ ნარგავებთან ერთად დავთესო სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, კომბოსტო... ჩვენ დიდი მიწები არ გვაქვს. ამიტონ ვაზებს შორის ლობიოს ვთესავ, მთავარია, ლობიო არ იყოს სარის ან მინდვრის. თორემ  იმხელა იზრდება, რომ ვაზს შემოეხვევა. არის დაბალი ჯიშები, მაგალითად, თეთრი, ჭრელი, წითელი... ვაზის მწკრივებში ნივრის დარგვაც შეიძლება. დასავლეთ საქართველოში სიმინდს ზოგიერთი სარის ლობიოსაც მიუთესავს ხოლმე - სიმინდი სარის მაგივრობას სწევს და ლობიო ზედ ეხვევა. დასავლეთ საქართველოში პომიდორს, კიტრსა და ლობიოს ვაზის რიგებშიც თესავენ ხოლმე.

- დასავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით, აქ წყალი ჭირს.

- ჩვენებური გლეხი გაზაფხულის პირს ჭოჭმანობს, შეუდგეს თუ არა მიწის დამუშავებას, მაგრამ მიწა რომ ეძახის? უკვე რამდენჯერ დაგვაბანინა ხელები გვალვამ. ყოველ წელიწადს ველით, რომ სარწყავ არხს მთავრობა გაგვიმართავს და ბოლოს მაინც ღვთის იმედად ვრჩებით. ჩვენთან ძირითადად ჩინური ხარობს და გვალვას შედარებით უძლებს, ზოგჯერ ის ერთადერთია, რაც გვალვის შემდეგ შემოდგომამდე მიგვყვება. თუ არ დაგვეზარა და ჭიას არ შევაჭმევინეთ, კარტოფილის მოყვანაც შეიძლება, აქ ბევრს წლიდან წლამდე მიჰყვება საკუთარი კარტოფილის მარაგი. თუ გლეხი გამრჯეა და გონიერი, სოფელი შიმშილით არ მოკვდება. შეიძლება საჭმლის გარდა სხვა ვერც ვერაფერი იშოვოს, მაგრამ ქალაქში  ხეტიალსა და ელიავას ბირჟაზე დგომას მაინც ასე სჯობია. თუ ოდესმე გვეღირსა და სარწყავი წყალი მოგვცეს, მაშინ მართლა არაფერი გაგვიჭირდება.

- თქვენს ნაკვეთში ხეხილიდან პირველად რომელი აყვავდება?

- ჩვენთან, ნაკვეთშიც და ტყეშიც პირველად შინდი ყვავის.  ნათქვამია, ზამთრის ძილიდან გამოსულმა დათვმა აყვავებულ შინდს შეხედა, გახარებული ხის ძირში წამოგორდა, - აწი აღარაფერი მიჭირს, ეს მალე მოისხამს და ვჭამო. მაგრამ შინდის მოსხმას საშველი არ დაადგა და შიმშილით მოკვდა. ასე რომ, ყველაზე ადრე აყვავებული შინდი ყველაზე ბოლოს ისხამს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დათვისგან განსხვავებით, გლეხმა ჭკუა უნდა მოიხმროს და ყველა სახეობის  ხილი გაახაროს...