"სოფლის მეურნეობაში ცოდნა დაიკარგა" - კვირის პალიტრა

"სოფლის მეურნეობაში ცოდნა დაიკარგა"

"გვაქვს ვაშლის ნერგი, რომელიც სიმაღლით ორ მეტრზე მეტი არ იზრდება და თანაც, ძალიან მოსავლიანია. ამ ვაშლის ხის ქოთანში, სახლის პირობებში გახარებაც შეიძლება"

"აქცენტი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე უნდა გავაკეთოთ. თორემ ვერც სიმინდის წარმოებით გავეჯიბრებით სხვა ქვეყნებს, ვერც ხორბლის და ვერც ბოსტნეულის"

"ბევრს უნდა, საკუთარი ხელით მოიწიოს მწვანილი, კიტრი და პომიდორი... კორპუსის ბინაში, აივანზეც შეიძლება პატარა ბაღის გაშენება. ზოგს აივანიც არა აქვს და მინიატიურული ბოსტანი ფანჯრის რაფაზე აქვს გაშენებული"

"საპატრიარქოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პატრიარქს შეხვედრა სურდა.  უწმინდესმა დიდი სურვილი გამოთქვა, ადამიანები მობრუნებოდნენ მათ მასაზრდოებელ ბუნებას და რომ საზოგადოებაში ამის პროპაგანდა იყო საჭირო. პატრიარქის სურვილი იყო, შექმნილიყო პროგრამა ამ მიზნის ხელშესაწყობად. დღეს ამ პროგრამის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი, რომელიც ძალიან მახარებს, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯია".

პატარა ბაღნარი თბილისის შუაგულში და ათასნაირი მცენარე ინტერნეტსივრცეში - მარიამ ზედგინიძემ სოფლის მეურნეობის მრჩეველ-კონსულტანტობით დაიწყო, შემდეგ კი მიხვდა, რომ დადგა დრო, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკულად გამოეყენებინა. ქალაქის ქუჩაზე ჭიშკარს რომ შეაღებთ, ურბანისტული გარემოსთვის უჩვეულო, ზღაპრულ მწვანე გარემოში აღმოჩნდებით.

მარიამ ზედგინიძე, ორგანული სოფლის მეურნეობის სპეციალისტი: "ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ეს იყო სტუმრობა პატრიარქთან. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში ჩემი ამოცანა ფერმერებისა და გლეხებისთვის საგანმანათლებლო მუშაობა იყო. ქალაქის მოსახლეობასაც ვთავაზობდით რჩევებსა და ცნობებს ბიომეურნეობის შესახებ. რუსთავში ავამოქმედეთ მცირე მებოსტნეობის პროექტი, რომელშიც 400 ოჯახი იყო ჩართული და იმ ნაკვეთებს დღემდე ამუშავებენ. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან და მითხრეს, რომ პატრიარქს ჩემთან შეხვედრა სურდა. ცოტა დავიბენი...

შეხვედრისას უწმინდესმა დიდი სურვილი გამოთქვა, ადამიანები მობრუნებოდნენ მათ მასაზრდოებელ ბუნებას და რომ საზოგადოებაში ამის პროპაგანდა იყო საჭირო. პატრიარქის სურვილი იყო, შექმნილიყო პროგრამა ამ მიზნის ხელშესაწყობად. დღეს ამ პროგრამის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი, რომელიც ძალიან მახარებს, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯია.

- რას ურჩევდით მეურნეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს რას ფიქრობთ იმ საკითხებზე?

- დღესაც იმ აზრის ვარ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველი უნდა იყოს არა მსხვილი ფერმერული მეურნეობები, როგორც დიდი სავარგულების მქონე ქვეყნებშია, არამედ მცირე ბიომეურნეობები.

ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. უნდა განვავითაროთ მცირე მეურნეობები და კოოპერატივები, სადაც გლეხები თავიანთი მცირე სავარგულებით გაერთიანდებიან. იმავდროულად, აქცენტი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე უნდა გავაკეთოთ. სხვაგვარად ვერც სიმინდის წარმოებით გავეჯიბრებით აშშ-ს, ვერც ხორბლის წარმოებით უკრაინასა და რუსეთს და ვერც თურქეთს - ფაქტია, დღემდე საქართველოში მომხმარებელი დიდწილად თურქულ ბოსტნეულს მიირთმევს.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ სოფლის მეურნეობაში ცოდნა დაიკარგა. დღეს, ფაქტობრივად, გლეხი აღარ გვყავს. ათწლეულების განმავლობაში კოლმეურნეობამ გლეხი მუშად გადააქცია. კომუნისტები მოითხოვდნენ, გლეხს აგრონომებისა და ეკონომისტების ნება-სურვილი შეესრულებინა და მაშინდელი სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკას მიჰყოლოდა. საბოლოოდ ცუდი შედეგი მივიღეთ - დღეს გლეხებს აქვთ სავარგულები, მაგრამ ვერ უვლიან. რა თქმა უნდა, ყველაზე ეს არ ვრცელდება და მახარებს, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა გლეხობის ნაწილი, გამჭრიახი ადამიანები, ვინც სოფლის მეურნეობას ალღო აუღო.

მცირე მეურნეობა არ უნდა იყოს მონოკულტურაზე დამოკიდებული. მაგალითად, თუ სეტყვამ ვენახი დაგიზარალა, უნდა გქონდეს სხვა მიმართულება, რომელიც ამ წაგებას გააბათილებს. ბიომეურნეობის არსი სწორედ მრავალფეროვნებაა. მემცენარეობასთან ერთად, ეს შეიძლება იყოს მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა. მაგალითად, მეხილეობაში ერთობ გონივრულია კენკროვანების მოყვანა, რაც ჩვენთან, ძირითადად, სამოყვარულო დონეს არ სცდება. არადა, აღმოსავლეთ საქართველოში დიდი მოცულობით ჟოლოს მოყვანა შეიძლება. აღარაფერს ვამბობ დასავლეთზე, სადაც მრავალი სახეობის კენკროვანებისთვის საუკეთესო გარემოა.

გლეხმა სამუშაოს დაგეგმვა უნდა ისწავლოს. არსებობს გლეხის შრომის კალენდარი, რომელიც მთელ წელიწადზეა გაწერილი. ამ კალენდარში ძალიან კარგად ჩანს ე. წ. ფანჯრები, როცა გლეხი, შეიძლება ითქვას, საქმის გარეშეა დარჩენილი. ეს ფანჯრები აუცილებლად უნდა შეავსონ ან განსხვავებული კულტურის მოვლით, ან მეფრინველეობა-მეცხოველეობით, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანთ.

- რატომ გადაწყვიტეთ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის თავის დანებება და მიწასთან შეჭიდება?

- სხვისთვის რჩევების მიცემა ახალგაზრდობაში უკეთ გამოგდის. მხოლოდ სიმწიფის ასაკში ხვდები, რომ თავად უნდა აკეთო ის, რასაც სხვას ურჩევდი. ასეა ევროპის ქვეყნებშიც - 40-ს რომ გადასცდებიან, მრჩევლები საკუთარი ფერმერული მეურნეობების მოწყობას იწყებენ. თეორიული ცოდნით მუშაობის, საქართველოს ყველა კუთხის მონახულებისა და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, ძალა პრაქტიკაშიც მომესინჯა. სხვებს თუ ვასწავლიდი, უცხოეთიდან როგორ გამოეწერათ სათესლე მასალა, როგორ გაეხარებინათ და მოევლოთ მცენარისთვის, რატომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი თავად გამეკეთებინა? ქალაქში საკუთარი სახლი გვაქვს, სულ რაღაც 120 კვმ ეზოთი, მაგრამ ამ ფართობზეც შესაძლებელია დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების გაშენება, ყვავილების ბოლქვების გამრავლება, ნერგების გამოყვანა. გავხსენი ინტერნეტმაღაზიაც, სადაც მებაღეობის საჭირო საშუალებების დიდი არჩევანია, მათ შორის ბიოპრეპარატები და შრომის იარაღები.

სამწუხაროდ, სასოფლო-სამეურნეო იარაღები უცხოეთიდან შემოგვაქვს, საქართველოში თოხსაც არ ვაწარმოებთ. ადრე იყო თოხისა და სხვა სამუშაო იარაღის სამჭედლოები, ახლა კი ბაზარზე მხოლოდ შედუღებული იარაღები იყიდება, რომლებიც მოხმარებისას ტყდება.

- ქალაქელები დაინტერესდებიან ინტერიერის მცენარეებით, მაგრამ ბაღჩეული კულტურები, შრომის იარაღები და ბიოპრეპარატები რამდენად დააინტერესებთ?

- უპირველესად ისინი აქტიურობენ, ვისაც ეზოიანი სახლი, აგარაკი ან თუნდაც აივანი აქვს. ძალიან ბევრს უნდა, საკუთარი ხელით მოიწიოს მწვანილი, კიტრი და პომიდორი. სხვებისთვის მიწაზე მუშაობა საუკეთესო განტვირთვაა. კორპუსის ბინაში, აივანზეც კი შეიძლება პატარა ბაღის გაშენება, სხვადასხვა მცენარის გახარება. ზოგს აივანიც არა აქვს და მინიატიურული ბოსტანი ფანჯრის რაფაზე აქვს გაშენებული. მეტსაც გეტყვით, გვაქვს ვაშლის ნერგი, რომელიც სიმაღლით ორ მეტრზე მეტი არ იზრდება და თანაც, ძალიან მოსავლიანია. ამ ვაშლის ხის ქოთანში, სახლის პირობებში გახარებაც შეიძლება. მთავარია, მცენარეებს ბუნებასთან მიახლოებული გარემო შეუქმნათ. საქმეს ორგანული სასუქები აადვილებს, რომელთა წყალობით შინ მოსავლის მოყვანა სანიტარიული ნორმების დაურღვევლად შეიძლება.

- ეგზოტიკურ მცენარეებზე დიდი მოთხოვნაა?

- სუბტროპიკულ მცენარეებს ინტერიერისთვის ბევრი ახარებს. დიდია მოთხოვნა პაო-პაოს ხეზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში კარგად ხარობს. სხვათა შორის, პაო-პაომ კარგად გაიხარა კახეთში და პირველ შედეგს წლეულს ველოდებით. ეგზოტიკური და უნიკალური ხეა ტიბეტური გოჯი. ამ მცენარეში ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც არც ერთ სხვა მცენარეში არ გვხვდება. საინტერესოა მარწყვის ნერგი, რომელსაც უნარი აქვს, მთელი წლის განმავლობაში მოგვცეს მოსავალი.

ძალიან ვფრთხილობ უცხოეთიდან თესლების შემოტანისას და ჰიბრიდებიც არ შემომაქვს, რომელიც ადამიანის ჩარევით, ხელოვნური დამტვერვით არის გამოყვანილი, ლაპარაკი ზედმეტია გენეტიკურად მიღებულ სათესლე მასალაზე. მინდა, გლეხი კვლავწარმოებად ჯიშებს დაუბრუნდეს, თავად მიიღოს სათესლე მასალა. ჰიბრიდები ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ისინი სათესლე მასალად აღარ გამოდგებიან. ეს გლეხებისთვის ჩიხია, რასაც აუცილებლად უნდა დააღწიონ თავი.