კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

შველის თუ არა ლობიოს ქილაში ჩაყრა და პლასტმასის სახურავის დახურვა?

ანა ბექაური

- საქმე ის არის, რომ ლობიოს მემარცვლიას ხოჭო ბოსტანში ყვავილობის პერიოდში ჩნდება. ის იკვებება გვირგვინის ფურცლებით, ყვავილის მტვრით და როგორც კი პარკები გამოინასკვება,M დედალი ხოჭოები მასზე კვერცხებს დებენ. გამოჩეკილი მატლები მარცვალში ძვრებიან და შიგნით გადიან ჭუპრობის ფაზას. ამ პერიოდში ისინი მარცვლის გულს ხრავენ და მის ადგილას რჩება თხელი აპკი, რომლის გარღვევაც ზრდასრულ ხოჭოს არ უჭირს. ასე რომ, ხოჭო ჭუპრის სახით უკვე იმყოფება მარცვალში და პლასტმასის სახურავის დაფარება არაფერს შველის.

სხვათა შორის, ამ უსიამოვნო მოვლენის საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალებაა ლობიოს მარცვლების გამორჩევისთანავე დამდუღვრა ან წამოდუღება. ამ შემთხვევაში ჭუპრი იღუპება და ცხადია, ვეღარც ხოჭო გამოფრინდება.

მინდა დავთესო სოია. მაინტერესებს, ეს კულტურა ნიადაგს ფიტავს თუ ანოყიერებს?

ანი სვანიძე, მცხეთა

- ყველა სახის პარკოსანი მცენარე, მათ შორის სოია, ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. უფრო ხშირად სოიას თესავენ სიმინდსა და მზესუმზირასთან ერთად, რითაც საგრძნობლად იზრდება ამ კულტურათა მოსავალი.

როდის შეიძლება თხილის, კერძოდ, ბერძნულას ჯიშის დარგვა?

ამირან ქვათაძე, ქართლი

- თხილის დარგვისთვის საუკეთესო დროა შემოდგომა-ზამთარი, სანამ ყინვა დაიწყება. პლანტაციის გასაშენებლად ჯობს წინასწარ გამოყვანილი, 3-წლიანი ნერგების დარგვა. სტანდარტული ნერგების გამოსაყვანად ფესვის ამონაყარებს აცლიან და სანერგეში ზრდიან, სადაც კარგად უვითარდებათ ფესვთა სისტემა.

დარგვის წინ ფესვებს ავლებენ ნაკელსა და თიხის ემულსიაში (წყალხსნარში: 1 წილი ნაკელი და 1 წილი თიხა). ყოველ ორმოში შეაქვთ 10 კგ გადამწვარი ნაკელი, 300 გ სუპერფოსფატი და 150 გ აზოტი, რომელსაც წინასწარ ურევენ ნიადაგის ზედა ფენიდან ამოყრილ მიწას. ნარევის ნაწილს ყრიან ორმოს ფსკერზე, ნაწილს კი უყრიან დარგვის დროს. დარგვის შემდეგ აუცილებლად რწყავენ, რაც იძლევა გახარების 100%-იან გარანტიას.

თხილის დარგვის პერიოდს ჯიშთან კავშირი არა აქვს!

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაცია დაწყებულია და როგორც შევიტყვეთ, ამისთვის ორი ეტაპია გასავლელი. რა ეტაპებია ეს და რა საბუთებია საჭირო რეგისტრაციისთვის?

გიორგი კანდელაკი

- კოოპერატივი ჯერ უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ანუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამ დროს აუცილებელია დაინტერესებული პირის განცხადება/დამფუძნებელთა შეთანხმება, აგრეთვე, მომსახურების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მეორე საფეხურია კოოპერატივის სტატუსის მიღება, რისთვისაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოთ. სააგენტოში უნდა წარადგინოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კოოპერატივი ფლობს (ან სარგებლობს) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან სხვა ქონებას, საჭიროა დოკუმენტი, რომლითაც საკუთრების (ან სარგებლობის) უფლებებს დაადასტურებს; საჭიროა ასევე კოოპერატივის წესდება.  წესდების ტიპური ფორმა ატვირთულია საჯარო რეესტრის საიტზე.

მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივში სამი წევრი მაინც უნდა იყოს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე, სულ ცოტა, ხუთი წევრი. კოოპერატივის წევრობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობს და ფლობს პაის. ერთ მეპაიეს კოოპერატივის მართვაში ერთი ხმის უფლება აქვს, იმის მიუხედავად, რა ქონებით შევა გაერთიანებაში.

ამბობენ, აბუსალათინს მწერი არ ეკარებაო, ამიტომაც მინდა ჩემს ბაღშიც ვახარო. იქნებ გვითხრათ, სად შეიძლება ამ მცენარის ნერგის ან თესლის შეძენა?

მარიამ გოგოჭური, რუსთავი

- აბუსალათინის გამრავლება პრობლემა არ არის. მას დედაქალაქის გამწვანებაში, Mგაზონებზე ხშირად შეხვდებით. თითოეული ძირი საკმაოდ ბევრ ნაყოფს ივითარებს (შესაბამისად, თესლს). არ შეიძლება, თქვენს რაიონში ვინმეს ეზოში არ ჰქონდეს აბუსალათინი.

ეს მცენარე დღეს ძალიან პოპულარულია. ამიტომ შეგიძლიათ თესლი რომელიმე თქვენს ნაცნობს გამოართვათ, ვისაც ეზოში ეს კულტურა აქვს. მისი შეძენა ყვავილების მაღაზიაშიც შეგიძლიათ და ბაზრობაზეც, ყვავილების თესლით მოვაჭრეებთან.

არსებობს თუ არა რაიმე წამალი  ქვეწარმავლების გასანადგურებლად?

გოჩა ბერულავა, სამტრედია

- ქვეწარმავლებში,  ალბათ, გულისხმობთ გველს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.

ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სახეობის გველი, რომელთაგან მხოლოდ ოთხი სახეობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველგესლა: კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.

თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათთვის თავდაცვის საშუალებაა!