"შხამქიმიკატების გადაჭარბებული გამოყენება ტრადიციული სენია"
31-03-2014
"შხამქიმიკატების გადაჭარბებული გამოყენება ტრადიციული სენია"
გლეხს ჰგონია, რაც მეტი რაოდენობით შხამქიმიკატს გამოიყენებს, უკეთესად დაიცავს მცენარეს

"პესტიციდის დარეგისტრირების შემდეგ იმპორტიორს უფლება აქვს, ხუთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე შემოიტანოს მცენარეთა მოვლის საშუალება"

საქართველოში მხოლოდ ერთ აკრედიტებულ ლაბორატორიას შეუძლია პესტიციდების კვლევა და ისიც მხოლოდ შეზღუდული დასახელებების


გლეხებისა თუ ფერმერებისგან ხშირად გაიგონებთ, მცენარეთა მოვლის საშუალებებმა, წამლობის ნაცვლად, მოსავალი და ნარგავები დაგვიზიანაო. მიზეზად შხამქიმიკატების დაბალი ხარისხი მოჰყავთ და წუხან, რომ ადგილობრივი ბაზარი ამ თვალსაზრისით დაუცველია. ვის ევალება იმპორტირებული თუ
ადგილობრივი წარმოების პესტიციდების ხარისხის კონტროლი და რა კეთდება მომხმარებელთა დასაცავად - ამ და სხვა კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.


ზურაბ ლიპარტია, ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი: "პესტიციდები კონტროლდება მათი რეგისტრაციისას. მთელ მსოფლიოში ასეა. ნებისმიერი პესტიციდის საქართველოს ბაზარზე შემოტანამდე იმპორტიორი მას არეგისტრირებს. რეგისტრაციის პროცედურები განსხვავებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი
პროდუქციისა და ე.წ. მესამე ქვეყნებიდან შემოტანილისთვის. პესტიციდის დარეგისტრირების შემდეგ იმპორტიორს უფლება აქვს, ხუთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე შემოიტანოს მცენარეთა მოვლის საშუალება.

დღეს საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 650 სხვადასხვა დასახელების პესტიციდი იყიდება - ევროპული, ამერიკული და ე.წ. მეორადი (შედარებით დაბალხარისხიანი), ანუ თურქული, ჩინური და ინდური წარმოების. რა თქმა უნდა, ისინი განსხვავდებიან ფასითაც. ე.წ. მეორადი პრეპარატები ნაკლებად გაწმენდილია, ვიდრე ევროპული და ამერიკული. მაგრამ პრეპარატების ძირითადი მაჩვენებელი - მოქმედი ნივთიერებების პროცენტული შემადგენლობა ორივეში ერთნაირია.

- როგორ კონტროლდება საქართველოში მათი ხარისხი?

- სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აწყობს პესტიციდების ხარისხის მონიტორინგს - ბაზარზე შესყიდული ნიმუშები ლაბორატორიულად მოწმდება. თუმცა კვლევის მასშტაბები დამოკიდებულია ლაბორატორიის შესაძლებლობაზე, კერძოდ,  რამდენი სახის პესტიციდის შემოწმების შესაძლებლობა აქვს მას. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ერთ აკრედიტებულ ლაბორატორიას შეუძლია პესტიციდების კვლევა და ისიც მხოლოდ შეზღუდული  დასახელებების. ბაზარზე წარმოდგენილი ყველა პესტიციდის საკვლევად ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მულტიტესტი, ეტალონები, ტექნოლოგიები, რაც ძალიან ძვირია.
ბოლო წლებში ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა დაბალი ხარისხი, სადაც პესტიციდი სტანდარტს არ შეესაბამებოდა. ასეთი შემთხვევა გვქონდა აჭარასა და სიღნაღში. დასკვნა შემდეგ ფინანსურ პოლიციას გადავუგზავნეთ. ცხადია, ასეთი პრეპარატი ვერ დაიცავს მცენარეს მავნებლებისა და დაავადებებისგან. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პესტიციდებს გლეხები მეტწილად არასწორად იყენებენ.

მცენარეთა მოვლის საშუალებები ეფექტიანია დაავადების გაჩენამდე, ან მავნებლის შესევის განსაზღვრულ ფაზაში. სამწუხაროდ, ამ წესს ჩვენი ფერმერებისა და გლეხების უმეტესობა არ იცავს და პესტიციდს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა დაავადების სიმპტომები უკვე აშკარაა. ასეთ შემთხვევაში ამა თუ იმ მავნე ორგანიზმის მიმართ პრეპარატი არაეფექტიანია.

ასევე ხშირია შემთხვევები, როცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არ იცავენ პესტიციდის ეტიკეტზე მითითებულ ვადებს, დოზებს. რატომღაც ჰგონიათ, რაც მეტი რაოდენობის შხამქიმიკატს გამოიყენებენ, უკეთესად დაიცავენ მცენარეებს, ნარგავებს. პირველ ჯერზე ამას მართლაც შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, მაგრამ შემდეგ მავნე ორგანიზმი ამ კონკრეტული პესტიციდის მიმართ გამძლეობას გამოიმუშავებს და მასზე ეს საშუალება აღარ მოქმედებს. ასეთ დროს გლეხები პრეპარატის დოზას აორმაგებენ, რაც დაუშვებელია. შხამქიმიკატების დაუშლელი ნარჩენები ხვდება პროდუქციაში, რომელსაც შემდეგ მომხმარებელი მიირთმევს. ამიტომ უპირველესად ამ სფეროში ცოდნის ამაღლებაა საჭირო.

- მოხმარებისთვის უვარგის პესტიციდებს, აღმოჩენის შემდეგ, სად ანადგურებენ?

- საინტერესო ფაქტს გეტყვით. საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, პესტიციდების გამოყენების თვალსაზრისით, საქართველო პირველ ადგილზე იყო. საქართველო და მოლდავეთი იყო ექსპერიმენტული ქვეყნები, სადაც ინტენსიურად იყენებდნენ პესტიციდებსა და ქიმიკატებს. იაღლუჯაზე არსებობდა პესტიციდების გასანადგურებელი სამარხი, რომელიც დაიხურა. ახლა იმპორტიორებს იმდენი პესტიციდი შემოაქვთ, რამდენსაც გაყიდიან. ამიტომ, თუ უვარგისი პროდუქცია გამოვლინდება, ის მცირე რაოდენობითაა და ბაზრიდან ნაშთები თავად იმპორტიორებს გააქვთ. სხვათა შორის, კანონი არეგულირებს ქვეყანაში მხოლოდ პესტიციდების და აგროქიმიკატების ბრუნვას, ხოლო საშიში ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა არ რეგულირდება.

- გამოდის, რომ გლეხები და ფერმერები დიდწილად მაინც იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად რჩებიან.

- ბოლო დროს სავაჭრო ქსელები, სადაც მცენარეთა მოვლის საშუალებები იყიდება, თავად არიან დაინტერესებული, მათ დახლებზე არ მოხვდეს ცუდი პრეპარატი. მიზეზი მარტივია - ამ შემთხვევაში ისინი მომხმარებელს კარგავენ.

- საქართველოში თუ აწარმოებენ შხამქიმიკატებს?
- ჩვენთან მხოლოდ სპილენძის სულფატს, ანუ შაბიამანს აწარმოებენ და, რა თქმა უნდა, ამ პრეპარატსაც ვამოწმებთ. მიმდინარე წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით შხამქიმიკატების ასამდე ნიმუშის აღება და შემოწმება გვაქვს დაგეგმილი.
დავით გეგეჭკორი
03 აპრილი 2014 00:07
მინდა შევახსენო ბატონ ლიპარტიას, რომ საქართველოში იწარმოეება მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები. რომლებიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ზოგადად გარემოსთვის!

რედაქტორის რჩევით