როგორ ვაწარმოოთ ბიოთაფლი - კვირის პალიტრა

როგორ ვაწარმოოთ ბიოთაფლი

ბოლო პერიოდში ფუტკრის მოშენებით დავინტერესდი. რამდენიმე ოჯახიც გავიჩინე. შევიტყვე, რომ მთავრობამ დაამტკიცა თაფლის ბიოწარმოების წესები. საინტერესოა, როგორია მოთხოვნები ბიოთაფლის წარმოებისთვის?

ჯემალ გოგბერაშვილი

გვესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ლაფერაშვილი:

- ფუტკრის ოჯახი ბიოწარმოებაზე რომ გადავიყვანოთ, საჭიროა მისი საკვები ტერიტორიის ბიომეთოდებით მართვა - შედეგად ვიღებთ ბიოკულტურებს, ველური მცენარეების ყვავილის მტვერსა და ნექტარს.

ბიომეთოდებით მართვა გულისხმობს:

სკები საკმარისი მანძილით უნდა იყოს დაცილებული ისეთი წყაროებისგან, რომლებმაც შეიძლება მეფუტკრეობის პროდუქტი დააბინძურონ ან მავნე გავლენა მოახდინონ ფუტკარზე. ამასთან, სკის გარშემო 3 კმ-ის რადიუსში სხვა მეურნეობებიც ბიომეთოდებით უნდა იმართებოდეს, ან  წარმოადგენდეს ველურ, ბუნებრივ ტერიტორიას.

სკების ველურ გარემოში განთავსებისას ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მწერების პოპულაციას. სკები და მეფუტკრეობაში გამოყენებული დამხმარე საგნებიც, ძირითადად, ბუნებრივი მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული.

პროდუქტის ამოღების სეზონის დასასრულს, გამოსაზამთრებლად ფუტკარს სკაში თაფლის მარაგი და მტვერი უნდა დარჩეს.

არახელსაყრელი კლიმატური პირობების ან სხვა მიზეზით წარმოქმნილი დროებითი დეფიციტის ასაცილებლად, ფუტკრისთვის საკვებად გამოიყენება ბიომეთოდით წარმოებული თაფლი, შაქარი ან შაქრის ბადაგი. ხელოვნური კვება დასაშვებია თაფლის ბოლო ამოღებიდან და ნექტრისა და ცვარტკბილის მოგროვებამდე 15 დღის განმავლობაში.

ფიჭის შეცვლა აუცილებელი არ არის, თუ სკაში მანამდე არ გამოუყენებიათ აკრძალული ნივთიერებები.

დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების აღების დროს ფუტკრების განადგურება ფიჭაში, თაფლის გამოწურვა ისეთი ფიჭისგან, რომელიც შეიცავს ფუტკრის ბარტყს; თაფლის ამოღებისას უნდა შემცირდეს კვამლის გამოყენება. შესაბოლი საშუალებები უნდა იყოს ბუნებრივი...

ფუტკრის მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად, სამკურნალოდ დაშვებულია რძემჟავას, მჟაუნმჟავას, ძმარმჟავას, ჭიანჭველმჟავას, გოგირდის, ბუნებრივი ეთერზეთების (მაგალითად, მენთოლი, ევკალიპტი, თიმოლი, ქაფური), ორთქლისა და ცეცხლის ალის გამოყენება. თუ ეს ზომები შედეგს არ გამოიღებს, დაშვებულია ვეტერინარული სამკურნალო-თერაპიული საშუალებებიც, ოღონდ უპირატესობა ფიტოთერაპიულ და ჰომეოპათიურ საშუალებებს უნდა მიენიჭოს.

იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ქიმიური სინთეზით მიღებული სამკურნალო საშუალებები, მეფუტკრეობის პროდუქტებს ორგანულის სტატუსი აღარ ექნება. ცვილი მთლიანად უნდა შეიცვალოს ორგანული ცვილით.

ლალი ფაცია