ყურძნის ბაზრობა საუკუნეზე მეტი ხნის წინ - კვირის პალიტრა

ყურძნის ბაზრობა საუკუნეზე მეტი ხნის წინ

ეს ფოტო  XIX  საუკუნის II ნახევრით თარიღდება. საქართველოში  ყურძნის ბაზრობას რომ ძველი დროიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამის თვალსაჩინო მაგალითი ქუთაისში გადაღებული ეს ფოტოცაა. აქ აღბეჭდილია ახლომახლო სოფლებიდან ყურძნის გასაყიდად ჩამოსული გლეხობა, რომლებსაც ჭირნახული საგანგებოდ ყურძნისთვის მოწნული გოდრებით აქვთ ჩამოტანილი -  ქართველ გლეხს არ ესწავლებოდა, რომ ყურძენი მოწნულ ჭურჭელში "სუნთქავს" და არ ხურდება.

ისტორიულ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხის ჩაცმულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათი გვიან შემოდგომითაა გადაღებული. ეს გასაკვირი არც არის, რადგან დასავლეთ საქართველოში არაერთი ვაზის ჯიში გვიან მწიფდება და, ცხადია, გვიან შემოდგომით იკრიფება.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ძველ საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობოდა ყურძნისა და ღვინის ტრანსპორტირებას - თუ ღვინო დიდ მანძილზე იყო გადასატანი, რუმბებს ხავსს გადააკრავდნენ, რომელსაც დროდადრო წყლით ასველებდნენ და  ღვინოც გრილდებოდა.  ქართლის ცნობილი სოფლის, ხიდისთავის მცხოვრებნი საოცარი მოხერხებულობით გამოირჩეოდნენ - თავიანთ განთქმულ ღვინოს - "ხიდისთაურს" რუმბებში ჩაასხამდნენ, ჩაუშვებდნენ მტკვარში და თბილისამდე ამგვარად მოაცურებდნენ გასაყიდად...

გიორგი ბარისაშვილი