კითხვა-პასუხი
31-03-2014
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

ჩემს ეზოში კურკისგან ვაშლატამას ნერგი აღმოცენდა. გაიხარა, იყვავილა და ნაყოფიც დაისხა, თუმცა ვერ დამწიფდა. იქნებ მითხრათ, რა უნდა გაკეთდეს, რათა ნაყოფი დამწიფდეს?

მალვინა მირცხულავა, ჩოხატაური, სოფელი ამაღლება

- კურკისგან აღმოცენებული თქვენი ვაშლატამა კულტურული ჯიში არ არის. ხშირად კურკისგან ამოდის საძირე, რომელზეც დამყნილი იყო ატამი. გირჩევთ, შეცვალოთ კულტურული ჯიშით, რომლის ნერგი არც ძვირია და არც იშვიათობა. მიაკითხეთ სანერგე მეურნეობას,  სადაც შეგირჩევენ საუკეთესო
ნერგს, გაგისხლავენ და აგიხსნიან, როგორ უნდა დარგოთ.

ნაზამთრალმა ოთახის ყვავილებმა მოიწყინეს, დასუსტდნენ. მირჩიეთ, როგორ გამოვაცოცხლო, როდის გამოვუცვალო ქოთნებში მიწა, ან რა სასუქი გამოვიყენო?
თამარ თიკურიშვილი, თბილისი


- ოთახის მცენარეთა მოწყენას ბევრი მიზეზები აქვს: ნიადაგის გამოფიტვა, არარეგულარული რწყვა, რომელიმე მინერალური ნივთიერების ნაკლებობა, გადაჭარბებული რწყვა, ჰაერის გამოშრობა,
ტემპერატურა და სხვ.
შეეცადეთ, მცენარეები განალაგოთ შესაფერის ადგილას განათების, ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით. მცენარეთა დიდ ნაწილს არ "უყვარს" მზის პირდაპირი სხივები, ზოგს, მაგალითად, კაქტუსებს, უმზეობა უჭირთ. ოთახში ჰაერის გამოშრობის შემთხვევაშიც შეიძლება მცენარეებმა მოიწყინონ. ამიტომ საჭიროა ჰაერში წყლის გაფრქვევა. თუ მცენარეს საიდანმე ცივი ჰაერი უბერავს, ამ შემთხვევაშიც მოიწყენს.

ნაკვეთში მინდა კაკალი ვახარო, მაგრამ არ ვიცი სათესლე კაკალი როგორ მოვიპოვო. მასწავლეთ, როგორ მოვიქცე?
ტარიელ ბუხრაძე, კახეთი

- ხე, საიდანაც სათესლე კაკლის მოკრეფას აპირებთ, უნდა იყოს სრულიად საღი, კარგად განვითარებული და უხვმოსავლიანი, ნაყოფი - თხელნაჭუჭიანი. მრუდეღეროიანი, დაავადებულ-დაზიანებული და ფუღუროიანი ხისგან თესლის შეგროვება უაზრობაა. ნაყოფი უნდა იყოს მწიფე და ადვილად სცილდებოდეს წენგოს (იკროლებოდეს).
სათესლე კაკალი უნდა გაშრეს ღია ფარდულის ქვეშ ლასტებზე ან იატაკზე დაყრილი 8-10 სმ სისქის ფენად, რომელსაც დროგამოშვებით ურევენ.

სათესლე კაკალი უნდა ინახებოდეს სათავსში, სადაც ჰაერის ტენიანობა 50-60%-ია, ტემპერატურა კი 50ჩ-მდეა. დათესვამდე 2-3 დღის განმავლობაში კაკალს წყალში ალბობენ.
კაკლი ითესება: ბარში, დაბალ ადგილებში - მარტში, მთიან ადგილებში - აპრილში. შეიძლება შემოდგომითაც ფოთოლცვენის შემდეგ (ნოემბერში) დათესვა, მაგრამ შესაძლოა, მღრღნელებმა დააზიანონ ნათესი. შემოდგომით კაკალი შეგიძლიათ ჩათესოთ ხის ყუთში ან ვედროში, რომელშიც ფხვიერი და ქვიშაშერეული, ნოყიერი, ტენიანი მიწაა. ითესება 8-10 სმ სიღრმეზე წიბოზე დაწვენით (კაკლის ნაყოფს ორ მხარეზე გააჩნია გამოზნექილი ადგილი - წიბო).


ბროწეულის ხე სამ სხვადასხვა ადგილას მაქვს დარგული. ყველა ძირი ისხამს, მაგრამ ნაყოფი კაკლისოდენაა, მეტად ვერ ვითარდება. მირჩიეთ, რა გავაკეთო ნაყოფის გასაუმჯობესებლად?
ლავრენტი უტიაშვილი, გურჯაანი


- თქვენი ბროწეული ან კულტურული ჯიშის არ არის, ან არ დგას შესაფერის სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 800მ-მდე), ანდა შესაფერისად ვერ უვლით. ასეა თუ ისე, ან უნდა დაამყნოთ რომელიმე საუკეთესო ჯიშზე: გიულოშა, სალავათური, ყაზახე ანორი, შახ-ნარი, ყზილ-ანორი, ყირმიზ ყაბუხი, შირინ-ნარი, ბალა-მოყრსალი, კაი-აჩიკ-ანორი, აკ-დონა კრახუნა, ნაზიყ-ყაბუხი, აჩიკ-დონა და სხვ. ან საერთოდ შეცვალოთ. ჩამოთვლილი ჯიშები ყველა საუკეთესოა, სანერგე მეურნეობაში ნებისმიერის შოვნა შეიძლება. ერთი ასეთი მეურნეობა თბილისის ზღვის მიდამოებში, ლოტკინის დასახლებასთან გახლავთ.

მზესუმზირის ნარგავების ფესვებზე ჯგუფად იზრდება კელაპტარა და მათ აზიანებს.  როგორ განვკურნო მცენარე ამ მავნებლისგან?
ზაურ წიკლაური, დედოფლისწყარო,  ზემო ქედი


- კელაპტარა დიდად მავნე პარაზიტია, რომელიც სარეველა მცენარეებსაც კი ვნებს. საქართველოში არის 28 სახეობის კელაპტარა, რომლებიც სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლებს აზიანებს. მრავლდება თესლით. სახლდება პირდაპირ მცენარეთა ფესვებზე და იწოვს დედა მცენარისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებსა და წყალს. კელაპტარა სახლდება: კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს, პარკოსნების, ტუჩოსნების, ენდროსებრთა ოჯახის, რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენლების ფესვებზე. არსებობს კელაპტარას ნაკვეთიდან მოცილების საშუალებები, თუმცა რთული საქმეა. უპირველესად, თუ ამის საშუალება გაქვთ, ნაკვეთი შეცვალეთ. თუ სადმე კელაპტარა აღმოცენდება, მაშინვე მოსპეთ, რომ თესლი არ განივითაროს. არსებობს კელაპტარასადმი გამძლე მზესუმზირის ჯიშები. მოიკითხეთ და შეცვალეთ თესლი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით