მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე! - კვირის პალიტრა

მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!

დარგე შენი ხე!..

შენი ხელით გამოზარდე კედარი - 2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს კედრის ტყის გაშენებით აღნიშნავს!

ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ძალიან უყვარს მცენარეები, განსაკუთრებით მარადმწვანე კედარი მოსწონს. მოგეხსენებათ, ჩანართი "მამულ-დედული" სწორედ პატრიარქის სურვილით და ლოცვა-კურთხევით გამოდის, სწორედ ამიტომ "კვირის პალიტრამ" ამ მარადმწვანე მცენარის გამრავლება გადაწყვიტა პროექტით: "ერთად გავაშენოთ ტყე!" პროექტის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

კედარი ულამაზესი და ძლიერი ხეა, იზრდება 50-60 მეტრამდე. ამასთან, კარგად ხარობს კავკასიაში... მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარულია, თბილისსა და მის შემოგარენშიც შესანიშნავად ხარობს. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი.

14 აპრილს გაზეთის ნომერთან ერთად ჩვენი მკითხველი მიიღებს ქაღალდის პაკეტში მოთავსებულ ე.წ. ჰიმალაის კედრის თესლს, რომელსაც ქოთანში (ან სხვა ჭურჭელში, თუნდაც ჭიქაში) გაახარებს და ნერგს ერთი წლის განმავლობაში საგულდაგულოდ მოუვლის. შემდეგ ნომერში კედრის თესლთან ერთად შემოგთავაზებთ ინსტრუქციას, როგორ დავრგოთ და გავახაროთ კედარი...

2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" მკითხველებს ქოთანში გამოზრდილი კედრის ჩითილით მითითებულ ადგილას მოგიხმობთ, რათა კედრის ტყე გავაშენოთ და ამ საშვილიშვილო საქმეს საფუძველი ყველამ ერთად ჩავუყაროთ, მით უმეტეს, რომ ჰიმალაის კედარი 1000 წელიწადს ცოცხლობს.

საგანგებოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე  მკითხველი კედრის მწვანე ნერგს ღია გრუნტში გადაიტანს. ეს ყველაფერი კი ტყის, ჩვენი გარემოს განახლების, გაძლიერებისა და რა თქმა უნდა, გაჯანსაღების საქმეს ემსახურება.

ამ მნიშვნელოვან პროექტს მხარი დაუჭირა გარემოს დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობამ, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მან საჭირო რაოდენობის კედრის თესლით მოგვამარაგა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. სართიჭალის ამ მეურნეობაში  ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისა და ქალაქის გასამწვანებლად 2007 წლიდან წიწვოვანი, ფოთლოვანი და ბუჩქოვანი სარგავი მასალა გამოჰყავთ.

ჩვენ სანერგე მეურნეობას ვეწვიეთ და აგრონომიულ-ტექნოლოგიური სამსახურის უფროსს, ნუგზარ ღვალაძეს ვესაუბრეთ:

- თქვენმა მეურნეობამ "კვირის პალიტრის" წამოწყებას სიამოვნებით დაუჭირა მხარი და აქციისთვის - "ერთად გავაშენოთ ტყე", კედრის თესლი უსასყიდლოდ გადმოგვცა.

- პირიქით, მადლობას გიხდით, რომ საშუალება მოგვეცა ამ საშვილიშვილო პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ნებისმიერი იდეა, რაც ხალხისთვის, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, რა თქმა უნდა, ჩვენც გვახარებს. მისასალმებელია, რომ ასეთ კარგ საქმეს უყრით საფუძველს - საქართველოში უამრავი კედარი გაიხარებს და ტყის კორომიც შეიქმნება.

კარგია, რომ კედარი შეარჩიეთ, რადგან ის დედაქალაქსა თუ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში კარგად ხარობს. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხუთ წლამდე ნელა იზრდება, მერე კი მიდის და მიდის... მისი გამრავლება ჯანსაღ მომავალს განაპირობებს, ნათქვამია, "ტყე შეუნახე შვილებსაო" და ვცდილობთ, ჩვენც ასე მოვიქცეთ - მომავალ თაობებს ძლიერი ტყე დავუტოვოთ... მეამაყება, რომ თქვენთან ერთად ეროვნულ საქმეს ვემსახურები. მინდა ვთხოვო "კვირის პალიტრის" მკითხველს, რომელიც კედრის თესლს ქოთანში გაახარებს: ყურადღებით მოექცეს ნათესს, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მისი გახარება მარტივია და ყველას შეუძლია.

- თქვენს მეურნეობაზეც მოგვიყევით...

- აქ სატყეო ხეთა ჯიშები გამოგვყავს. ახლა ვფიქრობთ, დეკორატიული მცენარეების გამოყვანასაც მივყოთ ხელი.

- კონკრეტულად, რომელი ჯიშები გამოგყავთ?

- ფოთლოვანებიდან: წაბლი, იფანი, ფშატი, თხილი, აკაცია, კაკალი, საპნის ხე... წიწვოვანებიდან: შავი ფიჭვი, ელდარის ფიჭვი, კავკასიური ფიჭვი, აღმოსავლური ნაძვი, კედარი, კვიპაროსი...

სათესლე მასალა ბორჯომიდან მოგვაქვს, ზოგიერთი ხის თესლს კი უცხო ქვეყნიდანაც ვიძენთ. ჩვენი ფუნქციაა ტყის განახლება-აღდგენა, მეჩხერი ადგილების შევსება...

- დღეს ტყე სავსეა ხმელი ხეებით... მისი გასუფთავება თუ შედის თქვენს ფუნქციაში?

- ეს ჩვენი საქმე არ არის. თუმცა, ბორჯომის რეგიონში, როდესაც ომის დროს გადამწვარი ტყე აღდგა, ნერგის შეტანასთან ერთად გასუფთავების სამუშაოებსაც ვხელმძღვანელობდით. პირველ ჯერზე 17 ჰექტარი აღვადგინეთ, ახლა დანარჩენის აღდგენაც იგეგმება.

- როდის არის უკეთესი ნარგავის გამრავლება?

- გაზაფხულზე წიწვოვანი ხეები ითესება (როგორც ღია გრუნტში, ასევე, კონტეინერებში), შემოდგომაზე - ფოთლოვანები. კონტეინერში ჩათესვაც აპრობირებული მეთოდია, რადგან ასეთ დროს ფესვთა სისტემა დაცულია და მცენარე გადარგვითაც კარგად ხარობს.

- რამდენ ხანში აღმოცენდება თესლი?

- 20-25 დღე სჭირდება. წიწვოვანი ხეები ნელა იზრდება - წელიწადში 5-10 სანტიმეტრით.

P.S. მაშ ასე, დაველოდოთ 14 აპრილის "კვირის პალიტრას" და ჩვენი ხელით ერთად ჩავუყაროთ საფუძველი ჯანსაღ საქართველოს.

ლალი ფაცია