ყინვები საქართველოში - "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით" - კვირის პალიტრა

ყინვები საქართველოში - "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით"

აჭარაში მოთოვა, მაგრამ იქ უმეტესად ციტრუსოვანი კულტურებია გავრცელებული და ამიტომ მოსავალი არ დაზიანებულა

გასულ კვირას, გაზაფხულის თბილი ამინდების შემდეგ, ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად დაეცა და ღამით ყინვაც კი დაიჭირა. გაზაფხულისთვის უჩვეულო სიცივემ საადრეო ხეხილის ახალგამოტანილი კვირტები დააზიანა. გლეხებისა და ფერმერების წინასწარი შეფასებით, კახეთის რამდენიმე რაიონში ატმის ყვავილის 40% დაზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშლატამას მოსავლის პირველი პარტია. ყინვით მიყენებულ ზარალს ითვლიან ზემო აჭარაშიც, სადაც უამინდობამ ყვავილობაში მყოფი კაკალი, ტყემალი, ალუბალი, ატამი და ვაშლი დააზიანა.

კოტე ხუცაიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი: "პირველადი მონაცემებით, რომლებიც დაახლოებით ერთ კვირაში დაზუსტდება, ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ ნარგავები დაახლოებით 507 ჰექტარზე დააზიანა. ეს არის ნაკვეთები საგარეჯოს, მცხეთის, გორის, ქარელისა და კასპის რაიონებში. საუბარია ძირითადად კურკოვან კულტურებზე: ატამზე, გარგარზე, ნუშზე, ტყემალზე, ბალზე და სხვ. როცა კვირტი მოიყინება, რამდენიმედღიანი დაკვირვება გვაჩვენებს - დაზიანებული კვირტის რა რაოდენობა ჩამოცვივდება და რამდენი შერჩება ხეს, ამის მიხედვით საბოლოოდ დაზუსტდება დაზიანების პროცენტი.

წინასწარი მონაცემებით, ყინვამ უკვე აყვავებული ატამი გურჯაანსა და თელავში დააზიანა. ჩვენი სამინისტროს რაიონული კომისიების წარმომადგენლები ყველა შესაძლო დაზიანების ადგილას გადიან. მათი ინფორმაციით, ყინვას ამ რაიონებისთვის ზიანი არ მიუყენებია. საბედნიეროდ, არასასიამოვნო მოლოდინი არ გამართლდა. ატამს ძალიან სუსტი კვირტები ჰქონდა გამოტანილი. ხოლო ის რაც პირველადი დათვალიერებისას აღინიშნა, ყინვით მიღებული სტრესის შედეგია და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მოსავლიანობაზე საგრძნობლად აისახოს.

ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღე აკვირდებიან ნარგავებს და არ შემოსულა მონაცემები, რომ სადღაც მოსავალი ყინვების გამო 100%-ით განადგურდა. მომავალ კვირას მონაცემები კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, ხეხილის დაზიანების პროცენტი მცირედით გაიზარდოს, მაგრამ საგანგაშო არაფერი მომხდარა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გადავრჩით.

ბოლო წლებში ჩვენში საკმაოდ განვითარდა კურკოვანი ხეხილის წარმოების ტექნოლოგია და ჯიშების შერჩევა ყველა შესაძლო გარემოების, მათ შორის ტემპერატურის უჩვეულო ვარდნის გათვალისწინებით. წლების წინ თუ ფერმერებსა და გლეხებს ხეხილის ძირითადად ერთგვაროვანი ჯიშები ჰქონდათ გაშენებული, ახლა ნარგავები უფრო მრავალფეროვანია და გაიზარდა მათი ვეგეტაციის პერიოდი - საადრეო ჯიშებიდან საგვიანომდე. ყინვამ საფრთხე შეუქმნა საადრეო ჯიშების მოსავალს, რომლებიც ახლა ყვავილობენ, ხოლო ბევრი ნარგავი ჯერ არც აყვავებულა. ამის წყალობით, გადავურჩით იმ მოსალოდნელ შედეგს, რომელიც შეიძლებოდა ყინვას გამოეწვია.

- ერთწლიანი ნათესები ხომ არ დაუზიანებია ყინვას?

- საგაზაფხულო სამუშაოები, ფაქტობრივად, ახლა მიმდინარეობს. ხვნა-თესვა ზოგან შესაძლოა დასრულებულია, მაგრამ თესვის ძირითადი აგროვადები 20 აპრილამდე გრძელდება. ერთწლიანი კულტურების ყინვით დაზიანების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა. ამ კულტურების თესლი მიწაში, სახეობების მიხედვით, სულ მცირე 5-6 სანტიმეტრის სიღრმეზე ითესება და ყინვა არანაირ საშიშროებას არ უქმნის.

- მეურნემ რა უნდა მოიმოქმედოს, რომ აყვავებულ ხეხილს მოყინვის საფრთხე არ დაემუქროს?

- ყველა რაიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს საინფორმაციო სამსახური, ჰყავს წარმომადგენელი, რომლებიც სისტემატურად ხვდებიან გლეხებსა და ფერმერებს და კონსულტაციას უწევენ. არსებობს ე.წ. ნამჯის შებოლების მეთოდი, ხეხილისთვის განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმის შესაქმნელად. მაგრამ თუ ტემპერატურა მინუს 6-7 გრადუსამდე ეცემა, პრევენცია არ არსებობს, ეს უკვე სტიქიური უბედურებაა.

გასულ კვირას საქართველოში მეტეოროლოგები ღამით ბარში მინუს 4-5 გრადუს ყინვას ვარაუდობდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ბარში ტემპერატურა მინუს 2-3 გრადუსს არ ჩამოსცდენია.

აჭარაში მოთოვა, მაგრამ იქ უმეტესად ციტრუსოვანი კულტურებია გავრცელებული და ამიტომ მოსავალი არ დაზიანებულა. სამომავლო პროგნოზი კარგია, +16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი დღისით. ზოგ ქვეყანაში დღე-ღამის ტემპერატურული ამპლიტუდა საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ იშვიათობაა. ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადავლილია".