"ვისაც უნარი და შნო აქვს, ყველამ პირუტყვი ან ფრინველი მოაშენა"
07-04-2014
"ვისაც უნარი და შნო აქვს, ყველამ პირუტყვი ან ფრინველი მოაშენა"
"თუ თბილისის გარშემო მიწები გაიყიდა, მაშინ თელეთი პირუტყვის გარეშე დარჩება"

ბოლო ათწლეულებში მასობრივად გაუქმებული კიტრისა და პამიდვრის სათბურები გლეხებმა პირუტყვის დასაბინავებელ სადგომად გადააკეთა. თელეთელებს,  დედაქალაქის სიახლოვე გამოადგათ, - რძის ნაწარმის გატანა-გაყიდვა თუ პირუტყვის ვიტამინიზებული საკვების მიტანა გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. თელეთელმა შალვა ლალიაშვილმა გაუქმებული  სათბური  პირუტყვის სადგომად გადააკეთა და 12 სული ძროხა და ერთი სახედარი ჰყავს. 

- 78 წლის ვარ, ჩემი ასაკის კაცი, წესით, შინ წყნარად
უნდა იჯდეს და შვილიშვილებით ტკბებოდეს, მაგრამ მე რომ სახლში დავჯდე, არ გამოვა. გათენდება თუ არა, ძროხებს მოვწველი, სხვა თელეთელებივით დავიკავებ ჯოხს და ნახირს შავნაბადასკენ გავრეკავ. ღმერთმა ნუ  ქნას, თბილისის გარშემო მიწები გაიყიდოს, მაშინ თელეთი პირუტყვის გარეშე დარჩება. სოფელში, ვისაც უნარი და შნო აქვს, ყველამ პირუტყვი
ან ფრინველი მოაშენა და პროდუქტს დედაქალაქში ყიდის. მე ყველს ვყიდი. ზამთარში პირუტყვი ცოტას იწველება, ბალახი არ არის, რომ რძე ჩაუდგეს ან კიდევ მაკეობს. თუმცა, მაინც არა უშავს, დღეში 3-4 კილოგრამ ყველს მაინც ვყიდი. ჩვენი ყველი ძალიან გემრიელიც არის და ცხიმმოუხდელიც - ვინმე სულელმა ცხიმი კიდევაც რომ მოხადოს, მაინც არაფერი გამოუვა, - კონკურენციაა, კლიენტი სულელი ხომ არ არის, უგემური ყველი იყიდოს. ასე რომ, კილოგრამ ყველში ამჟამად ალალად 8 ლარს ვიღებთ. ზაფხულში   ბალახი ამოვა,  პირუტყვიც ბევრს მოიწველის და ფასიც დაიკლებს. ყველის გარდა, ზოგჯერ რძესაც ვყიდი,  ვისაც დამზადება შეუძლია, სულგუნსაც. 

- მაინც რამდენი იხარჯება თითო სული პირუტყვის შესანახად?

-  გარშემო სათიბი ძალიან ცოტაა, არხები დაშალეს, წყალი აღარ მოდის სოფლებში, ამიტომ თივაც ძვირი ღირს, - ერთი ცალი თივის პრესი 8-9 ლარი.  პირუტყვს ვიტამინიზებული საკვებიც სჭირდება, ტომარა 10 ლარი ჯდება. ასე რომ, ხარჯი დიდია, - ძროხა წესიერად რომ გამოკვებო, დღე-ღამეში 16 კილოგრამი თივა მაინც უნდა აჭამო. ზამთარში ჩემი 12 სული პირუტყვისთვის  700 პრესი მაინც მჭირდება, მაგრამ მისი ყიდვა ჩემთვის  წარმოუდგენელია. ამიტომ ბევრს არ ვყიდულობ და ზამთარია თუ ზაფხული, პირუტყვი საძოვარზე დამყავს, - ზამთარში ხეების ნედლი შტოებითაც კი იკვებებიან. აი, გაზაფხული კი ბედნიერი დროა, თუ წვიმა მოვიდა და ბალახი ამობიბინდა, დამატებითი საკვების ყიდვა აღარ გვჭირდება, რძეც ბევრი გვაქვს, ყველიც.

- როგორც ვიცი, თბილისის გარშემო წყალი ყველგან ჭირს, პირუტყვს კი ბლომად წყალი სჭირდება.
- მართალია, თბილისის გარშემო ყველგან წყლის გაჭირვებაა. გლეხებს ეგეც ძალიან გვაზარალებს - თელეთში  3-4 დღეში ერთხელ მოდის წყალი, ამიტომ ყველას, ვისაც პირუტყვი გვყავს, ეზო-კარი კასრებით გვაქვს ავსებული, მე 4 ცალი "ვანა" ვიშოვე და მიდგას, აბა, ამდენ პირუტყვს რა დავალევინო, დაგროვილი წყალი 3 დღე მყოფნის. გარდა ამისა, წყალი საქონლისა და მისი სადგომის დასასუფთავებლადაც მჭირდება. მოკლედ, ამ მხრივ დიდ გაჭირვებაში ვართ.

- სახედარიც გყავთ...
- სახედარი ძალიან მშრომელი პირუტყვია; საქონლის გარდა, ბოსტნებიც ხომ გვაქვს, ჰოდა, ამ ჩემს სახედარს დავტვირთავ ხოლმე ნაკელით, რომ მიწა გავანოყიერო. გარდა ამისა, შეშაა თუ ფიჩხი, ისიც ამ დალოცვილი სახედრით მომაქვს...

თელეთიდან რომ პირუტყვს გამოვიყვან და საღამოს უკან ავიყვან, გზაში 5-6 საათი მაინც მჭირდება. ეს ჩემი ასაკის კაცისთვის მძიმე ტვირთია. ისე, ახლა ახალგაზრდებიც ცდილობენ, პირუტყვი შეინახონ. ჩემი ვაჟი კი ჯერჯერობით ამ საქმეს ხელს არ ჰკიდებს, ჩემი იმედი აქვს და იმიტომ. მაგრამ მოვა დრო და როცა ნახავს, რომ ეს ყველაზე საიმედო შემოსავალია, ისიც ამ საქმეს გააგრძელებს. 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით