კითხვა-პასუხი
07-04-2014
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?


- სახლის სახურავსა და აივანზე, ფაქტობრივად, ყველა სახის მცენარის გაშენება შეიძლება, როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი და ხემცენარეებისა.  სახლის ბრტყელ სახურავზე ბაღის გაშენების პრაქტიკა დღევანდელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, რისთვისაც სახლის მშენებლობისას საჭირო მოწყობილობას ითვალისწინებენ. ჩვენს პირობებში ყველაფერი თავად უნდა მოიფიქროთ. მაგალითად, ხეები და ბუჩქები კარგად ხარობს ძველ, გამოუსადეგარ კასრებშიც,
ლითონისაგან შეკრულ კუბებში, ვედროებში, ხის ყუთებში და ა.შ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახურავზე ძლიერ აჭერს მზე და ლითონის ქოთნები, კუბები, კასრები და ა.შ. აუცილებლად თეთრად უნდა შეიღებოს. განსაკუთრებით საყურადღებოა მცენარეების წყლით მომარაგება - ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ აუცილებლად მორწყეთ და შეშრობისთანავე ნიადაგი გააფხვიერეთ.
ნიადაგად გამოიყენეთ ნეშომპალით მდიდარი მიწა. კასრს ფსკერი აუცილებლად გახვრეტილი და მდინარის კენჭებით მოხრეშილი უნდა ჰქონდეს. კასრიდან დაწრეტილი წყალი უნდა გროვდებოდეს სადგამში (ისე, როგორც ქოთნის მცენარეებში) და ზედ მიდუღებული მილით წყალი იღვრებოდეს სანიაღვრეში. სხვათა შორის, ერთი ძირი ვაზის ან ხემცენარის დასარგავად ძველი აბაზანაც გამოდგება, მას ხომ წყლის გამოსასვლელიც აქვს. მასში შეგიძლიათ მწვანილიც მოიყვანოთ. როცა სახურავზე ან აივანზე გასაშენებელ ხეებზეა ლაპარაკი, იგულისხმება ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეები. დარგვით კი შეგიძლიათ დარგოთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, თხილი და ა.შ. სახურავზე, თუ ამისთვის საკმარისი ფართობია, იმდენი ყურძნის მოყვანა შეიძლება, რომ ღვინოც დაწუროთ.
შესანიშნავი კოინდრის მოლის აბიბინება შეიძლება სახურავზე, თუ ორფსკერიან, ნებისმიერი ფორმის ლითონის ჭურჭელს შეაკვრევინებთ. ანდა შეიძლება სადგამი ლითონის იყოს და რაშიც მცენარე ითესება, ფიცრისგან შეკრული.

დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, მოგვითხროთ კარტოფილის პლანტაციის დაავადებებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაზე, როცა ყვავილობამდე მცენარე გადაიკრავს ჟანგისფერს, რაც ვრცელდება მთელ პლანტაციაზე და ყვავილობას უშლის ხელს.

- კარტოფილის იმ უამრავ დაავადებათა შორის, რაც დღეისათვის ცნობილია, საყურადღებოა 20-მდე ყველაზე გავრცელებული და განსაკუთრებით საშიში დაავადება.
ერთი უმნიშვნელო ნიშნით, რასაც თქვენ გვაწვდით, ძნელია დაავადების სახეობის დადგენა. სავარაუდოა, ეს იყოს ე.წ. ფიტოფტოროზი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

1. სათესლე ტუბერები გაღივდეს სინათლეზე და ამის შემდეგ გადაირჩეს. 20-25 დღის შემდეგ ტუბერებზე გამოჩნდება ფიტოფტოროზის ნიშნები - მუქი ფერის ლაქები.
2. გასაღივებლად ან დასათესად გადარჩეული ტუბერების შეწამვლა ხსნარით - 2 გ შაბიამანი და 10 გ კალიუმის პერმანგანატი ("მარგანცოვკა") გახსენით 10 ლ წყალში და 2 ლ შეასხურეთ 100 კგ კარტოფილს, ან მხოლოდ შაბიამანი  - 2 გ 10 ლ წყალზე.


როგორ მოვუაროთ წაყინვით დაზიანებულ ხეხილს?
მარიამ ფოჩხუა


- გაზაფხულის წაყინვები, არცთუ იშვიათად, ხეხილის ყვავილობის ფაზას ემთხვევა. წაყინვების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ბაღის დაბოლება. დასაბოლებელი მასალა (მაგალითად, ძველი საბურავები) ისე უნდა მოათავსოთ, რომ ბოლმა მთელი ბაღი მოიცვას. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ქარის მიმართულებაც. თუ საბურავები არა გაქვთ, მოუკიდეთ ჩამოცვენილ ფოთლებს, ნამჯას და ა.შ.
გვიანი გაზაფხულის წაყინვებისაგან თავის დასაღწევად საუკეთესო ხერხია მორწყვა. ამ დროს ნიადაგის ტემპერატურა ეცემა და კვირტის დაბერვა ყოვნდება. თუ ხეხილის ნაწილი მაინც წაგვეყინა, ხეები სათანადოდ უნდა გავსხლათ, მათი ასაკისა და წაყინვის ხარისხის მიხედვით. სუსტად დაზიანებული ერთწლიანი ნერგები ჩვეულებრივად გაისხვლება. მოიჭრება მოყინული წვერების ნაწილები, საშუალოდ და ძლიერ დაზიანებული ნერგები კი ისხვლება საღ მერქნამდე.

თუ ვეგეტაციის დაწყებისთანავე შტამბის ზედა ნაწილში განვითარებული კვირტები ჭკნობას დაიწყებს, ხოლო ქვედა კვირტები კარგად ვითარდება, მაშინ ყველა კარგად განვითარებული ყლორტი უნდა დატოვოთ და ზედა ნაწილი მოაჭრათ. შემდეგში აქედან ახალი ვარჯი განვითარდება.
გახსოვდეთ! ყველა მონაჭერ ადგილზე აუცილებლად წაუსვით ბაღის მალამო.

ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ კატას დაბანა არ სჭირდება, რადგან ის თვითონ იწმენდს ბეწვს. გვაინტერესებს სპეციალისტის აზრი ამ საკითხზე...

ქეთევან კვირკველია, ექიმი-ვეტერინარი:


- მართალია, კატა სუფთა ცხოველია, მაგრამ ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ის მაინც ბინძურდება. ამიტომ ყველას ვურჩევ, თავისი ფისო ორ თვეში ერთხელ მაინც დაბანოს. თუ წყლით ვერ დაბანთ, არსებობს სპეციალური მშრალი შამპუნი, რომლითაც მისი გაწმენდა შეიძლება. ის თმის მუსს ჰგავს, წაუსვამთ, შემდეგ ტილოთი კარგად გაწმენდთ და ფენით გააშრობთ. თუ თქვენი ფისო ხშირად გადის ქუჩაში, მაშინ მისი დაბანა აუცილებელიც კია. თუ კატა შინ გყავთ, კიდევ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, მაგრამ ცხოველი მაინც ცოდვაა, რადგან მისი კანის საფარველი წებოვანი ხდება და მასში უფრო ადვილად აღწევენ ბაქტერიები და პარაზიტები. სუფთა კატა უფრო მეტად არის დაზღვეული ავადმყოფობისაგან, ვიდრე ის, რომელსაც პატრონი არ ჰბანს და არ ასუფთავებს.

მეგობარმა მაჩუქა ციმბირული ჰასკი. გადავწყვიტე, სოფელში, დედ-მამასთან გავგზავნო. ამ ჯიშის ძაღლი გამოდგება კარ-მიდამოს დასაცავად?

გოჩა თვაური, კინოლოგიური სკოლა "ბალტოს" ხელმძღვანელი:

- ციმბირული ჰასკი გამოყვანილია ძაღლისაგან, რომელსაც ჩუქჩები გადაადგილებისთვის იყენებდნენ და მას მარხილში აბამდნენ. ჰასკი ძალიან მეგობრულია. შეიძლება კარგი მონადირეც იყოს, მაგრამ გამორიცხულია, რომ სახლი და ეზო დაიცვას. განსაკუთრებით კარგად ეგუება ბინას, ოჯახურ გარემოს. იყეფებს, გაგაგებინებს, რომ ვიღაც მოვიდა, მაგრამ არ შეაშინებს. ანუ სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს: როცა მარხილში აბამდნენ, სხვა ძაღლებთან ჩხუბს ხომ არ დაიწყებდა? ისინი აგრესიულები არ არიან და ძალიან უყვართ  ბავშვები.  ჰასკი ეზოს დასაცავად არ გამოდგება, თუმცა იმასაც გააჩნია, როგორ აღზრდით. თუ თქვენი ჰასკი უკვე დიდია, ხასიათს ვეღარ შეუცვლით, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ლეკვია, შეიძლება თქვენი სურვილისამებრ აღზარდოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით