"მრავლდებიან, როგორც კურდღლები"
07-04-2014
"მრავლდებიან, როგორც კურდღლები"
"ბოცვერს შეუძლია წელიწადში ბაჭიების 3-4 თაობა მოგვცეს"

ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული, საბჭოური შინშილა - გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ბოცვრის ამ ჯიშებს ამრავლებდნენ. ოფიციალური სტატისტიკით, 1975 წელს ჩვენს ქვეყანაში მებოცვრეობის 35 სანაშენე მეურნეობა და ფერმა არსებობდა. შემდეგ რაც მოხდა, ამის შეხსენება ზედმეტია. საწყენია, რომ მეცხოველეობის სხვა დარგებთან ერთად, მებოცვრეობა, ფაქტობრივად, დაიკარგა.

ლაშა გუჯარაიძე, ფერმერი: "სამი წელია, მებოცვრეობით "მოვიწამლე". ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ჩემს ძმას
მონადირე ძაღლი მოგვიკვდა, ძალიან განვიცდიდით და მეგობარმა ყურადღების გადასატანად ორი ბაჭია გვაჩუქა. იმ დროს ბოცვრების მოვლის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება დავიწყე. სულ მალე ორი ბაჭია 12 ბოცვრად იქცა. ბინაში ამდენ ბოცვერს ვერ დავატევდი, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის გალიები ავტოფარეხში მომეწყო. გავყიდე ავტომობილი და
იმ ფულით კიდევ რამდენიმე ბოცვერი, საკვები და გალიებისთვის აუცილებელი მასალა შევიძინე და მცირე ფერმა მოვაწყვე.

ბოცვრების პირველი დაყრის შემდეგ გადავწყვიტე, ბაჭიები გამეყიდა. სწორედ იმ დღეებში ზოომაღაზიაში შევედი, რათა მათთვის საკვები შემეძინა და შევესწარი, რომ ბიჭი გოგონასთვის საჩუქრად ზაზუნას ყიდულობდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ცოცხალი ბაჭიაც კარგი საჩუქარი იქნებოდა. შინ მისულმა ინტერნეტში განცხადება განვათავსე, რომ სულ რაღაც 10 ლარად სასაჩუქრე ბაჭიებს ვყიდდი. რამდენიმე საათში უამრავმა ადამიანმა დამირეკა. იყო შემთხვევა, როცა ერთდროულად ჩემს "ფერმა-ფარეხში" 2-3 მყიდველი ერთად მოდიოდა და თუ ერთი და იგივე ბაჭია მოეწონებოდათ, კამათს იწყებდნენ. სასაჩუქრე ბაჭიების შემდეგ დავიწყე ბოცვრების სელექციისთვის შეძენა და მოშენება. ახლა დაახლოებით 50 ბოცვერი და ბაჭია მყავს.

- ძირითადად რით კვებავთ ბოცვრებს?

- მცდარია გავრცელებული აზრი, რომ ბოცვერმა რაც შეიძლება მეტი კომბოსტო და სტაფილო უნდა ჭამოს. მეტიც - ამ ბოსტნეულის მათთვის მიცემა სამი თვის ასაკამდე აკრძალულია. ბოცვრის ძირითადი საკვები მარცვლეულია: ქერი, შვრია, ხორბალი, სიმინდი, ქატო და ასევე ხმელი ბალახი. საკვების შეზავებისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს შესაბამისი პროპორცია. ბოცვრების სწორი კვებისთვის ცხრილი მაქვს შედგენილი და თუ მომხმარებელი ჩვენთან ცხოველს მოსაშენებლად იძენს, კონსულტაციას უფასოდ ვუწევ. ბოცვერს ძალიან უყვარს სისუფთავე, ამიტომ მისი გალია ხშირად უნდა გაიწმინდოს. დაუშვებელია მისი გამოკვება სასურსათო ნარჩენებით. კვების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ამიტომ დილა-საღამოს ერთსა და იმავე დროს ჩამოვდივარ ფარეხში, რათა მათ საკვები და წყალი მივაწოდო.

- საშუალოდ, რამდენ ბაჭიას ყრის ერთი ბოცვერი?

- დედალი ბოცვრის მაკეობა 28-30 დღეს გრძელდება. ბოცვერს შეუძლია წელიწადში ბაჭიების 3-4 თაობა მოგვცეს. ჯიშს გააჩნია, ზოგი 4-5 ბაჭიას ყრის, ზოგიც 10-ს. ყოფილა შემთხვევა, როცა დედალ ბოცვერს 17 ბაჭიაც კი დაუყრია. დაყრის დროს მივხმარებივარ კიდეც, რადგან ამ დროს მშობიარე ცხოველი ბევრ წყალს სვამს და ხელშეწყობა სჭირდება.

შემდეგ ახალშობილ ბაჭიებს ვახარისხებ. მკვდარი ბაჭია აუცილებლად უნდა ამოაცალო კურდღელს, რათა სხვა ბაჭიებიც არ გააცივოს. მქონდა შემთხვევა, როცა ცალყურა ბაჭია დააგდო დედა ბოცვერმა, ახლა ის უკვე მოზრდილი კურდღელია. ბოცვერს ბაჭიები ბუდიდან პირით გამოჰყავს და, როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაუზიანა ცალი ყური. მაკეობის დროს ბოცვერს განსაკუთრებული მოვლა და ხელშეწყობა სჭირდება, ხშირად უნდა მივაწოდოთ ბალახი, ვაშლი და სტაფილო. სხვათა შორის, მაკე კურდღელი განსხვავებულად იქცევა: ხმელ ბალახს აგროვებს პირით და თავის სოროში შეაქვს, რაც ნიშნავს, რომ ბუდეს იმზადებს; პირით იპუტავს ბეწვს და მოაფენს ბუდეში, სადაც შემდეგ ბაჭიები უნდა მოათავსოს. ბეწვს დაყრის შემდეგაც იპუტავს და ბაჭიებს ზემოდან აფარებს. არ არის სასურველი ერთი ბუდიდან ბოცვრების ერთმანეთთან შეჯვარება, ამიტომ ცხრილი მაქვს შედგენილი, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია, ვინ ვისი შვილია, ვინ როდის ვისთან შეჯვარდა და ვინ რამდენი დაყარა. დროთა განმავლობაში ხდება ბოცვრების გადარჩევა და ახალი დედა ბოცვრის სადედე გუნდისთვის  შერჩევა. დანარჩენი კი სახორცე გუნდისთვის უნდა გაიზარდოს.

- რამდენად არის მოთხოვნა კურდღლის ხორცზე საქართველოში?
- დღეს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. საქართველოში მებოცვრეობის დიდი ფერმა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და, ძირითადად, მცირე მეურნეობებში აშენებენ.
ბოცვრის გაყინული ხორცი საქართველოში იმპორტით, ძირითადად, უკრაინიდან შემოდის. გაყინულ პროდუქტს, რომელმაც უნდა გაუძლოს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას, დაკარგული აქვს როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებები.A არადა, ბოცვრის ხორცი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის საკვებად მიღება რეკომენდებულია ყველა ასაკში, მათ შორის დიაბეტით დაავადებულისთვისაც. ბოცვრის გულ-ღვიძლი დელიკატესია და უკრაინაში 1 კილოგრამი 25 დოლარი ღირს. ჩვენთან კილოგრამი კურდღლის ხორცის ფასი 15-16 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბოცვრისგან ძალიან ბევრი სარგებლის მიღება შეიძლება. მაგალითად, მისი ქონი ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის დამწვრობის, გამონაყარის სამკურნალოდ. კურდღლის ბეწვი საკმაოდ ძვირად ფასობს. დასანანია, მაგრამ მას საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ ამუშავებენ, რომ არ არსებობს მიმწოდებელი, რომელიც საკმაო რაოდენობით მიაწვდიდა ნედლეულს ტყავის ქარხანას. სხვათა შორის, ბოცვრის გამომწვარ ნაკელს თევზის საკვებად იყენებენ და იქ, სადაც ბოცვრების დიდი ფერმა გაკეთდება, თევზის მოშენებაც სარფიანი საქმე იქნება.

საქართველოში ყველა პირობა არსებობს მეცხოველეობის ამ დარგის განვითარებისთვის, მაგრამ ფინანსური ხელშეწყობის გარეშე პატარა ფერმის მასშტაბის გაზრდა წარმოუდგენელია. რადგან დარგი განვითარებული არ არის, კომერციული ბანკები მისი დაფინანსებისგან თავს იკავებენ. მსხვილი სავაჭრო ობიექტები კი მზად არიან ფერმერისგან ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მისაღებად, ოღონდ სტაბილური მიწოდების პირობით. სტაბილური მიწოდება კი მხოლოდ დიდ ფერმებს შეუძლიათ. ასე რომ, ერთგვარი შეკრული წრე გამოდის, რომელსაც გარღვევა სჭირდება.
ლოკი
11 ივნისი 2016 16:50
სად სჰევიდზლინო ბოცვრები
გოგიტა
23 ოქტომბერი 2014 00:33
ლაშა კარგი ადამიანი ხარ ძმა მეც მივიღე შენსგან რჩევა და გამოცდილება... ზოგიერთს მებოცვრეობა გატაცება და ჰობი გონია მაგრამ ეს ასე ნამდვილად არარის... ყველას ვურჩევ გადახედოს სოფლის მეურნეობის დარგს და სწორად განსაზღვროს ტუ რაოდენ მომგებიანია ეს საქმე...

რედაქტორის რჩევით