აგროტურიზმი საქართველოსთვის მისწრებაა?! - კვირის პალიტრა

აგროტურიზმი საქართველოსთვის მისწრებაა?!

დამატებითი შანსი მცირე ფერმერებისთვის

"აგროტურიზმით  დასვენება შედარებით მცირე დანახარჯებს მოითხოვს. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს"

აგროტურიზმი მისწრებაა იმ მცირე მეურნეებისთვის, რომლებიც სავარგულების სიმცირის გამო კონკურენციას ვერ გაუწევენ არა მხოლოდ უცხოელ, არამედ საქართველოში მომუშავე ფერმერებსაც

საქართველოში ბოლო წლებში  უცხოელი ვიზიტორები, ძირითადად, მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ისტორიული და კულტურული ძეგლების მოსანახულებლად ჩამოდიან, თუმცა საქართველოს, როგორც აგრარული ტრადიციების ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა, აქ აგროტურიზმიც განვითარდეს.

რამდენიმე ტურისტული კომპანია და საოჯახო სასტუმრო  უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უკვე სთავაზობს აგროტურებს, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და იქვე, თონის თავზე, ახალამოყრილ შოთ-ლავაშთან ერთად დაგემოვნებას, ასევე - მწვადის შეწვასა თუ თაფლის ამოღებას. მაგრამ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდ შეიძლება აგროტურიზმის განვითარება, ამით კი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.

მარინა მეტრეველი, კავკასიაში საერთაშორისო ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, სასოფლო ტურიზმის ექსპერტი:

- აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის სახეობა,  XX  საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ჩამოყალიბდა. ლიდერი ქვეყნებია შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ.

აგროტურიზმს ზოგან სოფლის ტურიზმს, ფერმერულ ტურიზმს ან ბუნების ტურიზმს უწოდებენ. სოფლის ტურიზმი გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში, ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონე და მმართველი სოფლის მცხოვრებია. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს.

აგროტურიზმი იმით გამოირჩევა, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით შეიძლება. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, სწავლობენ ყველის ამოყვანასა თუ თონეში პურის ჩაკვრას. თუ სურთ, ტურისტები ნაციონალური კერძების მომზადებასაც ეუფლებიან. აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა.

- საქართველოში რა პერსპექტივა აქვს ამგვარ ტურიზმს?

- აგროტურიზმმა ჩვენთან უკვე მოიკიდა ფეხი. მომავალში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა მრავალფეროვანი ბუნების, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

თუმცა ამ სფეროში გვაქვს სისუსტეებიც. მთავარი სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამის მიუხედავად, თუ აგროტურიზმი განვითარდება, მცირე ფერმერებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ და მცირე ფერმერული მეურნეობა მომგებიან კომერციულ საქმიანობად აქციონ.

- მხოლოდ სურვილი არ იკმარებს...

- აგროტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა როგორც ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ისე ცოდნის ამაღლება.  არასამთავრობო სექტორის პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შექმნილია რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, რომლებიც დამსვენებლებს სწორედ აგროტურებს სთავაზობს. ჩვენი ორგანიზაციაც სასოფლო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის წევრია და ჩვენი მიზანია სოფლად მცხოვრებთა სასოფლო ტურიზმში ჩართვა. ფერმერებს უცხოელ სტუმართან საყველპურო საუბრისთვის ინგლისური ენის საბაზისო ლექსიკის სწავლაც გამოადგებათ. ზემო რაჭაში, ზემო სვანეთში, თუშეთსა და კახეთში მოვაწყვეთ უფასო ტრენინგები -  ფერმერებს ვუხსნიდით, როგორ ჩართულიყვნენ ამ მეტად საინტერესო საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო ტურიზმი ქვეყნიდან არალეგალურ მიგრაციასაც შეამცირებს, რადგან ქალბატონები აქვე დასაქმდებიან.

აგროტურიზმი მისწრებაა იმ მცირე მეურნეებისთვის, რომლებიც სავარგულების სიმცირის გამო კონკურენციას ვერ გაუწევენ არა მხოლოდ უცხოელ, არამედ საქართველოში მომუშავე ფერმერებსაც. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მილიონი მცირე ფერმერიდან, ალბათ, ყველა ვერ შეძლებს კომერციულ რელსებზე გადაწყობას. მართალია, კოოპერაციის განვითარება გაზრდის იმ მეურნეთა რიცხვს, რომლებიც ფეხზე მყარად დადგომას მოახერხებენ, მაგრამ დარჩებიან ისეთებიც, ვისაც თავის გატანა გაუჭირდება და აგროტურიზმი მათთვის, შესაძლოა, გამოსავალიც კი იყოს.

აგროტურიზმის სარგებელი

ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს,  ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, მაგრამ აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა. ბოლო მონაცემებით, ეს წელიწადში დაახლოებით *52.500 ევროა. მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლის 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმის წილად მოდის.