კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

რა აჩენს ვარდის ღეროებზე თეთრი ფიფქებივით ლაქებს? ამის გამო ბუჩქიც დაკნინდა და ყვავილიც შეილახა. რით ვუშველო?

გულნარა ჯანაშვილი, სიღნაღი

- ეს ნაცარია.  სოკოვანი დაავადება, რომელსაც გოგირდით უნდა ვუწამლოთ. არსებობს კოლოიდური გოგირდი, რომელიც წყალში იხსნება. 1%-იან შაბიამნის ხსნარში (ბორდოს ხსნარში) შეურიეთ გოგირდი და მიასხურეთ, დაავადების გამოჩენისთანავე შეიძლება  გოგირდის ფხვნილის შეფრქვევაც. პროცედურა ტარდება მზიან, უქარო ამინდში.

ეზოში (რაჭის ერთ-ერთ სოფელში) მომრავლდა თხუნელა. ფაქტობრივად, მთელი ეზო გადათხარეს. რა საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ ამ ცხოველს?

რევაზ სუთიძე, რაჭა

- ერთადერთი დანაშაული, რასაც თხუნელა სჩადის, ის გახლავთ, რომ ჭიაყელებს მიირთმევს, რაც გავლენას ახდენს ნიადაგის სტრუქტურაზე. არადა, მისი ძირითადი საკვები ჭიაყელებია, თუმცა სიამოვნებით მიირთმევს მაისის ღრაჭას მატლებს, მავთულა ჭიებს, სხვადასხვა ხოჭოს მატლებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს მეურნეობისთვის.

თხუნელა მსუნაგი ცხოველია, დღე-ღამეში თავისი წონის მესამედ საკვებს ჭამს. ეს დაახლოებით 60 გრამია. თუ ერთ ადგილას ვერ იშოვა საკმარისი საკვები, იწყებს სხვადასხვა ადგილას თხრას, შემდეგ კი განათხარის ზემოთ ამოყრას, რაც ცხადია, ბაღსა და ბოსტანში არასასურველია. რაც შეეხება მცენარეულ საკვებს, საერთოდ არ მიირთმევს და თუ მისი მიზეზით ბაღ-ბოსტანში ნარგაობა ზიანდება, ამას მხოლოდ გზის გაკვალვის დროს ფესვების გადაღრღნით "ახერხებს", რაც ნამდვილად არ გაუჭირდება - 44 კბილი აქვს.

თხუნელა მეურნეობისთვის სასარგებლო და უძვირფასესი ბეწვის მქონე ცხოველად არის მიჩნეული. თუ თხუნელის დაჭერა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სპეციალური ხაფანგები: ცოცხალმჭერი და სახსრიანი.

მაქვს 15 წლის ბზის ნარგავი. ჯერ არ გამისხლავს. როდის მირჩევთ მის გასხვლას?

ნანა ზაქარიაძე, თბილისი

- ბზას არ სხლავენ. შეგიძლიათ მისცეთ ფორმა: სფეროს, ცილინდრის, პირამიდის და ა.შ.