კოოპერატივი "კოლხოზი" არ არის
21-04-2014
კოოპერატივი "კოლხოზი" არ არის
"ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ფერმერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ნდობის არარსებობაა"

"დღეს 30 ქართველი ფერმერი იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებს, რამდენსაც ერთი ფრანგი"


25 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა. მათი საქმიანობის სფეროებია მარცვლეულის წარმოება, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, რძის გადამუშავება, სოკოს წარმოება, თხილის მოშენება, პროდუქციის შესანახი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.

კანონი კოოპერაციის შესახებ შარშან ზაფხულში დამტკიცდა, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნა-ამოქმედებას. დეკემბრიდან
კი გამოცხადდა კოოპერატივების რეგისტრაცია. თუმცა კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესი ჯერჯერობით ნელა მიმდინარეობს.

კოოპერატივებს კანონი ანიჭებს შეღავათებს მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით. აგრეთვე გათვალისწინებულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაც. ამის მიუხედავად, მეურნეები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან კოოპერატივში გაწევრების იდეას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ბარიერის გადასალახად სახელმწიფომ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია
უნდა გაშალოს და ყველა გლეხს აუხსნას, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კავშირის დროინდელ "კოლხოზთან".

რობინზონ ხუბულაშვილი, ეკონომიქსის საერთაშორისო სკოლის ექსპერტი: სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგომარეობა არასახარბიელოა. სოფლის მეურნეობაზე მოდის სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი და მშპ-ის მხოლოდ 9%. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი პროდუქტიულობაა. დღეს 30 ქართველი ფერმერი იმავე მოცულობის სამუშაოს ასრულებს, რამდენსაც ერთი ფრანგი. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ფერმერთა კოოპერირებაა.

პროდუქტიულობას შესამჩნევად ზრდის მანქანა-დანადგარების, სასუქისა და შხამქიმიკატების გამოყენება, რაც თანხებს უკავშირდება, თუმცა კოოპერირების ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ფინანსურ რესურსებზე წვდომაა. ბანკების საგირავნო მოთხოვნების დაკმაყოფილება კოოპერატივს ბევრად უკეთესად შეუძლია, ვიდრე ცალკეულ ფერმერს. დამატებით, კოოპერატივებს უპირატესობა ექნებათ პროდუქციის ბაზარზე გატანის დროსაც...
გასულ წლებში არცთუ ცოტა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. რამდენიმე მათგანს ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში ვესტუმრე. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ეფექტიანად არ მუშაობს ან საერთოდ უმოქმედოა, ძალიან მცირე ნაწილი მუშაობს გამართულად. მიზეზი ის არის, რომ ზოგი კოოპერატივი  ფორმალურად შეიქმნა. კოოპერატივის შესახებ დღევანდელი კანონის მიღებამდეც ხორციელდებოდა პროექტები, რომელთა მიზანი კოოპერირების წახალისება იყო და თანადაფინანსებაც გაიცემოდა. გამოვიდა ისე, რომ ზოგჯერ კოოპერატივებს მხოლოდ გრანტის მისაღებად ქმნიდნენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კოოპერატივების შექმნას აფერხებს, არის ნდობის არარსებობა და აზრთა სხვადასხვაობა ფერმერებს შორის. ერთი წლის წინ ვესტუმრე კოოპერატივს ქვემო ქართლში, რომელიც საწყის ეტაპზე იმედის მომცემად გამოიყურებოდა, მაგრამ ის თანდათან დაიშალა. საწყის ეტაპზე მისი წევრები მონდომებულად მუშაობდნენ კოოპერატივის გასაძლიერებლად, დროთა განმავლობაში კი ძალისხმევა შეამცირეს, როგორც ჩანს, სურვილი გაუჩნდათ, სარგებელი სხვის ხარჯზე ენახათ - სხვები იმუშავებდნენ, ხოლო მოგებას თანაბრად გაინაწილებდნენ. ბოლოს კოოპერატივში მხოლოდ ერთი ქალი მუშაობდა და იმანაც მალე მიანება თავი. ეს კოოპერატივი ქაღალდზე ოფიციალურად ახლაც არსებობს, მაგრამ უმოქმედოა.

იმერეთსა და  ქვემო ქართლში რამდენიმე კოოპერატივი, საკმაოდ კარგად მუშაობს. მათი წარმატების საიდუმლო კი ის აღმოჩნდა, რომ კოოპერატივების წევრები ნათესავები ან, სულ ცოტა, ახლო მეგობრები იყვნენ.
ქართულ სინამდვილეში შეიძლება კოოპერირების წარმატებული მაგალითების მოძიება. როცა ქალაქგარეთ მგზავრობთ, უთუოდ შენიშნავთ ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვს. გლეხები კრებენ პირუტყვს და საძოვარზე ერთად გაჰყავთ.  საქონლის რაოდენობის შესაბამისად, ორი ან სამი მენახირე მორიგეობს. თუ გლეხს არ შეუძლია ნახირში წასვლა, მაშინ მას უხდის ფულს, ვისაც ნახირი მიჰყავს.

ასევე, ხშირად ერთიანდება რამდენიმე გლეხი სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების შესაძენად. არაფორმალური კოოპერატივის კიდევ ერთი მაგალითია მიწის "თხოვება" მეზობლისთვის - ერთი ოჯახი მეორეს გადასცემს კუთვნილ ნაკვეთს და სანაცვლოდ მოსავლის ნაწილს იღებს...

ძნელია იმ ფერმერებისთვის პროდუქტიულობის გაზრდა, ვისაც 5 ჰექტარი და ნაკლები მიწა აქვთ. ასეთი კი საქართველოს ფერმერთა დაახლოებით 85%-ია. გლეხმა იმდენი დოვლათი უნდა შექმნას და გაყიდოს, რომ მისი საქმიანობა რენტაბელური იყოს. ამისთვის გაერთიანებაა საჭირო, მაგრამ ხალხი გაერთიანებას აღიქვამს, როგორც ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ კოლმეურნეობას. ეს ხელს უშლის კოოპერატივების უფრო მასშტაბურად დაფუძნებას. სახელმწიფოს ინტერესშია, გაშალოს მასობრივი საინფორმაციო კამპანია, რათა კოოპერატივის სარგებლიანობა თითოეულმა გლეხმა შეიტყოს. დეტალურად უნდა ავუხსნათ გლეხს, რით განსხვავდება კოლმეურნეობა კოოპერატივისგან, რომ გაერთიანება არ ნიშნავს შენი ქონების სხვისთვის გადაცემას, რომ ეს პროცესი გამჭვირვალეა და დაფარული არაფერია.
macne
27 აპრილი 2014 14:27
გლეხები სოფლებიდან გავიყვანოთო, რომ იძახით, სად უნდა წაიყვანო... ქალაქში ტროტუარზე დაყარო? საქართველოში დაცარიელებული სოფლების პრობლემაა და კიდევ მეტი რაღა გინდათ? ფრანგებს რას ვედრებით ხალხო,ჩვენ სულ სხვა რეალობა გვაქვს. ნუთუ ჩვენი პრობლემები თვითონ ჩვენებურად არ შეიძლება გადავწყვიტოთ?
gio
25 აპრილი 2014 01:16
აქ მოყვანილია შედარება ფრანგ ფერმერთან მინდა აგიხსნათ რაშია
განსხვავება ფრანგი ფერმერი გლეხი არარის ის ბიზნესმენია რომელიც აწარმოებს კვების პროდუქციას თუ გვინდა ასეთ პროდუქტიულობას მივაღწიოთ ჩვენ უნდა მოვიშოროთ გლეხობა როგორც კლასი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციით გავიყვანოთ ჭარბი მოსახლეობა სოფლიდან მაშინ შეიქმნება მსხვილმიწიანი ფერმები
რაც გააიაფებს და გაზრდის პროდუქტის წარმოებას
მიშა
24 აპრილი 2014 07:16
პრობლემა არაა გლეხებისთვის ინფორმაციის უკეთ მიწოდება. პრობლემაა მაღალი საბანკო პროცენტი და იგივე გრანტების არაობიექტურად გაცემა (მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგდენლების პირადი კოოპერატივების დაფინანსება). აი, ამას უნდა მიეხედოს. თორემ, როდის იყო ძნელი ადამიანის დარწმუნება მისთვის სასიკეთო წამოწყებაში.

რედაქტორის რჩევით