სასურსათო "ლატარია", ანუ მომწამლავს-არ მომწამლავს
21-04-2014
სასურსათო "ლატარია", ანუ მომწამლავს-არ მომწამლავს
საკვებით მოწამვლა 2013 წელს საქართველოში 10 ყველაზე ხშირ ავადობის მიზეზს შორის დასახელდა. ეს, ალბათ, იმის შედეგია, რომ გასაყიდად გამოტანილი სურსათის შემოწმება სავალდებულო არ არის. სავაჭრო მონიტორინგი, ანუ ქსელში გასაყიდად გამოტანილი ნიმუშების შესყიდვა, ძირითადად, მაშინ ხდება, როცა მოწამვლა ან ეტიკეტირების შეუსაბამობა გამოვლინდება.

მთავრობა მუშაობს სურსათის უვნებლობის ახალ კოდექსზე, რომელიც ევროსტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. იზრდება სურსათის კონტროლის მასშტაბიც, მაგალითად, წლეულს სააგენტო სუპერმარკეტებში, რესტორნებსა და მსხვილ ქარხნებში 4 000 სინჯის გამოკვლევას გეგმავს, კუსტარულ საწარმოებს
კი მხოლოდ 2020 წლიდან შეამოწმებენ(?!).

ქსელიდან ამოღებულ ნიმუშებს იკვლევენ სსიპ "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში" - აქ დღეში 20-30 ნიმუშს ამოწმებენ. აქვე შეიძლება 18 ვეტერინარული დაავადების დიაგნოსტიკა, რომელთა შორის ათი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, ამიტომ ლაბორატორიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს - დაუშვებელია წითელი ხაზის გადაკვეთა,
რომლის მიღმაც ცოფის, ჯილეხისა და ბრუცელოზის დიაგნოსტიკა ხდება.

ლალ ი მაძღარაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი: - ლაბორატორიის ძირითადი დანიშნულება ვეტერინარული დაავადებების დიაგნოსტიკა და სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა მავნებლების კვლევაა. ლაბორატორია 1907 წელს დაარსდა და ჩვენ მისი სამართალმემკვიდრეები ვართ. 2006 წელს აშშ-ის პროგრამით ინფრასტრუქტურა განახლდა და ამოქმედდა ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტები.
სურსათსა და წყალს ყველა პარამეტრით ვიკვლევთ - მძიმე ლითონებზე, პესტიციდებსა და რადიაციაზე. გამოსაკვლევად შემოაქვთ ნედლი ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების ნიმუშები, ნახევარფაბრიკატები და იოგურტები.

მეწარმეებს კანონმდებლობა არ ავალდებულებს პროდუქტის ლაბორატორიულ შემოწმებას, მათ მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ, გაყიდვამდე შეამოწმონ ის და ხალხი არ დაწამლონ.
საფრთხე, რომ ქსელში დაბინძურებული საკვები მოხვდება, რეალურია. თუ მეწარმე კეთილსინდისიერია, მოდის და თავის პროდუქტს ამოწმებს. შემოწმება მაშინ ხდება აუცილებელი, როცა სააგენტოს ცხელ ხაზზე შეტყობინება შევა ან ვინმე მოიწამლება.

მძიმე ლითონით დაბინძურებული საკვების ერთხელ მიღებით ადამიანს, შესაძლოა, არაფერი დაემართოს, მაგრამ მისი ხშირად მიღებისას ორგანიზმში მძიმე ლითონები ილექება და ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველაზე ხშირად საკვები ნაწლავის ჩხირით არის დაბინძურებული, ამის მიზეზი კი სანიტარიული ნორმების დაუცველობაა. 

2020 წლიდან, როცა ფიტოსანიტარიული კონტროლი სავალდებულო გახდება, დარწმუნებული ვარ, ძალიან არასახარბიელო სურათს მივიღებთ.

ლაბორატორიაში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება. ჯილეხი, ბრუცელოზი, ფრინველის გრიპი, რომელიც ადამიანზეც გადადის. ჯილეხი  წინათ სეზონური დაავადება იყო, ახლა კი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება და შესაძლოა ბაზარში ჯილეხით დაავადებული ხორციც ნებისმიერ დროს მოხვდეს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულია ცოფი. თუ წლების წინ ის ძირითადად ძაღლებსა და კატებს ემართებოდათ, ბოლო დროს ცოფით მეტწილად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. როგორც ჩანს, მიზეზი გარეული ცხოველები უნდა იყვნენ, რომლებიც პირუტყვს ხშირად ესხმიან თავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარეულ ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გეგმავს.

განსაკუთრებით საშიშ დაავადებებთან კონტაქტის გამო ლაბორატორიაში დაცულია ბიოუსაფრთხოების ზომები, რაც პერსონალის ან გარემოს დაბინძურებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. ნიმუშები სპეციალური კონტეინერით გადააქვთ, ლაბორატორიაში არ გვაქვს ვირუსების საცავი  და გამოკვლეული ნიმუშები ავტოკლავში ხვდება, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, ნარჩენები კი +800 გრადუს ტემპერატურაზე ნადგურდება.

დემნა ხელაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: - შარშან ცოფით სამი ადამიანი გარდაიცვალა. წელს ძაღლებსა და კატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ავცრით. პრობლემა, ძირითადად, გადასარეკ პირუტყვთან დაკავშირებით იქმნება. 15 მაისიდან იწყება ცხოველის გადაყვანა ალპურ საძოვრებზე, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში იმავე მარშრუტით უკან, ზამთრის საძოვრებზე ბრუნდებიან, გადასარეკი ტრასა კი დაბინძურებულია, განსაკუთრებით - ჯილეხით. დაავადებული ცხოველი რომ დაეცემოდა, მას გადასარეკ ტრასასთან მარხავდნენ ან იქვე გადააგდებდნენ. ცხადია, თუ იმავე გზაზე აუცრელი პირუტყვი გაივლის, ისიც დაავადდება.
კახა სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი: - სურსათის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ინსპექტირებას, ანუ სურსათის მწარმოებლის, გადამმუშავებლისა და დისტრიბუტორების კონტროლს, აგრეთვე, უკვე ბაზარზე გატანილი ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევას. თავდაპირველად უნდა დადგინდეს, რა ეტაპზე დაბინძურდა პროდუქცია - წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის თუ გაყიდვისას. ამის შემდეგ უკვე შეიძლება უფრო მასშტაბური ინსპექტირება, ანდა სამომხმარებლო ბაზრიდან სურსათის მთლიანად ამოღება. თუ მისი მავნებლობა დადასტურდება, შესაძლოა, შეჩერდეს საწარმოო პროცესი, დაჯარიმდეს მეწარმე, ხოლო თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ციფრების ენით

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შარშან შეისყიდა და ლაბორატორიულად გამოიკვლია 653 ნიმუში. დარღვევა 175 შემთხვევაში გამოვლინდა. სავაჭრო ქსელიდან ამოღებული და განადგურებულია მავნე და ვადაგასული 257 847 კილოგრამი მყარი და 2 248 ლიტრი თხევადი სურსათი, 12 975 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები, 1 მილიონ ცალზე მეტი კვერცხი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა