თუ კარგად მოუვლით, კიდეც აალაპარაკებთ
21-04-2014
თუ კარგად მოუვლით, კიდეც აალაპარაკებთ
ორიოდე წლის წინ მთელმა საქართველომ შეიტყო მამა აკაკის (მელიქიძის) საოცარი თუთიყუშის - ჩიკოს შესახებ. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, ფრინველმა 150-მდე სიტყვა იცოდეს, ლოცულობდეს და ათეულობით ლექსს ამბობდეს. მამა აკაკი დღესაც სიყვარულით ლაპარაკობს ამ პატარა ჩიტზე, რომელიც ყველას აკვირვებდა. კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა: ჩიკო მამა აკაკის სახლიდან ათი დღით გაფრინდა და ოჯახი, რომელსაც ის შეეკედლა, ეკლესიური გახდა.

ცხადია, ყველა თუთიყუში ჩიკოს მსგავსი ვერ იქნება, მაგრამ ვისაც სახლში ეს უწყინარი, ლამაზი ფრინველი
ჰყოლია, აღიარებს, რომ თუთიყუშები მართლაც საოცარი არსებები არიან.
გვესაუბრება ექიმ-ვეტერინარი ქეთი კვირკველია:


- საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ტალღისებრი თუთიყუში. ეს არის ავსტრალიური წარმოშობის, პატარა, ძალიან ხალისიანი ფრინველი. თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევთ, სულ მალე ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ისმის კითხვა: რატომ გავრცელდა ყველგან მაინცდამაინც ეს
სახეობა? ალბათ, იმიტომ, რომ ტალღისებრი თუთიყუში ძალიან ლამაზია და ადვილად ეგუება ადამიანს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათ ლაპარაკი შეუძლიათ. ერთხანს ჭორი გავრცელდა, თუთიყუშმა ლაპარაკი რომ ისწავლოს, სპეციალისტები ენის ქვეშ ინიექციებს უკეთებენო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.

- ადვილად რომ შევიჩვიოთ, რა ასაკის თუთიყუშის ყიდვა ჯობს?
- უმჯობესია, თუთიყუში პატარა იყოს - როგორც კი დედა ბუდიდან გადმოიყვანს, მაშინვე უნდა წავიყვანოთ შინ. მასთან მუდმივად უნდა გვქონდეს ურთიერთობა.  ხშირად უნდა გამოვუშვათ გალიიდან, ხელზე დავისვათ და ველაპარაკოთ. თუ ფრინველი ექვს თვეზე მეტი ხნისაა, მაშინ უფრო გაუჭირდება გარემოსთან ადაპტაციაც და თქვენთან ურთიერთობაც, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. ყველას თავისებური ხასიათი აქვს.

- ბევრს ჰგონია, რომ თუთიყუშის მოვლა ძნელია...

- არც ისე, თუმცა მისი მოვლის წესები  კარგად უნდა ვიცოდეთ. აუცილებელია გალია, თავისი საკვებურებით, ასევე - მინერალური ქვიშა, ქვამარილი, სატეხი ქვა, ცარცი და სპეციალური საკვები. მინერალური ქვიშა თუთიყუშს საკვების მონელებაში ეხმარება, ხოლო სალესი ქვა იმისთვის არის საჭირო, რომ ნისკარტი და ფრჩხილები გაიქლიბოს - ეს მათ ძალიან მოსწონთ. ცარცი, ანუ კალციუმი ჩიტის ზრდა-განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის უნდა დავკიდოთ გალიაში და თუთიყუში სურვილისამებრ მიირთმევს. გალიაში პატარა თასით დაუდგით წყალი, რომელიც დღეში ერთხელ გამოუცვალეთ. არ დაგავიწყდეთ სათამაშოებიც, რომლებიც მრავლად არის ზოომაღაზიებში და ისიც არ მოიწყენს.

მზის სხივები თუთიყუშს არ უხდება. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის და გალიას ფანჯარასთან ჰკიდებს, რამაც შეიძლება ფრინველის გადახურება და სიკვდილი გამოიწვიოს. ასევე არ შეიძლება ორპირი ქარი და ნესტი, ამიტომ მისი წვიმიან ამინდში თუნდაც აივანზე გაყვანა დაუშვებელია.
თავდაპირველად სარკე არ უნდა დავუდოთ, მაგრამ თუ უკვე იმხელაა, რომ ლაპარაკს ვეღარ ისწავლის, მაშინ სარკე უნდა დავუკიდოთ - იქ მას თავისი "მეგობარი" ეყოლება, ეთამაშება, არ მოიწყენს და თავს მარტოსულად არ იგრძნობს.

-  რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ილაპარაკოს?
- მთავარი პირობაა, ყოველდღე ვუმეოროთ ერთი და იგივე სიტყვა, თუმცა ლაპარაკის სწავლას დრო სჭირდება. მეც ავიყვანე პატარა თუთიყუში, მაგრამ მან ლაპარაკი ვერ ისწავლა. ეს  ინდივიდუალურია - დამოკიდებულია  იმაზეც, მშობლები ლაპარაკობდნენ თუ არა.
მამალი თუთიყუში უფრო ლამაზი და ნიჭიერია და ლაპარაკსაც უფრო ადვილად სწავლობს. თუთიყუშს შინ პირველად რომ მიიყვანთ, უნდა მოარიდოთ ხმაურსა და არეულობას. ხშირად ბავშვებს ჰგონიათ, რომ ჩიტს ეთამაშებიან, სინამდვილეში კი აშინებენ. როცა დაიძინებთ, გალიას ქსოვილი უნდა გადააფაროთ, ხოლო როცა გაიღვიძებთ, ეს საფარი მოხსნათ და ისიც თქვენთან ერთად გაიღვიძებს.

მათთვის საშიშია გაცივება. თუთიყუშების გავრცელებული დაავადებაა იოდის დეფიციტი, ანუ ჩიყვი, ამიტომ მისი საკვები იოდით გაჯერებული უნდა იყოს. გავრცელებულია თუთიყუშის სოკოვანი დაავადებაც, რომლის დროსაც ეწყებათ გარქოვანება და უჩნდებათ წანაზარდები, რომლებიც სპეციალისტმა უნდა მოაცილოს.

- მართალია, რომ თუ თუთიყუში მარტოა, ძალიან მოწყენილია და ეს მასზე უარყოფითად მოქმედებს?
- დიახ, ამიტომ სასურველია, საპირისპირო სქესის თუთიყუში შევუძინოთ. თუ გალიაში ბუდეს დაუმაგრებთ, დედა შევა, კვერცხებს დადებს და ბარტყებს გამოჩეკს. ბარტყები ბუდეს მალე უნდა მოვაცილოთ, რადგან დედა უკვე წამოზრდილ შვილებს გალიაში არ აჩერებს.

ცნობილია, რომ თუთიყუში ასზე მეტ სიტყვას სწავლობს. ჩემს ახლობელს ჰყავდა თუთიყუში, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს ამბობდა, მერე დაეკარგა. თუთიყუში დროდადრო გალიიდან უნდა გამოუშვათ, რომ ფრთა გაშალოს... თუ ფანჯარა ღია დაგრჩათ, შეიძლება გაფრინდეს, უკან ვეღარ დაბრუნდეს და სხვას შეეკედლოს.
მნიშვნელოვანია მათი ბანაობაც. არსებობს სპეციალური აბაზანები, სადაც წყალი უნდა ჩაუსხათ. ფრინველი იქ თვითონ ჩავა და იბანავებს. სჭირდებათ პარაზიტების საწინააღმდეგო სპრეი და ფხვნილი, რომელიც იღლიებში უნდა შეაყაროთ.

ბავშვები უნდა დაარიგოთ, რომ ფრინველი არ შეაწუხონ - ხშირად მოფერებისას შეიძლება შემოაკვდეთ, თანაც, ბევრ ბავშვს ალერგია აქვს მათ ბუმბულზე და ასეთი ბავშვი გალიას უნდა მოვარიდოთ.   
ასე რომ, თუ გსურთ ახალი ოჯახის წევრი გყავდეთ, ამ ჭკვიანი და მოსიყვარულე ფრინველის შეძენა ყველაზე იოლი გამოსავალია, თანაც ტალღისებრი თუთიყუში ძალიან იაფია - 15-20 ლარი ღირს.


სპეციალისტი გვირჩევს

თუ თუთიყუში შეძენა გადაწყვიტეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ჯანმრთელია. ფრინველს უნდა ჰქონდეს სუფთა ბუმბული, არ უნდა იყოს მობუზული და არ უნდა კანკალებდეს. თუ ფეხებსა და ნისკარტზე მოთეთრო წანაზარდები აქვს, ეს სოკოვან დაავადებაზე მიანიშნებს.

გალიისთვის ადგილი სწორად უნდა შეარჩიოთ, ეცადეთ, ისეთ ადგილას დადგათ, სადაც ბევრი ადამიანი არ ტრიალებს და ხმაურიც ნაკლებია. გალია არ დადგათ სამზარეულოში, რათა ფრინველი გაზისა და საჭმლის სუნით არ შეწუხდეს.

აჭამეთ ზომიერად. ძალიან უყვართ ვაშლი, არ არის სასურველი მსხალი. აჭამეთ სტაფილო, ცოტაოდენი ჭარხალი, მწვანე სალათის ფოთლები. ეს ყველაფერი კარგად უნდა გარეცხოთ. შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ. შეიძლება უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურაც. არ აჭამოთ მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, არანაირი კურკა, ალკოჰოლი, ასევე არ შეიძლება ჩიპსი და გაზიანი სასმელი.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით