კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

როგორ გავაშენოთ სვია?

ნათია ზარქუა

- სვიას აშენებენ კალმებით, რომლებსაც წინასწარ სანერგეებში აფესვიანებენ და მეორე წლის ადრე გაზაფხულზე რგავენ მუდმივ ადგილას, ერთმანეთისაგან 1 მეტრის დაცილებით და 2,25 მეტრს ტოვებენ რიგთაშორისებში. ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4 400 ნერგი განთავსდება. ზაფხულში რიგთაშორისებს აფხვიერებენ, შეაქვთ სასუქი, რწყავენ. როგორც კი ნარგავები 60-90 სმ-ს მიაღწევს, მავთულის ან კანაფის საყრდენზე გაჰყავთ. დარგვიდან პირველივე წელს იძლევა მოსავალს, მაგრამ სრულმოსავლიანია მეორე წლიდან.

მოსავალს იღებენ, როცა გირჩები მომწვანო-ოქროსფერი გახდება. კრეფენ ხელით ან სპეციალური მანქანით, აშრობენ საშრობებში, სადაც ტენიანობა 14% უნდა იყოს.

სვია მოითხოვს ნოყიერ, აზოტით მდიდარ ნიადაგს. ტენის მოყვარულია. მის გასაშენებლად ოპტიმალური პირობები მდინარეთა ნაპირებზეა.

სახლთან ახლოს ხარობს კოლხური სურო, რომელიც კედლებზეც ამოვიდა.  მგონია, რომ სურო შხამიანი მწერებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს. როგორ მოვიქცე?

ია ბენდელიანი

- სუროს დარგვით სიკეთის მეტი არაფერი "ემუქრება" თქვენს კარ-მიდამოს. არც მწერები ბუდობენ მასზე მაინცდამაინც. რაც შეეხება ქვეწარმავლებს, ამ მცენარესთან მათ საერთო ნამდვილად არაფერი აქვთ.

ძალიან მაინტერესებს,  მცენარის რომელი ნაწილისგან არის შესაძლებელი საღებავის მიღება. როგორც ვიცი, ჩვენი წინაპრები ამ საქმეში საკმაოდ დაოსტატებული იყვნენ.

მარიამ ბექაური, დუშეთი

თავდაპირველად ყვავილების, ფოთლებისა და ნაყოფის წვენს იყენებდნენ საღებავად, ხოლო მოგვიანებით მის დასამზადებლად ადამიანმა მცენარეთა ქერქისა და ფესვების გამოყენებაც დაიწყო. ერთი და იმავე მცენარისგან სხვადასხვა ფერის საღებავის მიღება შეიძლება. მაგალითად, კრაზანას ყვავილების ღეროსა და ფოთლებისგან იღებდნენ ყვითელ, მწვანე და წითელ საღებავს. ასეთივე მრავალფეროვან საღებავებს ამზადებენ დაღესტნელი ხალიჩის მქსოველები ენდროსგან. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ენდროსგან შესაძლებელია ღია წითელი, ნარინჯისფერი, იისფერი, ლურჯი და ყვითელი საღებავის მიღება, რომლით შეღებილი ქსოვილიც საუკუნეთა განმავლობაში არ ხუნდება!

გთავაზობთ იმ მცენარეთა არასრულ სიას, რომელთა სხვადასხვა ნაწილისგან ქართველი ფეიქრები სხვადასხვა ფერის საღებავს იღებდნენ: ენდრო (ფესვი), კოწახური (ფესვი და მერქანი), კაკალი (ქერქი, წენგო, ფოთოლი), ვაშლის (ქერქი), ლაფანი (ფოთოლი, ქერქი), დაფნა (ღერო, ფოთოლი), ხახვი (ნაფცქვენი), თხმელა (ქერქი), მუხა (ქერქი, ფოთოლი), კრაზანა (ღერო, ყვავილი, ფოთოლი), თავშავა და ორკბილა (მთლიანი ბალახი), ბროწეული (ქერქი,), ჭიაფერა (ნაყოფი), თრიმლი (ქერქი), ხეშავი (ნაყოფი), ყანის სოსანი (ყვავილები), პანტა (ქერქი), თუთა (ფოთოლი), წყავი (ქერქი), ცოცხი (თესლი), ხეჭრელა (ნაყოფი, ქერქი), ანწლი (ნაყოფი), იასამანი (ყვავილები), ტყემალი (ქერქი).