დავიწყებული ქართული ჩაი დაბრუნებას ლამობს - კვირის პალიტრა

დავიწყებული ქართული ჩაი დაბრუნებას ლამობს

"შრომა გვეზარება, პლანტაციებს ვანადგურებთ, რომ გამოთავისუფლებულ ადგილას ისეთი რამ დავთესოთ, რომლის მოვლაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და მოსავალსაც ჩაიზე უფრო სწრაფად მივიღებთ"

მივიწყებული ქართული ჩაის ბაზარზე დასაბრუნებლად უზარმაზარი დრო, სახსრები და შრომაა საჭირო... დღეს იავარქმნილი პლანტაციების გასაშენებლად პირველ რიგში, უახლესი ტექნიკაა შესაძენი...

ოზურგეთის აგრარული უნივერსიტეტის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, განვლილი უმძიმესი წლების მიუხედავად, შეძლეს ჩაის მიკროწარმოების ფაბრიკის შენარჩუნება, მაღალტექნოლოგიური ჩაით დამზადებული უალკოჰოლო სასმელების მიღებასაც გეგმავენ. აქ ჯერ კიდევ  შენარჩუნებულია კადრები, რომელთა სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება საშურია. ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა თემურ რევიშვილმა საუბარი ამ თემით დაიწყო:

-  დღეს ინსტიტუტში დაახლოებით 30 ისეთი მეცნიერი  გვყავს, რომელთაც ნებისმიერი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა სიამოვნებით ამუშავებდა  - მათ ჩაის მწარმოებელ ქვეყნებთან სამეცნიერო ურთიერთობით მიიღეს გამოცდილება და შეძლებენ ჩაის პლანტაციის გაშენებასაც და კონსულტაციებსაც გაუწევენ მას (სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი), ვინც ჩაის პლანტაციის გაშენება-მოვლას მოინდომებს. თუმცაღა, თუ სახელმწიფომ ჩაის წარმოებას ყურადღება არ მიაქცია, ვეჭვობ, ქართული ჩაი ბრენდად იქცეს. არადა, საამისოდ ყველა პირობა აქვს. არ ვამბობ, რომ ჩაი ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი გახდეს, მაგრამ უნდა იქცეს პრიორიტეტად იმ ზონებში, სადაც მოდის.

ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ხეირს ვერ ვნახავთ, სანამ თითო საქმეს შევჩერებივართ და დარგების მრავალფეროვნებაზე არ ვფიქრობთ. ბოლოს და ბოლოს, მთელი საქართველო ორ სასოფლო ზონად იყოფა - აღმოსავლეთში მევენახეობა და დასავლეთში - სუბტროპიკული კულტურები და რატომ არ უნდა  მოვიყვანოთ  ქართული  ჩაი, რომელიც უნიკალურია თვისებებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კულტურულ მცენარეთაგან ჩაი განსხვავებულია ქიმიური შემადგენლობითა და გამოყენების მრავალფეროვნებით. ქართული ჩაი გამოყვანილია ინდოჩინური ჯიშით და ყველაზე  ეკოლოგიურია: ჩვენს მიკროკლიმატში  ბუჩქებს  შეწამვლა არ სჭირდება... გარდა ამისა, ქართულმა ჩაიმ უკვე დაამტკიცა რომ თუკი მოვუვლით, მაღალშემოსავლიანი, საოცრად ამტანი და ერთგული მცენარეა - საბრალოს წლების განმავლობაში კი არ კრეფდნენ, ნამგლებით ჭრიდნენ და ის მაინც გვემსახურებოდა. ამავე დროს, აგრესიულიც არ არის - ბევრი მცენარე სიახლოვეს სხვა მცენარეს არ ახარებს, ჩაის პლანტაციების გარშემო კი ნებისმიერი  მცენარის დარგვა შეიძლება...

- ჩაის პლანტაციებს უდიერად ეპყრობიან...

- პლანტაციები დღესაც ჩვენ თვალწინ ნადგურდება. ცოტა ხნის წინ დავინახე, როგორ ეკიდა ცეცხლი ჩაის პლანტაციებს და ქარსაფარ ზოლსაც - ეს თითქმის ასწლოვანი ხეები ჩაის კულტურის გაშენებისას დარგეს... ამ ვანდალობის შედეგი იქნება მიწის ეროზია. ბევრ ქვეყანაში ხალხი თავს იკლავს მეტი ჩაის პლანტაციის გასაშენებლად, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს, ჩვენ კი მძიმე შრომა გვეზარება, პლანტაციები  გვაქვს და ვანადგურებთ, რომ გამოთავისუფლებულ ადგილას  ისეთი რამ დავთესოთ ან დავრგოთ, რისი მოვლაც დიდ შრომას არ მოითხოვს და მოსავალიც ჩაიზე უფრო სწრაფად იქნება. არადა, თუკი ჩვენს მიტოვებულ პლანტაციებს მძიმე გასხვლით ან ნახევრად მძიმე გასხვლით დავამუშავებთ, მოსავალს უკვე მეორე წელიწადს მივიღებთ.   ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაცია წელიწადში 45 ათას ლარ მოგებას გვაძლევს და სამ ადამიანს მუდმივად ასაქმებს...

- ფანტასტიკური რიცხვი დაასახელეთ...

- ისიც კი გვაქვს გათვლილი, ერთ ჰექტარზე რომ ჩაი გავაშენოთ, რამდენი ცალი ბოძი და ეკლიანი მავთული დასჭირდება პატრონს და ეს ყველაფერი რა ღირს. მაგალითად, ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის შემოღობვას 360 ლარის ეკლიანი მავთული სჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჩაის პლანტაციები, რომელთაგან  ნაწილი შედარებით ახალი, ხოლო ნაწილი - დაახლოებით 50 წლის არის. თუმცა  ასაკი ჩაისთვის არაფერს ნიშნავს: ჩაის ბუჩქს თუ მოუარე, დაახლოებით 150 წელი იცოცხლებს და ხარისხიან მოსავალს მოგცემს. მთელ საქართველოში დაწვას გადარჩენილი ჩაის პლანტაციები დაახლოებით 4000 ჰექტრამდეა, გურიაში 2000 ჰექტარია და ჯერ კიდევ შეიძლება მათი ფეხზე დაყენება. მიკროფაბრიკებმა ამ ჩაის პლანტაციებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძინეს იჯარით ან კერძო საკუთრებაში და, საბედნიეროდ, უკვე იმდენს მიაღწიეს, ჩვენი ჩაი რამდენიმე ქვეყანაში გადის.

- თუმცა მომხმარებელი მაინც მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე კარგი ჩაი დეფიციტია. თუ მიკროფაბრიკაში მოახერხებ ჩაის შეძენას, კილოგრამში დაახლოებით 30 ლარი უნდა გადაიხადო.

-  ეს ოპტიმალური ფასია. ხარჯები, რომლებიც კარგი ჩაის წარმოებას სჭირდება, დაახლოებით ამ თანხით უნდა ანაზღაურდეს. ისე კი ხარისხიანი ჩაი ქართულ ბაზარზე ნამდვილად ცოტაა.  მიკროფაბრიკები ცდილობენ კარგი ჩაის წარმოებას, თუმცაღა ჩვენს ბაზარზე  დამკვიდრების მოლოდინს ურჩევნიათ, ჩაი იმ ერთეულ ქვეყნებში გაიტანონ, სადაც ბაზარი ჩაის ელის.

- სად გადის ქართული ჩაი?

- მას შემდეგ, რაც ჩვენი ჩაი ტესტირებას გაივლის, გადის ბელორუსიაში, შუა აზიის ქვეყნებში, მონღოლეთში, რუსეთში... დიდი იმედი მაქვს, როცა სახელმწიფო ჩაის ყურადღებას მიაქცევს, სხვა ბაზრებსაც მოვიპოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე იოლი იქნება, - დღეს ჩაის 50 ქვეყანა აწარმოებს...

-  ბრძანეთ, რომ ქართული ჩაი განსაკუთრებულია...

- მართლაც განსაკუთრებულია. ამას ჩვენი სპეციფიკური ჰავაც განაპირობებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის, რომ ჩვენში სიცივეც არის და მცენარეს ყინვაც დაჰკრავს, მოსავალს ეგზოტიკურობას ანიჭებს. სწორედ ამიტომაც ითვლებოდა, რომ თვით საქართველოში  საუკეთესო ტყიბულის ჩაი იყო - იქ მეტი სიცივე დაჰკრავს მცენარეს, ვიდრე დაბლობში. გარდა ამისა, ჩვენი ჩაის წარმოება სხვა რამისთვისაც  არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამჟამად ჩვენი მიკროფაბრიკები ჩაის კრეფაში მუშახელს დაახლოებით 1,5 ლარს უხდიან. დაახლოებით ამდენივეს უხდიან თურქეთშიც, სადაც ჩვენი ქალები მასობრივად დადიან სამუშაოდ. გასამრჯელო თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა თურქეთს ემსახურება, რადგანაც იქ გარანტირებული სამუშაოა, თანაც ჩაის სეზონს თხილის კრეფის სეზონი მოჰყვება. ეს ქალს ოჯახს თვეობით აშორებს... არადა, ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩაიც შევინახოთ და მისი დახმარებით - ჩვენი სისხლიც და ხორციც.