როგორ მოვაწყოთ ტბორი
28-04-2014
როგორ მოვაწყოთ ტბორი
თევზაობა ყოველთვის მომწონდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მამას სათევზაოდ რომ დავყავდი. მეგობრები დამცინოდნენ, - ნეტა შენ, არ გეზარება მთელი დღე ანკესით ხელში  ერთ ადგილას დგომაო. მე კი მეღიმებოდა, რა იცოდნენ, თევზაობა როგორი აზარტულია.

ახლა ჩემს შვილთან ერთად დავდივარ სათევზაოდ. მიხარია, რომ მოსწონს, ის კი არა, ზოგჯერ უარი თუ ვუთხარი, საოცრად გამინაწყენდება ხოლმე. ბოლო ხანს ოჯახში ავიკვიატეთ, მოდი, ჩვენი ტბორი მოვაწყოთო. ეს აზრი ჩემს მეუღლესაც მოეწონა, მით უმეტეს, რომ ქართლში მდინარის
პირას ნაკვეთი გვაქვს. ახლა, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავიგო ტბორის მოწყობის შესახებ და კიდევ, რომელი თევზი შეიძლება რომ მოვაშენო. თქვენც ამიტომ გეკითხებით, როგორ მოვაწყო ტბორი. მერე კი ვნახოთ, რა გამომივა.  
ნუგზარ ბარნაბიშვილი, თბილისი

ტბორის საშუალო სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 3-4 მ-ს. თავდაპირველად ფსკერი უნდა
გაიწმინდოს ბუჩქებისაგან და მოსწორდეს. ტბორების ორგანული და მინერალური სასუქით განოყიერება თევზის ზრდა-განვითარებას ხელს შეუწყობს.

ორგანული სასუქებიდან საუკეთესოა ნაკელი, რომელიც ტბორის ფსკერზე წყლით ავსებამდე პატარა გროვებად შეაქვთ, ოღონდ შავმიწა ნიადაგზე მოწყობილ ტბორებში ნაკელს არ ამატებენ. ფოსფოროვანი სასუქები ეფექტიანია მჟავე რეაქციის მქონე წყალში. ერთი ვედრო ფოსფორიტის ფქვილი, რომელიც შეიცავს 16-22% ფოსფორმჟავას, იხსნება 20 ვედრო წყალში და შეაქვთ ხსნარის სახით 1 ჰა ფართობზე.

კალციუმის სასუქები: კირის შეტანა 1 ჰა-ზე მოუხდება ყველანაირ ტბორს, გარდა კირიან და ცარციან ნიადაგებზე მოწყობილებისა. 1 ვედრო კირს ხსნიან 20-30 ვედრო წყალში და თანაბრად ასხურებენ ტბორის ზედაპირს.
ტბორში, როგორც კი წყლის ტემპერატურა 9-10 გრადუსს მიაღწევს, ერთწლიანი ლიფსიტები უნდა გავუშვათ, რომელთა წონა 20-25 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაშვებამდე კი 5 წუთით 5%-იან მარილხსნარში უნდა ჩავსვათ.

- ძალიან ხელსაყრელია კობრის მოშენება. იგი სწრაფადაც იზრდება, გემრიელია და დიდ მოგებასაც იძლევა. ამიტომაც უწოდებენ მას "წყლის ღორს", როგორც ღორმუცელასა და მსუქანს. 2 წლის კობრი აღწევს 4 კგ-ს, 3 წლისა - 7 კგ-მდე. კობრი იკვებება სხვადასხვა სახის მწერით, წვრილი თევზითა და მცენარეული საკვებით.

- თრისა, ელავი, ანუ შამაია საქართველოს წყლებში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ შემოვიდა. სატბორე მეურნეობისთვის საინტერესო ჯიშია, თევზის სიგრძე 40 სმ-მდე აღწევს, წონა 600 გ-მდეა, გვხვდება უფრო პატარებიც. ოღონდ შამაიას სხვა თევზების ლიფსიტების განადგურება შეუძლია, ამიტომ ტბორში მარტო უნდა გამრავლდეს.

- თეთრი და შავი ამური კობრისებრთა ოჯახის სახეობებია. ამური მხოლოდ მცენარეული საკვებითა და პლანქტონით იკვებება, ამიტომაც სხვა სახეობის თევზთან ერთად მისი მოშენება თავისუფლად შეიძლება. ის არც ერთ თევზს საკვებში არ შეეცილება, სქელშუბლას გარდა, რომელიც კვებისა და ცხოვრების ნირით მას ძალიან ჰგავს. სიგრძით ერთ მეტრს აჭარბებს, ხოლო წონით 50 კგ-ს აღწევს. ტბებსა და წყალსატევებში მას, როგორც სარეველების გამანადგურებელს, ბადალი არ ჰყავს. ჩინეთში 1-3-წლიან ამურს იყენებენ ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად.

- ქორჭილა ერთ-ერთი ყველაზე გაუმაძღარი თევზია. იგი ჩასაფრებული უცდის საკბილოს, ან პირდაპირ თავს ესხმის თავისოდენა მსხვერპლს. იკვებება ყველა სახის თევზით. იმდენად მსუნაგია, რომ მსხვერპლს მაძღარიც კი ეტანება. ქორჭილას გაშვება ისეთ წყლებში, სადაც ცხოვრობს ფარგა, სიგა, კობრი და კაპარჭინა, ნიშნავს მათი ქვირითისა და მოზარდის გაწირვას გასანადგურებლად.

- ჩვეულებრივ კარჩხანას შეუძლია იცოცხლოს იქ, სადაც სხვა სახეობის თევზები უჟანგბადობის გამო ვერ ძლებენ: ლამიან და სარეველიან, ან მცირე ზომისა და უმნიშვნელო სიღრმის, ხანდახან შრობად გუბეებშიც. უძლებს ტბის ფსკერამდე გაყინვასაც კი. ყოფილა შემთხვევები, როცა ლამში 0,5 მ-მდე ჩაფლული კარჩხანა წყალში გადაყვანისთანავე გაცოცხლებულა.

უპრიანია ამგვარი თევზის მოშენება თქვენს კარ-მიდამოში, მით უმეტეს, ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. მისი საკვებია წყალმცენარეები, მწერები და მატლები. კარჩხანა 0,5 კგ-მდე იწონის.
არსებობს ვერცხლისფერი კარჩხანაც, რომლის ქვირითს სხვა სახეობის თევზებიც ანაყოფიერებენ: კობრი, გუწუ, ანუ ლოქორია. ოღონდ ჰიბრიდები კი არა,  მდედრობითი სქესის კარჩხანები იბადებიან.

ხდება ისეც, რომ წყალსატევები, რომლებშიც მანამდე თევზი არ ყოფილა, უეცრად თევზით ივსება. საქმე ისაა, რომ კარჩხანის მიერ უხვად დაყრილი ქვირითი წყალში მცურავი ფრინველების ფეხებსა და ფრთებს ეწებება და ამ გზით სხვადასხვა წყალსატევში ვრცელდება.
gogia
18 აპრილი 2015 20:25
dzalian minda patara tboris gaketeba 600 kvadratulze ar gamo araperi?? an ra tevzis gashveba sheidzleba?
irakli
24 ნოემბერი 2014 21:42
გამარჯობათ ჯავახელო.ახნიშნული ტარიხის მიხედვით მოგვიანებიტ გცერტ.მაგრამ ტუ ჩემს შეტკობინებას ცაიკიტხავტ და გამცემტ პასუხს მადლობელი დაგრცჩებიტ.მეც დიდად დაინტერესებულივარ ამ საქმიტ,და რაც გიცერიატ როგორ მოვაცკოტ ტბორიო ეგ გასაგებია.და ტუ დეტალებში ერკვევიტ კიდე მაინტერესებს რამდენ კვადრატში რამდენია მიხებული ტევზი რო ჩვსვატ მაქსიმუმ და მინიმუმ.და ჩამის პროცესი როგორ ხდება დხეში რამდენჯერ და როგორ პირდაპირ ცკალში უნდა ჩაიკაროს საკვები ტუ.გმადლობტ ცინასტარ
ჯავახელი
06 ივნისი 2014 14:53
ასევე ძვირფასო გურულო!
უღმესი მადლობა მოპატიჟებისთვი!!! დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებ გურიაში (ზოგადად საქართველოს ყველა კუთხეში)
ჩემი სურვილი შეუქცევადია და ოდესმე აუცილებლად წავალ სოფელში საცხოვრებლად, მთავარია ქალაქში ამოვწურო ჩემი თავი (რაც მალე მოხდება) და მერე ერთერთ კუთხეს ამოვირჩევ საცხოვრებლად.
პ.ს. მთას, სოფელს გამაგრება ჭირდება, ქალაქში ბავშვი სიფლიდან მხოლოდ აგრონომიის, სამედიცინოს, და არქითექტურის სასწავლებლად უნდა მიდიოდეს და ისევ სოფელს უნდა უბრუნდებოდეს და თავის ცოდნას საკუთარ ხალხს ახმარდეს..ასე გადავრჩებით ჩვენ...

რედაქტორის რჩევით