ყვავილების "ქვეყანა" ქალაქის ბინაში
28-04-2014
ყვავილების "ქვეყანა" ქალაქის ბინაში
"ზოგიერთი იტყვის, რა საჭიროა ამდენი წვალება, ავდგები და გამზადებულ ქოთანს ვიყიდიო, მაგრამ საოცარ ემოციას განიჭებს ყვავილები, რომლებსაც თვითონ ახარებ"

თბილისის ერთ უბანში, მრავალსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში ყვავილების "ქვეყანაში" მოხვდებით - ამარილისი, ჯუჯა ვარდი, ექმეა, აფრიკული ყვავილები, ყაზახა, შეფლერა, გეორგინა, ტიტა და ვინ იცის, კიდევ რა მცენარე არ შეგხვდებათ აქ, როგორც ერთწლიანი, ისე - მრავალწლიანი და მარადმწვანე. დიასახლისი, პიარმენეჯერი ლელა ებრალიძე, ყვავილნარში ცხოვრობს...

- მცენარეების სიყვარული როდის გაგიჩნდათ?
-
ფოთში  ვიზრდებოდი. ბაბუა ცნობილი მსახიობი იყო, მთელი ქალაქი აფასებდა, მაგრამ ყანაში ისე მუშაობდა, ბევრი გლეხი ვერ დაიტრაბახებს... რაღაცის კეთების სურვილი ოჯახიდან მომყვება, ყვავილების სიყვარული კი დედისგან მომდევს. დედას ფოთში ახლაც საოცარი ბაღნარი აქვს.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა დამ მირჩია, "ფეისბუკში" შექმნილ ჯგუფში ჩაერთეო. ამ ჯგუფს
"ყვავილნარი" ჰქვია. ხშირად ვუცვლით ე რთმანეთს ნერგებს, ვუზრდით, ვჩუქნით, ვერის ბაღში ვიკრიბებით გამოცდილების გასაზიარებლად. ვისაც რა შეგვიძლია, ერთმანეთს ვუნაწილებთ, კალმით ვუმრავლებთ.

ყველაფერს უანგაროდ ვაკეთებთ. მაგალითად, ამ მარანტაში 40 ლარი გადავიხადე. ეს თანხა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, მცენარეს მოვაჭერი სამი ტოტი და ვისაც გულით უნდოდა,  მივეცი. ჯგუფში მცენარეების გაყიდვა ავკრძალეთ. აივანზე მაქვს კამელია, რომელიც ჯგუფელებმა კახეთიდან გამომიგზავნეს. ეს დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ყვავილია, იქიდან ჩამოვიტანდი, მაგრამ ჩუქების რიტუალს ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს.

- ზოგიერთი ყვავილებს ელაპარაკება...

- ამით მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, თუმცა ყვავილებს სიტყვებს არ ვამადლი. როცა ამა თუ იმ მცენარეს ადგილს ვურჩევ, შეიძლება ვკითხო, - მოგწონს ეს ადგილი? თუ რომელიმემ მოიწყინა, ვეკითხები, - რა დაგემართა? და ვცდილობ, შესაფერისი ადგილი ვუპოვო, სადაც უკეთ იგრძნობს თავს.
დილას ადრე ვდგები. ჯერ სათბურში შეტანილ ყვავილებს მივხედავ, მორწყვას ვიწყებ. თუ დამიგვიანდა და მორწყვამ მზეზე მომიწია, მოიწყენენ ან რაღაც დაუზიანდებათ. ზოგიერთ ყვავილს დილის მზე უყვარს, მაგალითად, ჩინური ულამაზესი ვარდები ამის გამო უკანა აივანზე გავიტანე, სადაც დილიდანვე მზეა. წინა აივანზე კი მზე ორი საათის შემდეგ გადმოინაცვლებს, ამიტომ უპრეტენზიო, ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარეები დავალაგე.

- სად გამოიზამთრეს ყვავილებმა?

- ნაწილი ოთახში შემოვიტანე, ნაწილი გარეთ დავტოვე. მათგან ზოგმა მოიწყინა, ზოგიც გაფუჭდა. ყვავილი ძალიან მგრძნობიარეა, ადამიანის დამოკიდებულებასაც გრძნობს...

- თქვენი იები საოცრად ყვავის.
- თორმეტი სხვადასხვა სახეობის ია მაქვს, უმეტესობა ერთი ფოთლით არის გამრავლებული. მათ ჩემს სათბურში ვამრავლებ. ადვილი საქმე არ არის. ზოგიერთს ოთხი თვე სჭირდება და ზოგსაც - ექვსი. განსაკუთრებით მიყვარს კალანხოე და ყველანაირი სახისა მაქვს. მათი გაზრდა ერთი სიამოვნებაა... აი, ესენი დეკემბერები გახლავთ. სხვადასხვა ფერის ყვავილები აქვს, "ყვავილნარელებმა" რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ. ახლა ვცდილობ, გავამრავლო, რათა მერე ფერების მიხედვით გავცვალოთ. ეს კი ხვიარა, იგივე ლიანაა, ფანტასტიკური შეფერილობით გამოირჩევა. ნორჩმა მონსტერამ ოთხ თვეში უკვე სამი ახალი ფურცელი წამოიღო.

- ნიადაგს რა სიხშირით უცვლით?

- შარშან შემოდგომით მიწა ყველას გამოვუცვალე. ერთი წელი არ სჭირდებათ, ათასნაირი ვიტამინი არსებობს, რომელთა გამოყენებაც ამ შუალედში შეიძლება. ჯგუფის წევრებმა მასწავლეს, მოყვავილე მცენარეებისთვის ბანანის კანის ნაყენია კარგიო. ერთ ლიტრ წყალში ჩააგდებთ ბანანის კანს, ორი დღის განმავლობაში კარგად რომ დადგება ნაყენი, დაუმატებთ კიდევ ლიტრ წყალს, გადაწურავთ და ყვავილს დაუსხამთ. მოყვავილე მცენარეებს უხდებათ, სწრაფად ააყვავილებს. იების ყვავილობა ამ ხსნარის დამსახურება, პროცედურას ორ-სამ კვირაში ერთხელ ვიმეორებ. თუმცა, არ მინდა, რომ მცენარეები მუდმივად ხელოვნურ კვებაზე მყავდეს... აი, ამას როტშილდის გლორიოზა ჰქვია, მისი ფესვურა ვიყიდე და ისეთი სისწრაფით ამოიზარდა, გავოცდი.

ეს მცენარე კი ავოკადო გახლავთ. სუპერმარკეტში ვიყიდე, მერე მისი კურკა ქოთანში ჩავრგე. ოთხ თვეში აღმოცენდა და გაიხარა სუპერმარკეტში შეძენილი მანგოს ნაყოფის თესლით გამრავლებაც ასეთივე მეთოდით შეგიძლიათ...

- ამბობენ, ზოგიერთი მცენარის შინ გაჩერება არ შეიძლებაო...
-  რაც ბუნებამ მოგვცა, ყველაფერს უნდა მივხედოთ. ჩემი ვაჟი დაჩი და ჩემი დისშვილები მცენარეებს კარგად უვლიან.  დედამ მასწავლა: იატაკზე ვდგამ ქოთანს, ბოთლს კი ამაღლებულ ადგილას. კანაფის ერთ წვერს ბოთლში ბოლომდე ჩავყოფ და მეორეს - მცენარის ნიადაგზე ვდებ, რომ წყალი მიეწოდოს. ასე მთელი თვეც რომ იდგეს, ყვავილი არ გაფუჭდება.
ვცდილობ, ერთწლიანი ყვავილები მეორე წელსაც ვაცოცხლო. ერთი კვირის წინ ამ აივანზე ყველანაირი ფერის ტიტამ იყვავილა. საოცარი სანახავი იყო...
ზოგიერთი იტყვის, რა საჭიროა ამდენი წვალება, ავდგები და გახარებულს ვიყიდიო, მაგრამ საოცარ სიამოვნებას განიჭებს ყვავილები, რომლებსაც თვითონ ახარებ.

- მორწყვის შესახებ რას გვირჩევთ?
- ლამბაქზე წყალი დავასხათ, მცენარე, რამდენიც სჭირდება, იმდენს შეიწოვს. თან ფოთლის დასველებასაც ავცდებით.

- ეს რა მცენარეა?
- ევკალიპტი. მათ გაზრდას ვცდილობ. ევკალიპტი დიდებული მცენარეა. ის ნიკო ნიკოლაძემ იტალიიდან შემოიტანა, ფოთი წყალდიდობისგან სწორედ ამით გადაარჩინა და ჭაობიც ამოაშრო. ის მაქსიმალურად იწოვს ნიადაგიდან ტენს. მაგრამ 90-იან წლებში ევკალიპტები გაიჩეხა, მის გაზრდას სულ ცოტა, 15 წელიწადი სჭირდება.
მეუბნებიან, - რამდენ წელიწადს უნდა დაელოდო ამ პატარა ჩითილებსო, მაგრამ ათ წელიწადში თუ ხუთ ხეს დავუტოვებთ ქვეყანას, შთამომავლობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისია შესრულებულია.
ალბათ ოდესმე ამიხდება ოცნება და ფოთში სულ ცოტა, ერთ ვაგონ ევკალიპტის ნერგს შევიტან.
იმედი მაქვს, რომელიმე ხელისუფლება ოდესმე მხარს დამიჭერს ამ საქმეში...

ლალი ფაცია
ნანუკა
27 თებერვალი 2018 21:11
როგორ გავწევრიანდე ჯგუფ ყვავილნარი?
irina
28 მარტი 2015 22:04
ფიკუსი მინდა ძალიან და მონსტერა ვერ ვყიდულობ ძალიან ძვირია
ირაკლი
23 ივნისი 2014 18:42
ჩვენი ვაჯკაცი ლელაი, ყველაფერს ვაჟკაცურად უძღვება.
დიდი სულია ამ ადამიანში .
გენაცვალეთ შენი ძმები.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა