პირველი საწარმო ხევსურეთში - კვირის პალიტრა

პირველი საწარმო ხევსურეთში

"მხარეში, რომელიც სულს ღაფავს, მცირე საწარმოები პირდაპირ სულზე მისწრება იქნება"

ძვირფასო რედაქცია, ხევსურეთიდან გწერთ, რადგან მინდა სიხარული გაგიზიაროთ.

ცოტა შორიდან დავიწყებ:

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბარისახოს ახლოს სახელმწიფომ ორი შენობა ააგო - განზრახული ჰქონდათ მატყლისა და ტყავის გადამმუშავებელი საწარმოს, სამკურნალო მცენარეთა საშრობის, სართავ-საჩეჩი საამქროს და სამღებროს გახსნა.

სამწუხაროდ, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა - შენობები კი აიგო, მაგრამ... მუშაობა შეწყდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. შენობები ჩამოიქცა და გაპარტახდა...

არადა, ამ საწარმოების ამუშავებას ჩვენი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, უპირველესად, სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა და ის თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები, რომლებიც ხევსურეთს ამაგრებენ, კერას აღარ მიატოვებდნენ.

გაოცდებით, მაგრამ ხევსური მეურნეები, ვისაც შრომის ხალისი შერჩენიათ, დღესაც ელოდებიან იმ დროს, როცა თავიანთ ნაწარმს აქვე, ხევსურეთში გაყიდიან.

და აი, გამოჩნდა არხოტიონი ნოდარ ნაროზაული, რომელმაც მოინდომა ხევსურეთში პირველი რძის გადამმუშავებელი და სახერხი საამქროების, აგრეთვე სოკოს მოსაყვანი სათბურის გახსნა.

ნოდარმა რამდენიმე წლის წინ შეისყიდა შენობა, რომლის  გარემონტებასაც გეგმავს.

დანადგარებს შევიძენ და საწარმოს მოვაწყობო, - დაგვპირდა.

თუ ბატონი ნოდარის ჩანაფიქრი განხორციელდება, მართლაც კარგი, საქვეყნო საქმე გაკეთდება. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე კაცი მაინც დასაქმდება, მერე, მესაქონლე გლეხი აქვე ჩააბარებს ნამატ რძეს და ანგარიშსაც აქვე გაუსწორებენ. თანაც ხევსურზე უკეთ  ვინ დაამზადებს საუცხოო რძის პროდუქტებს!

ეს იქნება პირველი საწარმო ხევსურეთში, მხარეში, რომელიც სულს ღაფავს და რომლისთვისაც ამგვარი მცირე საწარმოები პირდაპირ სულზე მისწრება იქნება.

გოგი ჭინჭარაული,

ბარისახო