ფუტკრის ენა მეფუტკრემ იცის
05-05-2014
ფუტკრის ენა მეფუტკრემ იცის
მაისის თაფლს გაცილებით მეტი სამკურნალო თვისება აქვს

საქართველოს სიმდიდრე შავი ქართული ფუტკარია. ის მომთაბარეობას ყველაზე უკეთ იტანს, არ იხოცება. მსოფლიოს მეფუტკრეთა ფორუმებზე ოთხი მედალი აქვს მიღებული. ჩვენს ფუტკარს ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს, რაც მუშაობაში ძალიან ეხმარება


40 წელიწადია, მეფუტკრე ვარ და უამისოდ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ფუტკარი ოჯახის წევრივით მიყვარს, - ამბობს 79 წლის შუდირა დავითაშვილი, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ არდისუბნის მკვიდრი. პროფესიით იურისტი, წლებია, მეფუტკრეობას მისდევს. როგორც თვითონ ამბობს, მომთაბარეობს,
რადგან ყვავილობისას მწერი ერთი რეგიონიდან მეორეში გადაჰყავს. ძირითადად კი ფუტკრის ოჯახები თავის სოფელში და ხანაც მეზობელ ჩხიკვთაში ჰყავს.


- ყვავილობა ჩვენთან რომ მორჩება, ფუტკარი წალკის რაიონში მიმყავს, სადაც ყვავილობა უფრო გვიან იწყება. ფუტკრის 100-120 ოჯახი მყავს, მოვლაში ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. მთავარია, ეს მწერი შეგიყვარდეს, აქედან
იწყება ყველაფერი. ახლა დასასვენებლად ჰავაის კუნძულებზე რომ გამიშვა, ვერ დავისვენებ, მირჩევნია მაისში ჩემს მამულში ვიყო, ვიფუსფუსო და ვნახო, როგორ მუშაობენ ჩემი ფუტკრები.

ფუტკარი ექვს პროდუქტს გვაძლევს: სანთელს, შხამს, დინდგელს, ფუტკრის რძეს, თაფლს, მტვერს. ექვსივე ძვირფასი და შეუდარებელია. სამწუხაროდ, საქართველოში თაფლი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან იაფია. მაგალითად, იტალიაში კილოგრამი 15 დოლარამდე და მეტიც ღირს, მე კი აქ 15 ლარადაც ვერ ვყიდი...

- ჩვენში უმეტესად რომელი ფუტკარია გავრცელებული?
- საქართველოს სიმდიდრე შავი (ასე შეფერილობის გამო უწოდებენ) ქართული ფუტკარია. ის მომთაბარეობას ყველაზე უკეთ იტანს, არ იხოცება. მსოფლიოს მეფუტკრეთა ფორუმებზე ოთხი მედალი აქვს მიღებული. ჩვენს ფუტკარს ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს, რაც მუშაობაში ძალიან ეხმარება.

- მეფუტკრეები ერთმანეთის კონკურენტები ხართ?

- სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში შეიძლება მსგავსი რამ იყოს, მაგრამ ჩვენს საქმეში - არა. მეფუტკრეს ას კაცში გამოვარჩევ! ერთმანეთს ცუდად რატომ უნდა ვუყურებდეთ. მაგალითად, წალკაში ჩასულს, ადგილობრივი მეფუტკრეებისგან საყვედური არასდროს მსმენია, ჩვენს ტერიტორიაზე რატომ გადმოდიხარო. იქ სხვებსაც მიჰყავთ თავიანთი ფუტკარი. ყველანი ვიკრიბებით, ვსაუბრობთ და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. კონკურენცია ჩვენ შორის არ არის. მეფუტკრის ხელობას ასი კაცი ირჩევს და ბოლომდე ერთი თუ გაჰყვება.

- ბოლომდე რატომ ვერ მისდევენ?

- ზოგს ამ საქმით მაშინვე უნდა გამდიდრება. არადა, მეფუტკრე მდიდარი არასდროს იქნება, თუმცა არც ღარიბია. ამ საქმიანობას სიმშვიდე უყვარს, აუღელვებლად უნდა აკეთო და შედეგიც გექნება...

- რა წესების დაცვაა საჭირო?

- თუ, ვთქვათ, საფუტკრეში დაავადება გაჩნდა, სკა ორ წელიწადს მაინც ადგილიდან არ უნდა დაძრა. ასეთ დროს მომთაბარეობა არ შეიძლება, რათა დაავადება სხვა რეგიონშიც არ გავრცელდეს...

- საგაზაფხულოდ რა სამუშაოები უწევს?

- სხვადასხვა რაიონში საგაზაფხულო სამუშაოები სხვადასხვანაირია. თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, გარდაბანში, სიღნაღში სამუშაოებს ადრე იწყებენ, რადგანაც გაზაფხული იქ ადრე დგება. ნინოწმინდაში, წალკაში და საერთოდ, მაღალმთიან რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე უნდა დაიწყოს. ყველაფერი კლიმატზეა დამოკიდებული. ადრე გაზაფხულზე სკა უნდა გაისინჯოს, მოიძებნოს ფუტკრის კვერცხი. თუ დადებული არ არის, ესე იგი, დედა ფუტკარი ზამთარში დაიღუპა და სკა სხვას უნდა შეუერთდეს, სადაც დედა ფუტკარია. ამ დროს სკაში პიტნის ნაყენს აპკურებენ, მისი სურნელი ორი ოჯახის შეერთებას უწყობს ხელს. ერთი ოჯახის ფუტკრები ერთმანეთს სუნით ცნობენ, უცხოები რომ გაერიონ, შეიძლება დახოცონ. აკადემიკოსმა ვენერა სტეფანიშვილმა თავის წიგნში "საქართველოს მეფუტკრეობა" მეფუტკრეებს ურჩია, სკის შესასვლელში ცოტა თივა ჩაუფინონ. ამ დროს უცხო ფუტკრები სკაში აღარ შევლენ.

- წლევანდელი გაზაფხული ცოტა გრილია, ეს ხელს ხომ არ გიშლით?
- ასეთი გრილი და წვიმიანი ამინდები საფრთხილოა, რადგანაც ფუტკარი ბევრ საკვებს (თაფლს) ხარჯავს. ამ დროს დედა ბევრ კვერცხს დებს და ისინი რომ ფუტკრებად იქცნენ, თაფლს ჭამენ. ყურადღებაა საჭირო, რომ საკვები, ანუ თაფლი არ გაუთავდეთ.  საკვები  თუ დააკლდათ, მაშინ ერთი კილოგრამი შაქრის ფხვნილი ერთ ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ და ერთჯერადი ცელოფანის პარკით სკასთან დავდოთ. პარკს გახვრეტენ და საკვებს იქიდან ამოიღებენ. კიდევ ერთ რამეს უნდა მიექცეს ყურადღება: თუ სკაში ყველა ჩარჩო შევსებულია, მაშინ სკას თავზე აუცილებლად საკუჭნაო უნდა დაედგას. ის ზომით სკის ნახევარია. საკუჭნაოც მუდმივად უნდა გაისინჯოს და თუ გაივსო, კიდევ უნდა დაემატოს. სულ ხუთ ცალამდე შეიძლება დამატება. თუ არადა, ფუტკარი ნაყარზე მიდის, ანუ იყოფა, რაც ღალიანობისას საზარალოა, რადგან ოჯახი თაფლს ვეღარ მოგვცემს.

რაიონებში მთავარი ღალიანობა 5-დან 15 მაისამდე იწყება. წალკის რაიონში, სადაც ფუტკარი მიმყავს, ის 15 ივლისს იწყება, თეთრიწყაროში კი - 15 ივნისს. ვისაც ფუტკარი შინ ჰყავს და არსად მიჰყავს, იმანაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ფუტკარი ნაყარზე არ წავიდეს და ამიტომ სკა უნდა გააფართოოს. თუ ასე არ მოიქცა, სკა დაეშლება და აღარც თაფლი ექნება...

- ფუტკრის ენა კარგად იცით...
- კი, შევხედავ ფუტკარს და ვიცი, რა სტკივა და რა უნდა. მაისიდან, როცა ტემპერატურა 27 გრადუსამდე და ზემოთ ავა, ახალმოთიბული მწვანე ბალახი სკას ზემოდან უნდა დავაფინოთ. ამას მე მივხვდი - ბალახი თუნუქის სკაში სიცხეს არ გაატარებს. როცა ფუტკარს სცხელა, გაყრაზე მაშინაც მიდის. მოკლედ, არ უნდა შევიწროვდეს სკაში და არ უნდა დასცხეს. არც ხანდაზმული დედა არ უნდა ჰყავდეს, რადგანაც ის კვერცხებს გაფანტულად დებს. ახალგაზრდას ეს არ ემართება.

- რა პრობლემები აქვთ დღეს მეფუტკრეებს?
- მეფუტკრეობ ას ხელს ის უშლის, რომ თაფლის გაყიდვა, უცხოეთში გატანა გვიჭირს. თუ გაიტანე, კონტრაბანდად ითვლება. არ გვაქვს ლაბორატორია, თაფლი შესამოწმებლად უკრაინაში უნდა წაიღო, არადა, როგორი წასაღებია?
საწყენია, რომ ბაზარი ფალსიფიცირებულმა თაფლმა წალეკა. კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ დააწერონ პროდუქტს, რომ ნატურალური არ არის. მაგალითად, იტალიაში ფალსიფიცირებულ თაფლს ვინმემ ნატურალური რომ დააწეროს, კანონი მკაცრად დასჯის.

- მაისის თაფლი რატომ მიიჩნევა უფრო სასარგებლოდ?
- მაისის თაფლი პირველ აღებულ თაფლს ჰქვია. ის შეიძლება მაისში აიღონ გარდაბნის რაიონში, ლაგოდეხში, სიღნაღში, სადაც თბილა. ზოგიერთ ადგილას კი მაისში ისევ ცივა და თოვლიც დევს. იქ ივნისში პირველად აღებულ თაფლსაც მაისის თაფლს უწოდებენ. პირველად აღებულ თაფლს გაცილებით მეტი სამკურნალო თვისება აქვს.

- პროდუქტის ეკოლოგიური სისუფთავე როგორ უნდა დავიცვათ?
- ფუტკარი სამასი მეტრით უნდა იყოს დაშორებული გზიდან. მას საუკეთესო მხედველობა აქვს და თუ მტვერი დაინახა, სხვაგან ინაცვლებს. საჭიროა სუფრის მარილიც. ფუტკარი მლაშე წყალს სვამს და თუ მარილიანი დასარწყულებელი არ ექნება, მაშინ ათასგვარ სიბინძურეს შეიძლება მოედოს. ამას რომ ასცდეს, საფუტკრის სიახლოვეს მარილიანი წყალი უნდა წვეთავდეს.

ფუტკარს უყვარს გულახდილი და მართალი ადამიანები, ისინი გრძნობენ ჩვენს დამოკიდებულებას. არ უყვართ მატყუარები. 79 წლის კაცი ალალი გულით მოვდივარ და ასე მოვყვები ჩემს საქმეს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით