მაისი: ახლა თესვის დროა - კვირის პალიტრა

მაისი: ახლა თესვის დროა

გაზაფხულმა შუა გზაც გაიარა. გამრჯე გლეხმა საკარმიდამო ნაკვეთი დახნა და დაფარცხა. ახლა თესვის დროა, განსაკუთრებით - ბოსტანში. ბოსტანს ის უპირატესობა აქვს, რომ საცხოვრებელ სახლთან ორიოდ ნაბიჯზეა.

სახლთან ახლოს აქვთ ბოსტანი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ავთანდილ და მზია ნატვრაძეებსაც...

- ჭინჭარმა ისეთი დასუსხვა იცის, ზოგჯერ ცხარე ცრემლით  გატირებს, მაგრამ ძალიან სასარგებლო მცენარეა. ჩვენი წინაპრები რადიკულიტს ჭინჭრის დასუსხვით მკურნალობდნენ. ბოსტანი ის ადგილია, სადაც სანამ მიწას დაამუშავებ, რამეს დათესავ ან დარგავ, მანამდე ისეთი მხალი შეგიძლია მოკრიფო, რომელთანაც ვერც გემოთი და ვერც სარგებლიანობით ბევრი კერძი ვერ მივა... ბოსტნის ღობეებში ყველაზე ადრე ია-ია, ხარიკბილა და ჭინჭარი ამოდის, მერე კი, მთელი წლის განმავლობაში, ბოსტანში სხვა მხალი ჩნდება - დანდური, ნაცარქათამა, ჭარხალი, ისპანახი, შავბალახა. ბოლოს, ბოსტანში ყველაფერი რომ გადახმება და დაიკარგება, კეჟერა მხალი დაგრჩება...

- ყველაზე ადრე ბოსტანში რას თესავთ?..

- უკვე ბებია ვარ და შვილიშვილებს ვასწავლი, რაც ჩემი ბებიისგან მახსოვს. ის ნივრის დათესვაზე იტყოდა ხოლმე, გიორგობას ჩამასწარი, იოანობას ამასწარიო, ანუ ნიორი ნოემბერში, გიორგობის დადგომამდე უნდა დაითესოს და ივლისში გასაყიდი გაყიდო, შესანახი - შეინახო. ნიორი ყველაზე კარგად გალებად დაწნული ინახება. ხახვიც შედარებით ადრე ითესება. ჩვენ მარტშიც ვთესავთ. მესხეთში კი ადრეულ გაზაფხულზეც თესავენ.

მარტში, აპრილსა და მაისშიც ყველა ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ვთესავთ - გოგრას, ბოლოკს, კამას, ცერეცოს, ქინძს, ოხრახუშს, ქონდარს, ნიახურს, რეჰანს, მდოგვს, კიტრს, საადრეო კარტოფილს, პარკოსნებს, კიტრს, საადრეო თავიან და ყვავილოვან კომბოსტოს, ყაბაყს... ტარხუნა დამავიწყდა... ჩითილით მრავლდება. მისი პატარა ბუჩქი შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაყო, გაზაფხულზე დარგო და გაამრავლო...  სადაც ტარხუნაა დათესილი, იმ ადგილას შეიძლება ყოველ გაზაფხულზე 10 წლის განმავლობაშიც კი ამოიყაროს და დაიკრიფოს...

- ოხრახუში,  იმის გარდა, რომ თითქმის ყველა კერძს უხდება, ძალიან სასარგელოც არის....

- დაჭყლეტილ ოხრახუშს სახის გასაწმენდადაც კი ხმარობენ ქალები. კუჭ-ნაწლავის წამალიცაა... ცოტა ამოსვლა უჭირს, - ქინძს რომ დათესავ და სწრაფად გადაბიბინდება, ოხრახუში ასე  ვერ ხარობს. თუმცა დათესვამდე 4-5 დღით ადრე თესლს ნელთბილ წყალში თუ ჩაალბობ,  სველ ნაჭერზე გადმოიტან, ამ ნაჭერზევე გააღვივებ და ამის შემდეგ დათესავ, ამოსვლა აღარ გაუჭირდება... ოხრახუში ძალიან კარგად მოდის იმ ადგილას, სადაც ადრე კიტრი, პომიდორი, ანდა ხახვი იყო დათესილი... აი, სადაც სტაფილო ან თუგინდ, ოხრახუშიც ეთესა, ის მიწა არ მოსწონს. ოხრახუშს შედარებით იშვიათად სჭირდება მორწყვა, სამაგიეროდ, კიტრს უყვარს წყალი.

დასავლეთ საქართველოში კიდევ შეიძლება მორწყვის გარეშე კიტრის მოყვანა, რადგან იქ ტენიანი ნიადაგია, აქ კი კიტრი დათესვისთანავე უნდა მოირწყას. თუ ერთმა კვირამ გაიარა ისე, რომ კიტრმა წვეთი წყალი არ ნახა, ვერ გაიხარებს.

- ბოსტნის მარგვლაზე რას იტყვით?

- თუ განგებამ წვიმა ინება, ნაწვიმარზე დამბალი მიწიდან სარეველების ფესვიანად ამოღება უფრო იოლია. ბოსტნეულის ნათესები კი ისე უნდა გავმარგლოთ და დავაშოროთ, რომ ერთმანეთისგან ორი-სამი სანტიმეტრით მაინც იყოს დაშორებული... ასე ყოველთვის უკეთესი ბოსტანი გვექნება. მერე ეს დაშორებები შეიძლება კიდეც გავზარდოთ იმის მიხედვით, მცენარე როგორ ლაღდება. ბაღჩეულს, მაგალითად, სტაფილოს, ჭარხალს ან ბოლოკს ერთხელ რომ გავმარგლავთ, მეორედ მანამდე არ უნდა გავმარგლოთ, სანამ იმხელა არ გაიზრდება, რომ საკვებად იყოს გამოსადეგი...

- ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვეცით...

- შრომისთვის თავს არ ვიზოგავთ, მაგრამ ბოსტანი მარტო ჩვენ  გვაჭმევს... ეს კიდევ ქვეყნისთვის რა ხეირია. ამიტომ მთავრობამ საქმითაც უნდა შეგვიწყოს ხელი, რომ ბოსტანი კი არა, სხვა მიწებიც გვქონდეს აბიბინებული და გახარებული... ჩვენ კი ამისთვის სარწყავი წყალი გვჭირდება!

როგორ დავიცვათ ნათესები მავნებლებისაგან

მაისში განსაკუთრებით მომრავლდებიან ხოლმე ნათესებისთვის საშიში მავნებლები, ამისთვის შეაგროვეთ ბაბუაწვერას ფოთლები. 400-500გ მწვანე ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 10ლ წყალი, 2-3 საათის შემდეგ გაფილტრეთ და მიასხურეთ აღმონაცენებს. მავნებლებიც მოისპობიან და არც მწვანილს დაუშავდება რამე.