აკვარიუმის "ოქროს" ბინადარი - კვირის პალიტრა

აკვარიუმის "ოქროს" ბინადარი

ჭარბი კვება ხშირად ხდება თევზების სიკვდილის მიზეზი

ოქროს თევზი IX-XI საუკუნეების ჩინეთსა და იაპონიაში გამოიყვანეს ხანგრძლივი სელექციით, ევროპაში კი პირველად 1611 წელს გამოჩნდა.

ოქროს თევზი IX-XI საუკუნეების ჩინეთსა და იაპონიაში გამოიყვანეს ხანგრძლივი სელექციით, ევროპაში კი პირველად 1611 წელს გამოჩნდა. არსებობს ოქროს თევზის არაერთი სახეობა. გვესაუბრება ექიმი- ზოოვეტერინარი ქეთი კვირკველია:

- ოქროს თევზის მოვლა სხვა თევზებთან შედარებით ადვილია. აუცილებელი არ არის, ოქროს თევზის ოჯახის ყველა წარმომადგენელი ოქროსფერი იყოს, ის შეიძლება თეთრიც იყოს და შავიც.  ისიც მინახავს, როგორ შეუცვლია ფერი შავ თევზს და თანდათან ოქროსფერი გამხდარა. ოქროს თევზების ოჯახს მიეკუთვნება თევზი წითელქუდაც - ის თეთრია და თავზე წითელი ქუდი აქვს.

თევზები ცივი და თბილი წყლის ბინადრებად იყოფიან. ოქროს თევზი ცივი წყლის ბინადარია, ამიტომაც არც გამათბობელი სჭირდება, არც დიდი აკვარიუმი და არც საგანგებო პირობები.

- მრგვალი აკვარიუმი თუ გამოდგება, რომელიც შედარებით იაფია?

- მრგვალი აკვარიუმი ძალიან დამთრგუნველია თევზებისთვის. მას ბევრი ყიდულობს სიიაფის გამო, მაგრამ გირჩევთ, ოთხკუთხედი აკვარიუმი შეიძინოთ. წრიულად ცურვა თევზების სტრესს იწვევს, უჭირთ კოორდინაციაც. რაც უფრო დიდია აკვარიუმი, თევზი მით უფრო ლაღად გრძნობს თავს და უფრო სწრაფადაც იზრდება. ლამაზად გაფორმებისას მრგვალ აკვარიუმში თევზებს ბუნებრივ ფონსაც ვერ შევუქმნით - ვგულისხმობ მდინარის, ზღვის ან ოკეანის პეიზაჟს, რომელიც აკვარიუმს კედელზე  ეკვრის. ოქროს თევზისთვის უმჯობესია, მის "ბინაში" ხელოვნური წყალმცენარე ჩავრგოთ. მას უფრო იოლად ამოვიღებთ და გავრეცხავთ, ბუნებრივი კი ძალიან რთული მოსავლელია. მას თევზებიც ჭამენ და აფუჭებენ.

- როგორც ვიცი, აკვარიუმისთვის  ბევრს ზღვიდან გრუნტი მოაქვს...

- დიახ, გრუნტი შეიძლება იყოს ზღვის, მაგრამ

საჭიროა კენჭების სტერილიზაცია. კენჭები უნდა ჩავყაროთ ჯამში ან ქვაბში და კარგად ვადუღოთ ყოველგვარი ქიმიური საშუალების გარეშე, თევზი რომ არ მოიწამლოს.

აკვარიუმი ხშირად იდებს ნალექს და არც მისი გარეცხვის დროს შეიძლება ქიმიური ნივთიერების გამოყენება. უბრალოდ, მარილი წაუსვით  კედლებს და გაწმინდეთ.

ოქროს თევზი შეიძლება ვიყოლიოთ ჟანგბადის გარეშეც. მრგვალი აკვარიუმი იმდენად პატარაა, ფილტრსა და ჟანგბადის აპარატს ვერ ჩავდგამთ, ამიტომ ზოგჯერ მასში შლანგს ჩადებენ ხოლმე, რომლის წყალობითაც აკვარიუმი თავისუფლად სუნთქავს.

აკვარიუმში წყალი სამ-ოთხ დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ, თუ ჟანგბადის აპარატია ჩადგმული, მაშინ - თვეში ერთხელ.

ონკანის წყალიც ქლორიანია, ამიტომ ის აკვარიუმში ჩასხმამდე ერთი-ორი დღით უნდა დავდგათ. ანადუღარი ან გამოხდილი წყალი აუცილებელი არ არის.

- როგორი უნდა იყოს თევზის საკვები?

- უმჯობესია, ვაჭამოთ სპეციალური საკვები, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება. დღეში ერთხელ უნდა ჩავუყაროთ ერთი მწიკვი - დაახლოებით იმდენი, დანის წვერზე რომ დაეტევა.

თევზებს კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეც უნდა მოვუწყოთ - ამ დღეს, სასურველია, არაფერი ვაჭამოთ.

პურის ჩაყრა არ შეიძლება. თევზები ზედმეტ დოზას იღებენ და ამის გამო იხოცებიან. ჭარბი კვება ხშირად ხდება მათი სიკვდილის მიზეზი. ძალიან საშიშია შეღებილი კენჭებიც, მათი სტერილიზაციაც აუცილებელია... აკვარიუმისთვის საჭიროა ცოტა მარილიც: 5 ლიტრზე ერთი ჩაის კოვზი. მარილი პროფილაქტიკის ძალიან კარგი საშუალებაა. თევზებს ხშირად ემართებათ სოკო, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის მტერია.

- რა იწვევს თევზის სიკვდილს?

- როგორც უკვე გითხარით, არასწორი კვება, აგრეთვე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა. არ შეიძლება თევზების სიცივეში ან პაპანაქება სიცხეში ყოფნა. მათთვის საუკეთესოა 17-დან 24 გრადუსამდე ტემპერატურა. აკვარიუმს დილიდანვე უნდა ხვდებოდეს მზის სხივები, ხოლო ღამით ელექტრონათურა უნდა ანათებდეს. თუმცა მთელ დღეს აკვარიუმი მზეზე არ უნდა იდგეს, მით უმეტეს სიცხეში, ამ დროს ის ხავსსაც იკიდებს და მალე ხდება გასაწმენდი.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თევზის შეძენისას?

- თევზი უნდა იყოს აქტიური და ადამიანთან კონტაქტში შედიოდეს. სხეულზე არ უნდა ჰქონდეს გამონაყარი. თუ თევზი პასიური და მოდუნებულია, არ უნდა იყიდოთ.

- როგორ მრავლდება ოქროს თევზი?

- მათი გამრავლება საკმაოდ ძნელია, ამიტომ აქ ვერ ამრავლებენ. აკვარიუმში ოქროს თევზის ოჯახი სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის თევზებთან ვერ ძლებს.

თევზებში დედალ-მამლის გარჩევა სპეციალისტებსაც უჭირთ, ამიტომ რომელიც მოგეწონებათ, ის უნდა იყიდოთ. აკვარიუმში ორი მამალი ან ორი დედალიც რომ გყავდეთ, მაინც არ იჩხუბებენ.

ავადმყოფობისას თევზებს სპეციალური წამლები უნდა მივაშველოთ, რომლებსაც წყალში ექიმის მითითებით ჩავაწვეთებთ.

თუ სადმე მივდივართ და შინ არავინ რჩება, საკვებად გამოიყენება სპეციალური აბები - აკვარიუმში ჩავაგდებთ და თევზები ჩვენი არყოფნის დროსაც გემრიელად მიირთმევენ.

P.S.იშვიათია ადამიანი, ოქროს თევზის ხსენებისას ბავშვობა და ლამაზი ზღაპრები არ გაახსენდეს. თუმცა ის სულაც არ არის ჯადოსნური არსება, რომელიც ნატვრას აგისრულებთ. თუ მაინც გსურთ, რომ ზღაპრულ სამყაროს აზიაროთ თქვენი შვილები, იყოლიეთ შინ ოქროს თევზი - დაე, ჰყავდეთ ბავშვებს ნატვრის შემსრულებელი "ოქროსფერი მეგობარი".

თევზი "მზეთუნახავი"

ოქროს თევზი საკვების მიმართ პრეტენზიული არ არის და უმადობას მისი არც ერთი სახეობა არ უჩივის. წყალში საკვები სწრაფად ფუჭდება და შესაძლოა, აკვარიუმიც დააბინძუროს, ამიტომ უმჯობესია, საკვების ნარჩენები მაშინვე ამოვიღოთ... დღის სინათლე აუცილებელია, რათა თევზს მკვეთრი შეფერილობა ჰქონდეს, მაგრამ დაუშვებელია მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, ამიტომ აკვარიუმში პატარა საჩრდილობელი უნდა მოვაწყოთ, რაშიც წყალმცენარეები დაგვეხმარება.

ხათუნა ჩიგოგიძე