ლურჯი მოცვი მომგებიანი ხილია
12-05-2014
ლურჯი მოცვი მომგებიანი ხილია
"რატომ უნდა გააშენო შედარებით ნაკლებშემოსავლიანი კულტურა იქ, სადაც შეიძლება უფრო შემოსავლიანი ლურჯი მოცვი გაახარო?!"


"მეურნეობის თითო-ოროლა დარგს შევყურებთ და კარგი ცხოვრება გვინდა, მაგრამ თუ მრავალი დარგი არ შევისწავლეთ და ავამუშავეთ, არაფერი გამოვა!" - ამბობენ ისინი, ვინც უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება გაიზიარეს და დიდი შრომის ფასად წარმატებას მიაღწიეს. ამის კვალად ჩვენში რთულად, მაგრამ მაინც დაიწყო მეწარმეობისა თუ სოფლის მეურნეობის ახალი დარგების განვითარება. ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი რჩება, თუმცაღა,
საქართველოს კუთხეებში მოვლილ ახალ კულტურებს უსათუოდ შეხვდებით, რაც თვალსა და გულს ახარებს.


საამო სანახავია ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში (ანასეული) ამერიკიდან შემოტანილი ლურჯი მოცვის პლანტაციები, რომელიც იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ ლურჯი მოცვის ნერგზე დიდი მოთხოვნა გლეხობაშიც გაჩნდა. ვიმედოვნებთ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ლურჯი მოცვი არა მხოლოდ ბიზნესს,
გლეხობასაც მისცემს შემოსავალს.


ოზურგეთის ლურჯი მოცვის შესახებ შპს "ქართული ბოსტნეულის" რეგიონული მენეჯერი გია ხუჭუა გვესაუბრება:

- იშვიათად შეხვდებით ადამიანს, მოცვის სარგებლიანობის შესახებ არ სმენოდეს (სხვა რომ არაფერი, უნიკალური წამალია მხედველობისთვის). ერთხელ მეც დავფიქრდი ამაზე, მოვიპოვე იმ ქვეყნების კონტაქტები, რომლებშიც ტყის მოცვს ფარმაციაში იყენებენ, პატარა საწარმო ჩამოვაყალიბე და ტყის მოცვის შეგროვება დავიწყე - მოცვს ვკრეფდით, ვაშრობდით, ვფუთავდით და ვგზავნიდით უკრაინაში და სხვაგან წამლის დასამზადებლად... როცა ოზურგეთში ლურჯი მოცვის ნერგების შემოტანის საშუალება გაჩნდა, მეც მიმიწვიეს. ლურჯი მოცვი ზომიერად ტკბილია, გამოიყენება საკვებად ან ფარმაცევტულ მრეწველობაში, ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვისაც.
გაველურებული ნიადაგის გაწმენდით დავიწყეთ, ეკალბარდი გავკაფეთ, მიწა მოვამზადეთ და ნერგების ჩაყრას შევუდექით.  ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 5 ჰექტარზე დარგულმა თითქმის ყველა ნერგმა გაიხარა... ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ნერგებს გამწვანებულსა და გახარებულს ხედავ.

ლურჯ მოცვს მჟავე ნიადაგი სჭირდება და ჩვენში სწორედ ასეთი ნიადაგია. მჟავე ნიადაგის გამო გააშენეს ლურჯი მოცვი ზუგდიდში, სოფელ რუხსა და აჭარაში - ცეცხლაურში... სამივეგან ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა... რა თქმა უნდა, ბევრი ვიშრომეთ, დიდი ჯაფა მოითხოვა ნიადაგის გასუფთავებამ, სარწყავი წყლის აუზის შექმნამ, თუმცა, შრომას თანამედროვე ტექნოლოგია გვიმსუბუქებდა. გული მწყდება, რომ ეს ტექნოლოგიები ჩვენი გლეხობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ, მაგალითად, ლურჯი მოცვის პლანტაციებში ვამუშავებთ მანქანას, რომელიც 4 ოპერაციას პარალელურად ასრულებს: ნიადაგის გაფხვიერებას, ნარგავების ფესვების გარშემო ოვალური კვლების გაკეთებას, დამულჩვას (ნარგავების ფესვების გარშემო სპეციალური ცელოფანის გადაფარება) და მორწყვას... ახლა ეს მეურნეობა უკვე იმდენად გავმართეთ, 5 ჰექტარზე გაშლილ პლანტაციას მხოლოდ 6 კაცი უვლის, ჩვეულებრივ პირობებში კი ამ პლანტაციის მოვლას, ალბათ, 20 კაცი დასჭირდებოდა. 

- ეს ნიშნავს, რომ მაღალი ტექნოლოგიებით მუშაობისას ნაკლები შრომაა საჭირო და მოსავალი მეტი მოდის?

- რასაკვირველია... ლურჯი მოცვი -20 გრადუს ყინვასაც უძლებს და ცხელ ზაფხულსაც, მაგრამ მორწყვაც აუცილებელია.

ჩვენი პლანტაციების მორწყვას არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება, - აუზი ისე გვაქვს მოწყობილი, რომ რწყვა რამდენიმე ათეული მეტრიდან პულტზე ხელის დაჭერით იწყება... მორწყვითვე მიეწოდება ნარგავებს სასუქი - წყალში გახსნილ სასარგებლო მინერალებს მცენარეები უკეთ ითვისებს... სარეველების მოშორებაც უმარტივესი პროცესია - პლანტაციების მთელ სიგრძეზე ფესვების გარშემო შემოფარებული მულჩი სარეველებს ამოსვლის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ დამულჩულ რიგებს შორის თუკი სარეველა მცირედ, მაგრამ მაინც გაჩნდა, მას მორწყული დამბალი ნიადაგიდან იოლად ვიღებთ. ჩვენი მულჩის ვარგისიანობის გარანტია 8 წელია, ეს ნიშნავს, რომ 8 წელიწადს მულჩის ქვეშ სარეველა არ ამოვა. მიუხედავად ამისა, პლანტაციებს მაინც უდიდესი ყურადღება სჭირდება - მავნებლები ლურჯ მოცვსაც შეიძლება გაუჩნდეს და ერთი ძირიდან მთელ პლანტაციაზე გადავიდეს, - ესეც არ უნდა გამოგვრჩეს და პლანტაციებს თითქმის ყოველდღე ვათვალიერებთ. აი, ასე მივდივართ მოსავლის აღებამდე, რასაც შუა მაისში ვიწყებთ და 15 აგვისტოს ვასრულებთ.

წლეულს ლურჯი მოცვი უფრო მეტ მოსავალს მოგვცემს, ვიდრე შარშან. შარშან პირველ მოსავალზე 13 ტონა მოცვი დავკრიფეთ. მოცვი სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება, უკვე "დაღვინებული" პლანტაციიდან, სავარაუდოდ, 60 ტონა ლურჯი მოცვი უნდა მივიღოთ. 

- კარგ დროს იწყება მოცვის კრეფა - შუა მაისში, მარწყვის გარდა, სხვა  ხილი ხომ არც არის შემოსული.
- ჩვენ 9 ჯიშის მოცვი გვაქვს გაშენებული და 15 აგვისტომდე ვკრეფთ მოსავალს - ყველა ჯიში სხვადასხვა დროს იძლევა ნაყოფს. ამავე დროს, ხალხსაც ვასაქმებთ, - ჩვენი ქალები დღეში 70-80 კილოგრამამდე მოცვს კრეფენ და დღეში 20-25 ლარამდე ანაზღაურება აქვთ...

- გასაღება როგორღა ხდება, მოცვი ხომ მალფუჭებადი პროდუქტია?
- მოცვის მიმღებს აუცილებლად მაცივარი უნდა ჰქონდეს, თორემ ტრანსპორტირებისას გაუფუჭდება. ჩვენგან შარშან დიდმა მაღაზიებმაც იყიდეს მოცვი, თუმცა ბოლოს მისი ერთიანად გაყიდვა ვარჩიეთ, - ირანელებმა შეისყიდეს. დაკრეფის პროცესსაც თავად დაესწრნენ, რათა ხარისხიანი მოსავალი წაეღოთ. წლევანდელ მყიდველსაც იმ პირობით ვაძლევთ მოცვს, რომ მათი წარმომადგენელი გაუწევს მეთვალყურეობას შესყიდვის ყველა პროცესს. წლეულსაც ჩვენი მოცვი ერთიანად გაიყიდება და პოლონეთში გავა.

- ეს ახალი კულტურა გლეხმა როგორ უნდა გააშენოს?
- ბევრი გლეხი გვთხოვს ნერგებს, მაგრამ ლურჯი მოცვის ნერგის გამოყვანა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. თუმცა, ამ ნერგების ლაბორატორიით გამოყვანას ძალიან მალე ვაპირებთ. ჩვენს გლეხს თავისუფლად შეუძლია ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება... რახან დასამულჩი მასალა შედარებით ძვირი ღირს, გლეხს ნახერხის გამოყენებაც შეუძლია, მიწას ტენს ნახერხიც უნარჩუნებს და სარეველებისგანაც იცავს,  მოსავლისთვის კი საჭირო მაცივრის შეძენაც შეიძლება... მთავარია, ნიადაგი აღმოჩნდეს ისეთი, სადაც ლურჯი მოცვი იხარებს. ოზურგეთის მთავრობას შევუთანხმდით, რომ შევქმნათ ნიადაგის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც სურვილისამებრ გლეხის საკარმიდამო ნაკვეთზე ნიადაგს გამოიკვლევს და დააკვალიანებს გლეხს, რა უნდა მოიყვანოს, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. სამწუხაროდ, ჩვენს გლეხს ყველაფერში როდი აქვს გამოცდილება და ცოდნა, რა სჯობს და რა მოიყვანოს თავის მიწაზე. ამის გამო მოგებასაც ვერ ნახულობს... რატომ უნდა გააშენო შედარებით ნაკლებშემოსავლიანი კულტურა იქ, სადაც შეიძლება უფრო შემოსავლიანი ლურჯი მოცვი გაახარო?!
რევაზ
23 აპრილი 2015 17:50
ჩვენთან აჭარაში ველური მოცვი როგორ ხარობს, რატომ არ გვასწავლით, როგორ გამოვიყვანოთ ველური მოცვის თესლიდან მოცვის ნერგები. დამწიფული მოცვის ნაყოფში ხომ არსებობს პატარ-პატარა თესლი, საიდანაც უნდა განვითარდეს მოცვი აგვიხსენით თუ როგორ იზრდება მთებში. რატომ ასაიდუმლოებთ.ამერიკულ მოცვს ჩვენი ჯობია, რადგან ისინი გენმოდიფიცირებულია და ადამიანის ჩვენი განადგურებისთვისაა.
გვირჩიეთ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი მოცვი.
მაია
22 მაისი 2014 18:12
მაინტერესებს, თქვენ თქვით,რომ ამერიკიდან შემოტანილი
თესლიაო,ეს თესლი გენოდეფიცირებული ხომ არ არის? არ
ვენდობი ამერიკიდან შემოტანილს.
mariami
15 მაისი 2014 12:12
მიხარია!!!დიდ წარმატებას გისურვებთ და გთხოვთ პოპულარიზაცია გაუკეთეთ სოფლის მეურნეობას,ეს ჩვენი წინსვილს და კარგი ცხოვრების საწინდარია!!!!!

რედაქტორის რჩევით