მებაღე მამულაშვილი მამულს ბაღში ემსახურებოდა
12-05-2014
მებაღე მამულაშვილი მამულს ბაღში ემსახურებოდა
"ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია. ილიას გარდაცვალების შემდეგ, ბარე 20 წელიწადს, ყოველ გაზაფხულზე საგურამოში ბაღის მოსავლელად მიდიოდა. ამბობდა, სანამ პირში სული მიდგას, მის ბაღს ყვავილს არ მოვაკლებო... დიდი მამულიშვილი იყო, თავისი საკეთებელი ილიას დონეზე აკეთა"

გასულ საუკუნეში საქართველოში გამოჩენილი მებაღე მიხეილ მამულაშვილი ცხოვრობდა, რომელსაც სახელობითი ბაღი მცხეთაში ჰქონდა გაშენებული. მისი ნახელავის სანახავად უამრავი ადამიანი დადიოდა, რომლებიც მშვენიერების ხილვით
ტკბებოდნენ. მადლიერმა საზოგადოებამ ბატონ მიხეილს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. მიხეილ მამულაშვილის სამოთხიდან დღეს ძველი დიდების მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. მებაღის გარდაცვალების შემდეგ იქაურობა გაპარტახდა, "მამულაშვილის ბაღი" მცხეთაში აღარ არსებობს... თუმცა, ჩვენს სინამდვილეში თბილისის გარეუბანში გაჩნდა საუცხოო ბაღი, რომელსაც ბევრი მნახველი ჰყავს და ხალხი სიამოვნებით მიდის.
ეს არის ზურა შევარდნაძის ბაღი, იგივე "გარდენია".


- რატომღაც მიხეილ მამულაშვილს მადარებენ, რაზეც ასეთი პასუხი მაქვს: მას ვერასდროს გავუტოლდები, რადგანაც ის ფენომენური მოვლენა იყო, სხვა კულტურის, კატეგორიისა და გემოვნების ადამიანი. ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ.

- რა ისწავლეთ მისგან?
- უპირველესად მცენარეებთან დამოკიდებულება... ურთიერთობა მქონდა ადამიანებთან, რომლებიც ბატონ მიხეილს კარგად იცნობდნენ. მცხეთაში მას ბევრი სტუმრობდა, ბევრიც მეგობრობდა მასთან. მათგან ვიცი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მცენარეებთან.

როცა მასზე ყველანაირ ინფორმაციას თავს მოვუყრი, მის მოღვაწეობაზე, ცხოვრებაზე, მცენარეებისა და საზოგადოდ, სამყაროს მიმართ მის დამოკიდებულებაზე წიგნს გამოვცემ.
უბრალო ადამიანი გახლდათ და სწორედ ეს არის მისი სიდიადე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ახლობელიც იყო. მისი გავრცელებული ფრაზა ყოფილა: "მე პატარა ყვაილები მიყვარს, დიდი ყვაილები არა".

- გამიგია, რომ მცენარეთა მოვლის საკუთარი მეთოდები ჰქონდა...

- თვითნასწავლი ხელოვანი გახლდათ, სასწავლებელი კი ჰქონდა უცხოეთში დამთავრებული, მაგრამ დარგში, სადაც მოღვაწეობდა, აკადემიური განათლება არ ჰქონია. ის ბუნებით გახლდათ შემოქმედი და ხელოვანი. მისი საუცხოო კომპოზიციები საარქივო ფოტომასალებში მინახავს და მიმაჩნია, რომ იმის სწავლა შეუძლებელია. ასეთი ხედვა ადამიანს ან აქვს, ან - არა. საოცრად ახამებდა ფერს, ზომას, სეზონურ ემოციას...

მიხეილ მამულაშვილსა და ილია ჭავჭავაძეზე ასეთი ამბავი არსებობს:
ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია. ილიას გარდაცვალების შემდეგ, ბარე 20 წელიწადს, ყოველ გაზაფხულზე საგურამოში ბაღის მოსავლელად მიდიოდა. ამბობდა, სანამ პირში სული მიდგას, მის ბაღს ყვავილს არ მოვაკლებო... ის არა მარტო კარგი მებაღე და ადამიანი გახლდათ, დიდი მამულიშვილი იყო, თავისი საკეთებელი ილიას დონეზე აკეთა.
ასე რომ, მის ბაღს ჩემს "გარდენიას" ნუ შევადარებთ!

სხვა ეპიზოდიც არის ცნობილი: ილიას ბაღში მუშაობისას ბატონ მიხეილს პოეტის მარანში ქვევრის სახურავი, ბრტყლად გათლილი ქვა მოსწონებია. დააცქერდა, მაგრამ არაფერი წამოსცდენია. ეს პოეტს არ გამოჰპარვია და უთქვამს, შენთვის მიჩუქნიაო. თურმე ისეთი სიხარულით მოჰქონდა საჩუქარი, მერე ამბობდა, ქვის სიმძიმეს ვერც კი ვგრძნობდიო და ყველას უყვებოდა ამ ამბავს...

ახლა ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იქნებოდა.

- სამწუხაროდ, მისი დანატოვარი დღეს აღარ არსებობს, ბაღი განადგურდა...
- ამას ხალხი განიცდის, ჩემთან მოსული ადამიანები დანანებით ჰყვებიან, რომ მიხეილის ბაღი გაპარტახდა. ვინც მიიჩნევს, რომ მის შთამომავლობას უნდა აღმოსჩენოდა იგივე უნარი და დამოკიდებულება ყვავილების მიმართ, ცდება. ეს გენეტიკურად არ გადაეცემა. მემკვიდრეებს ნუ დავავალდებულებთ, რომ იგივე ნიჭი ჰქონდეთ და ნუ მოვთხოვთ იმავეს ქმნას, რასაც მათი წინაპარი აკეთებდა. ბაღის შენარჩუნება ადვილი საქმე არ არის.
მის შთამომავლებს იმას ვერ ვპატიობ, რომ არ არსებობს სახლი, სადაც მიხვალ და ამ ადამიანზე ინფორმაციას შეიტყობ. მასთან სტუმრობა, თბილისიდან საგანგებო ვიზიტი, მთელი რიტუალი იყო.
მკითხეთ, რას სწავლობთ ბატონი მიხეილისგანო და მოთმინებას ვსწავლობ! ძალიან მინდა, მომავალში მეც ოდნავ მაინც ძია მიშას მსგავსად გამიხსენონ. მინდა, მასავით მშვიდი ადამიანი ვიყო. ის ჩემთვის მაგალითია, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა.

- ზურა, თქვენ რომ ჩაუდგეთ სათავეში "მამულაშვილის ბაღის" აღორძინებას?
- ვერ გავბედავდი, თორემ სურვილი კი მაქვს. ამ საქმისთვის ამბიცია არ მეყოფა. გამომივა თუ არა, არც ეგ ვიცი, მეშინია, ამის მოსურნენი არ გავაწბილო.

- რატომ?
- ბატონი მიშას მსგავსად ამ საქმეს ვინ გააკეთებს? რაღაც სახეს კი მივცემდი, მაგრამ დღეს ის კერძო საკუთრებაა. ბაღიც შთამომავლებს გაყოფილი აქვთ, იმხელა აღარ არის, რაც იყო. ყველაფერი დაინაწილეს. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია...

- ამბობენ, ძია მიშა მცენარეებს ელაპარაკებოდაო...
- ეს არ ნიშნავს მცენარესთან უშუალოდ საუბარს. დროს უთმობ, აკვირდები და მისი მოთხოვნების გამოცნობას ცდილობ - მცენარე ცოცხალი არსებაა და მოთხოვნილებები აქვს, როგორც ადამიანს. ზოგს ადამიანზე მეტი ყურადღებაც სჭირდება: წყურვილის დროს წყლის მიშველება, სიცხეში გაგრილება, სიცივეში გათბობა, თუ ავად არის, უნდა უმკურნალო, არ უნდა მოაკლო საკვები. სწორედ მებაღის ყვავილებთან ასეთ დამოკიდებულებას ჰქვია "ლაპარაკი", უამისოდ მებაღეობა არ გამოდის.

ლალი ფაცია
17 მაისი 2017 09:21
მისი შვილიშვილი კარგა ხანს დადიოდა განათლების სამინისტროში, კოლეჯის გახსნა უნდოდა. თუ არ ვცდები, 2003-2005 წლებში.
nunuka
19 მაისი 2014 02:35
საბედნიეროდ კარგად ვიცნობდი მიშა პაპას,ტკბილი მოხუცი იყო.ყველაზე მეტად მას ია უყვარდა.წნავდა ულამაზეს გვირგვინებს, კომპოზიციებს ქმნიდა ქვებზე,თიხის ნატეხებსა თუ კალათებში,ყვავილებთან ერთად იყენებდა მარწყვს, კენკრას,ლამაზ ტოტებს,პაწაწინა ქვევრებს.არასდროს იმეორებდა - ყველა იყო დახვეწილი და შეუდარებელი, ამიტომაც აღაფრთოვანებდა მნახველს, რომელიც მრავლად ჰყავდა მის ბაღს,იქვე სვეტიცხოველთან.რაც შეეხება შთამომავლობას-მისი შვილიშვილი გოგი მამულაშვილი ნაწილობრივ აგრძელებდა მის საქმეს,სამწუხაროდ ბაღს მიღმა აკეთებდა ულამაზეს ჯვრებსა და გვირგვინებს.ჯერ კიდევ შეიძლება ბაღის აღდგენა-შემოგვიერთდით!!!
soso
18 მაისი 2014 05:59
მამულაშვილი საქართველოს სიამაყე იყო და სილამაზე, მისი ბაღი საოცრება იყო ვისაც ახსოვს. აი სად ისწავლიდი ნამდვილ სილამაზეს. შეიძლება იმიტომაც მეფობს შური და ღვარძლი დღევანდელ საქართველოში სილამაზის აღქმა რომ დავკარგეთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა