კითხვა-პასუხი
12-05-2014
კითხვა-პასუხი
მინდა ბამბუკის დიდ ფართობზე გაშენება. როგორ მოვიქცე?
ივანე გოგოხია, სამეგრელო


- დასავლთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება ბამბუკის გაშენება.
ირგვება ბელტით, რამდენიმე ერთად. დარგვა უმჯობესია ტენიან ქვიშნარ ნიადაგში. იზრდება სწრაფად - დღე-ღამეში 75სმ-მდე (1 საათში 3 სმ) ფესვები ძალიან მკვრივი აქვს და ამიტომ ძნელი ამოსაღებია. შესანიშნავი მცენარეა მდინარეთა ნაპირებისა და ფერდობების გასამაგრებლად. ნერგებისთვის მიბრძანდით აჭარაში.


გვიამბეთ ხოხბის ცხოვრების ნირსა და კვებაზე. შეიძლება თუ არა გალიაში მისი გაზრდა და სად შეიძლება შევიძინოთ?
ირმა ნოზაძე, ხაშური


- ხოხობი ბინადრობს ტყის, მდინარისპირა ბუჩქნარში, ჭალაში. ბუდეს მიწაზე იკეთებს, აპრილში დებს 20-მდე კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 22-24 დღე-ღამეს. იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით, უფრო იშვიათად (გაზაფხულზე) - ხოჭოებით და სხვა მწერებით.
ხოხბის ახალგამოჩეკილ ლაპებს 2-3 საათის შემდეგ შეუძლიათ სირბილი და საკვების აკენკვა. 1
თვის ლაპი მწყრისოდენაა; 2 თვისა იწონის 450-500 გ-ს, 4 თვისა უკვე კარგად შეიძლება მამლის გარჩევა დედლისაგან.
როგორ და სად შეიძინოთ ხოხბის წყვილი, კონსულტაციას გაგიწევენ ზოოპარკის თანამშრომლები. არ არის გამორიცხული, მათთან შეიძინოთ ლაპები ან კვერცხები.


რეკომენდებულია თუ არა ე.წ. რკინის ძაღა ქოთნის ყვავილებისთვის და რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება მისი გამოყენება?
მაია მაისურაძე, საგარეჯო


- რკინის ძაღა (რკინის გოგირდმჟავა მარილი) ღია მწვანე კრისტალებია. გამოიყენება მცენარეთა მავნებელ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. როგორც ღია გრუნტის, ისე ოთახის მცენარეებს ემართებათ ფოთლების დაავადება - ქლოროზი, რომლის დროსაც ღეროები უგრძელდებათ და ფოთლები უყვითლდებათ. ასეთი მცენარე "სისხლნაკლულ" ადამიანს ჰგავს. მართლაც, თუ ქლოროფილის მწვანე მარცვლებს შევადარებთ სისხლის წითელ ბურთულებს, შეგვიძლია, ქლოროფილის შემცირებას მცენარეში "სისხლნაკლულობა" ვუწოდოთ, მაგრამ ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების ერთმანეთთან გაიგივება დიდი შეცდომაა. ქლოროზის დროს მცენარეს აკლია ქლოროფილის წარმოქმნისათვის აუცილებელი ელემენტი - რკინა.
ქლოროზის სამკურნალო საშუალებაა რკინის ძაღის (ანუ რკინის შაბიამნის) მწვანე კრისტალების ხსნარი - 1 გრამი 1 ლიტრ წყალში, რომელიც ესხმება მცენარეს ფესვებში ორ დღეში ერთხელ სამ-სამი სუფრის კოვზი საღამოობით, ორი კვირის განმავლობაში.

ნეკერჩხლისა და კოპიტის ერთწლიან ნერგებს შორის მინდა დავთესო ლობიო და შევიტანო ჰერბიციდი. ჰერბიციდი ხომ არ დააზიანებს ნერგებს?
ელენე ურუშაძე, იმერეთი


- არსებობს გამორჩევითი და საერთო მოქმედების ჰერბიციდები. საერთო მოქმედების ჰერბიციდი სპობს ყველა სახის მცენარეს, მათ შორის მოზარდმერქნიან მცენარეებსა და ბუჩქებს, ხოლო გამორჩევითი მოქმედების ჰერბიციდი აჭკნობს და ხელს უშლის განვითარებაში ზოგიერთი სახეობის მცენარეს. ჰერბიციდები უნდა შეგირჩიონ იქ, სადაც მათ შეიძენთ.

ჩემს წითელ ჩინურ ვარდს გაუჩნდა წვრილი ჭიები, რითი ვუმკურნალო?
მაია მაისურაძე, საგარეჯო


- მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცნობია თქვენს მცენარეს შესეული მწერები, გირჩევთ ყველაზე ეფექტურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ პრეპარატს:
500 გრამი გარჩეული ნივრის კბილები გაატარეთ ხორცსაკეპში, ჩაყარეთ 3-ლიტრიან მინის ქილაში და შეავსეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, დაახურეთ პლასტმასის ხუფი, გააჩერეთ თბილ და ბნელ ადგილას და 5 დღის  შემდეგ გაწურეთ.
შესასხურებლად 60 გრამი ნაყენი გახსენით 10 ლიტრ წყალში, დაუმატეთ 50 გრამი სარეცხის საპონი და შეასხურეთ.


გვირჩიეთ, რითი და როგორ გამოვკვებოთ ოთახის მცენარეები?
მაია მაისურაძე, საგარეჯო


- მაღაზიებში ყოველთვის იყიდებოდა და ახლაც იყიდება გამზადებული ნარევები, რომლებსაც გამოიყენებენ ზედ წარწერილი ეტიკეტის მიხედვით.
მცენარე შეგიძლიათ დამატებით გამოკვებოთ იმის მიხედვით, თუ რა სახისა გსურთ რომ იყოს - მოყვავილე თუ ფოთლებით უხვად შებურვილი. თუ გსურთ ყვავილები, მცენარე მორწყეთ ფოსფოროვანი სასუქებით - სუპერფოსფატის ხსნარით (1 გრამი 1 ლიტრ წყალზე). სუსტად დაბუჩქულ, ფოთლიან მცენარეებს რწყავენ აზოტოვანი სასუქებით (გვარჯილა - 0,5 გრამი ან გოგირდმჟავა ამონიუმი - 1 გრამი 1 ლიტრ წყალზე) და კალიუმიანი (2  გრამი 1 ლიტრ წყალზე) მარილებით. მორწყვა ხდება იმ ანგარიშით, რომ ყოველ კილოგრამ ნიადაგზე 200 გრამი ხსნარი მოდიოდეს. მეტად ძლიერ და ყველაზე საუკეთესო სასუქად ითვლება ქათმის სკინტლი. 5 გრამ სკინტლს ურევენ 1 ლიტრ წყალში, აყოვნებენ 1 კვირას გასაფუებლად, რის შემდეგაც ხსნარს წყლით აზავებენ თანაფარდობით 1:1 და სასუქი მზად არის.

როგორც ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქს, გამოსაკვებად იყენებენ ნაცარსაც - 15 გრამ ნაცარს ყრიან 1 ლიტრ წყალში, აყოვნებენ 7 დღის განმავლობაში და ისიც გამოსაყენებლად მზად არის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით