ჯიშიანი ფრინველების საუცხოო ფერმა - კვირის პალიტრა

ჯიშიანი ფრინველების საუცხოო ფერმა

გოლიათი ქათმები კახეთში

"ჩვენი სიამაყეა "ორპინგტონი"... ამ ჯიშის ქათმის გაზრდა და მოვლა საქართველოში არავინ იცოდა"

"როგორც ჩემი 93 წლის მეზობელი ანზორა პაპა ამბობს, - ქვეყანა ძლიერი მაშინ იქნება, როდესაც სოფლის მეურნეობა აყვავდება. სოფლიდან თუ ყველა ქალაქში გავარდა, უახლოეს 30 წელში საქართველო მარტო თბილისი დარჩებაო... იმ იმედით, რომ ყველაფერი ამ სცენარით არ განვითარდება, ჩვენს კუთხე-კუნჭულს უნდა მივხედოთ და საქმე ვაკეთოთ, ს ა ქ მ ე !"

მოსახლეობა რომ ლუკმაპურის საშოვნელად სოფლიდან თბილისში მოდის, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ არიან იშვიათი გამონაკლისებიც, რომლებიც პირიქით - ქალაქიდან სოფელში მიდიან. თბილისელი ვიქტორ კერვალიშვილი 2008 წლიდან ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე ცხოვრობს. პროფესიით ფიზიოლოგი, წლების განმავლობაში სამეცნიერო საქმიანობას მისდევდა.

ყველაფერი გერმანიაში დაიწყო. 2008 წელს ხილის საერთაშორისო გამოფენაზე ჩასული ბიზნესმენი ფრინველების გამოფენაზე შემთხვევით აღმოჩნდა. იქ ნახა პირველად გიგანტური ჯიშის ქათმები და გაუჩნდა იდეა, ეს ფრინველები საქართველოში ჩამოეყვანა. თუმცა მხოლოდ სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა. გამოფენიდან ერთ-ერთ მეურნეს ფერმაში გაჰყვა. კვერცხების შეძენაზე მასპინძელმა უცხოელ სტუმარს უარი უთხრა. სხვა გამოსავალი რომ აღარ ჰქონდა, რამდენიმე კვერცხი მოიპარა. ჯიბით ჩამოტანილი კვერცხებიდან პირველი წიწილები 2009 წელს გამოიჩეკა... მის ფერმაში დღეს უკვე 1000-მდე სხვადასხვა საჯიშე ფრინველი და 300-მდე ბოცვერია. ბატონ ვიქტორ კერვალიშვილს "კვირის პალიტრა" ლაგოდეხში ესტუმრა.

მასპინძელი ეზოს გვათვალიერებინებს, შემდეგ კი ფერმაში მივყავართ. სამი ჰექტარი მიწის ფართობი სამ ზონად არის გაყოფილი - საცხოვრებელი ფართობი, საჯიშე მეურნეობა და ტურისტული ზონა.

ვიქტორ კერვალიშვილი, "ბიო ვეის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეპატრონე: - წლების წინ ლაგოდეხში მიწა შევიძინე, სახლი ავაშენე და ზაფხულობით ოჯახთან ერთად ჩამოვდიოდი. ქვეყანა რომ აირია, ჩემი პროფესიით ოჯახს ვეღარ ვარჩენდი და ბიზნესი წამოვიწყე.

2008 წელს მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი გერმანიაში, ხილის გამოფენაზე წავედით. იქვე მოეწყო სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენაც, სადაც პირველად ვნახეთ უზარმაზარი ქათმები, ინდაურები, კურდღლები... ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გაჩნდა იდეა, როგორმე ეს ჯიშები საქართველოში გაგვემრავლებინა... პირველი წიწილა ჩვენს ფერმაში ბერლინის გამოფენიდან წლისთავზე გამოიჩეკა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჯიშის ქათმისა და ბოცვრის გაზრდა და მოვლა საქართველოში არავინ იცოდა.

იმდენად რთულია მათი საქართველოში ჩამოყვანა, გამრავლება და საჯიშე ოჯახების მიღება, რომ შეიძლება ბევრმა დაიწყოს და შუა გზაში მიატოვოს. ჩვენ, ალბათ, ბიზნესაზარტმა მოგვიყვანა აქამდე.

- იქნებ კონკრეტულად ქათმის ჯიშებზეც ვისაუბროთ...

- ჩვენი სიამაყეა "ორპინგტონი". ამ ჯიშის სამი სახეობა გვყავს - "ორპინგტონი ბაფი", "შავი ორპინგტონი" და "ორპინგტონ ლეისი", რომელიც საშუალოდ  შვიდ კილოგრამამდეა. ეს ჯიში დიდ ბრიტანეთში, უელსში გამოიყვანეს დედოფალ ვირჯინიას პატივსაცემად. ბოლო წლებში საერთაშორისო გამოფენებზე პირველ ადგილზეა გემოთი და ფაფუკი ხორცით. გვყავს ასევე რუსული "იურლოვსკი გოლოსისტიეს" ჯიშის ქათამი. ის ამჟამად რუსეთშიც იშვიათობაა. გვყავს ასევე ამერიკული "ბრამას" ჯიშის ორი სახეობის ქათამი, თეთრი და ფერადი.  აქვთ დიდი წონა და ძლიერი იმუნიტეტი, დებენ ბევრ კვერცხს. ეს სამი თვისება ერთად მეურნისთვის საუცხოო პირობებს ქმნის... ქათმის ამ ჯიშს კი "გლადიატორს" ეძახიან (ბატონი ვიქტორი გრძელკისერა ქათამზე გვითითებს). ახალზელანდიურია, მას გრძელი ფეხები და კისერი აქვს. მკერდზე ბუმბული არ ეზრდება. ამ ჯიშის ქათმები საქართველოში იშვიათია.

იხვის ოთხი სახეობა გვყავს: "ორპინგტონი", "მუსკუსნაია" (ე.წ. მუშკის იხვი), რომელსაც ჩვენთან "იხვინდაურას" ეძახიან. "ანკონას" ჯიში კი დაბალცხიმიანია და ძირითადად, სარესტორნედ გამოიყენება. ბატების ორი სახეობა გვყავს - ჩვეულებრივი და გედი-ბატი. ციცარი კი ფერმას ქორ-მიმინოსგან იცავს. გვყავს ასევე თეთრი, მოწითალო და ჩვეულებრივი შავი ინდაური.

ინკუბატორი და წიწილები

მნიშვნელობა აქვს, კვერცხს ინკუბატორში როგორ მოვათავსებთ - ფართო ბოლოთი ზემოთ თუ პირიქით. შემდეგ ვამუშავებთ დაბალპროცენტიანი "იოდზეფის" თბილი ხსნარით. თითოეულ ინკუბატორში 100-მდე კვერცხი ეტევა. ამჟამად ოთხივე აპარატი სავსეა და 400-მდე წიწილის გამოჩეკას ველოდებით. ახალგამოჩეკილი წიწილი ორი კვირის განმავლობაში სპეციალურ სათავსში გვყავს, გარემოსთან შეგუების შემდეგ კი ღია სივრცეში გადაგვყავს.

გიგანტური ბოცვრები და ბაჭიები

ჩვენი სიამაყეა კურდღლის რამდენიმე ჯიში: "ფლანდრი", "თეთრი გოლიათი", "კალიფორნიული პეპელა" და ფრანგული "ცხვარი". ისინი სხვადასხვა თვისების გამო შევარჩიეთ. ზოგი მზრუნველი დედაა, ზოგი მაღალწონიანი, ზოგი კარგად მრავლდება და ა.შ. მაგალითად, "ფლანდრის" ბოცვერი სტაბილურად 8-10 ბაჭიას ზრდის და მზრუნველი დედაა... ერთი კურდღელი წელიწადში დაახლოებით 32-36 ბაჭიას იძლევა.

ფერმა გაშლილია დაახლოებით ჰექტარ-ნახევარზე და სამი მხრიდან ნაკრძალი აკრავს. შესაბამისად, ჰაერი, გარემო, კლიმატი და წყალიც ბიოლოგიურად სუფთაა. აქ ექვსი კაცი გვყავს დასაქმებული.

როცა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე მოდიან, როგორც წესი, ნაკრძალის დათვალიერების შემდეგ, ჩვენც გვსტუმრობენ და ფოტოებს იღებენ.

ჩვენი ფრინველის ხორცი ორგანული პროდუქტია, ეს თამამად შემიძლია ვთქვა. ამიტომ ხშირი ვიზიტებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ, რადგან იზრდება ფერმაში დაავადების შემოტანის ალბათობა.

- ახლა ყველა ფრინველი და ბოცვერი ღია სივრცეშია, ზამთარში დახურულ შენობაში გადაგყავთ?

- თითოეულ შემოფარგლულში დგას პატარა სახლი, სადაც ყინვისას აფარებენ თავს. ბოცვრები და ბაჭიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ გამჭოლ ქარში. სხვა მხრივ, ზამთარში უკეთესად გრძნობენ თავს - სიცივეს უფრო იტანენ, ვიდრე სიცხეს.

ნატალია კალანდაძე, "ბიო ვეის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: - ყველა საფერმერო მეურნეობას აქვს სამი ძირითადი წესი. პირველ რიგში - სისუფთავე. თუ ფერმაში ჰიგიენა დაცული არ არის, შესაძლოა ფრინველები სხვადასხვა ინფექციით დაავადდნენ. ცხადია, არ იგულისხმება მხოლოდ დაგვა-დასუფთავება, არამედ დეზინფექცია და სხვ.

მეორე აუცილებელი პირობაა დაავადებების პრევენცია. დაავადების მკურნალობა ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე მისი წინასწარ აღკვეთა. პრევენციისას საკვებში ვუმატებთ ანტიბიოტიკის ბევრად დაბალ კონცენტრაციას, ვიდრე მკურნალობისას.

მესამე პირობა ხარისხიანი საკვებია. სასურველია, ფერმერმა თვითონ აწარმოოს საკვები და ფერმა უფრო დაცული იქნება. ამიტომ მათ ნატურალური პროდუქტით ვკვებავთ - სიმინდით, ქერითა და ხორბლით, რომლებიც სასუქის გარეშე მოგვყავს საკუთარ ნაკვეთში.

- ვეტერინარი თუ გყავთ?

- საბედნიეროდ, დაავადებული ფრინველები ჯერ არ გვყოლია, მაგრამ კონსულტაციებს ვეტერინარისგანაც ვიღებთ.

- უკვე შეიძლება თქვენი ფრინველის ხორცის შეძენა?

- ჯერ არა. ეს ფერმა საჯიშე მეურნეობაა და შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ მათ გამრავლებაზე ვართ ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც კარგ საქმეს ვაკეთებთ.

- სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საჯიშე ქათმებისა და ბოცვრების შეძენა?

- ქათმებს და ბოცვრებს არ ვყიდით, მხოლოდ წიწილასა და ბაჭიას.

- ამბობთ, რომ თქვენი ქათმები, კვერცხის დებითაც გამოირჩევიან. საქართველოში გავრცელებულ ქათმებთან შედარებით, წელიწადში დაახლოებით რამდენ კვერცხს დებენ ეს ჯიშები?

- ჩვენი ქათმების სამივე ჯიში, "ორპინგტონი", "ბრამა" და "იურლოვსკი გოლოსისტიე", წელიწადში 180-დან 220-მდე კვერცხს დებენ. ჩვენთან გავრცელებული ქათმის ჯიშების კვერცხის დების მაქსიმუმი წელიწადში 50-60 კვერცხია.

- ალბათ ზომითაც განსხვავებულია.

- დიახ, გოლიათი ქათმის კვერცხიც უფრო დიდია.

- ეს გოლიათი "ორპინგტონი" რამხელა იზრდება?

- ჩვეულებრივ ქათამთან შედარებით, სიმაღლითა და წონითაც ორჯერ დიდია.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე