"სიკოს აღმართის" აყვავებული ბაღები - კვირის პალიტრა

"სიკოს აღმართის" აყვავებული ბაღები

როგორ აღმოვაჩინე თბილისის შუაგულში პატარა სამოთხე

"ჟასმინი ჩვენი ეზოს ლეგენდაა - ჩემი მეუღლის დიდი ბებიის დანატოვარი. შეიძლება 50-60 წლისაც კი იყოს, იქნებ მეტისაც"

"ჩვენი ბაღის სიამაყე ჯვარისა ვაზია. გაგიგიათ ეს ჯიში? ღვთის სასწაული გამოდგა - ისეთი ღვინო მოდის, ეკლესიაში მიგვაქვს საბარძიმედ"

მიწა ჯადოსნური რამ არის. თუ განგების ამ საჩუქარს ადამიანი ისე მოუვლის, რომ ნაყოფი მიიღოს, არც სარჩო მოაკლდება, არც სიხარული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მიწასთან დაშორებამ კარგი არაფერი მოგვიტანა, არამედ იმიტომაც, რომ ბედნიერებაა იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც მიწას ეფერებიან, საპასუხოდ, მადლს იღებენ და მერე სხვას უნაწილებენ.

ამას წინათ ორთაჭალის აღმართი ისე ავიარე, დაღლა არ მიგრძნია. მერე მივხვდი, რატომაც - აქ თითქმის ყველა ეზოში ულამაზესი ვარდები ყვაოდა, იმან კი, რაც ზაზა გეწაძის ოჯახში ვნახე, გამაოგნა - თბილისის შუაგულში პატარა სამოთხე აღმოვაჩინე.

ეზოში შესულმა დიასახლისს მოვკარი თვალი.

- მაპატიეთ, ქუჩიდან თქვენს ეზოში ისეთი ყვავილები დავლანდე, რომ არ შემოვსულიყავი, არ შემეძლო. მით უფრო - კარი ღია გქონდათ.

- ჩვენი ეზოს კარი ყოველთვის ღიაა, მობრძანდით! - გამიღიმა მასპინძელმა.

ასე გავიცანი გეწაძეების ოჯახის დიასახლისი ქალბატონი თაკო.

- ამას წინათ ჰოლანდიური ვარდები მაჩუქეს და კალმები უნდა ავაჭრა. თუ მოუვლი, ჩვენს მიწაზე ყველაფერი გაიხარებს... ჟასმინი კი ჩვენი ეზოს ლეგენდაა - ჩემი მეუღლის დიდი ბებიის დანატოვარი. შეიძლება 50-60 წლისაც კი იყოს, იქნებ მეტისაც. ჟასმინი აფრიკული  მცენარეა, თბილისში იშვიათობა იყო და ბებიამ ტაბახმელელ მეურნეებს გამოართვა - ისინი ტაბახმელიდან თბილისში სავაჭროდ ურმით დადიოდნენ, საურმე გზა კი ჩვენი სახლის წინ გადიოდა. ჩვენი დიდი ბაბუა სიკო ქოჩლაძე გამოვიდოდა და ამ მეურნეებს შინ ეპატიჟებოდა სულის მოსათქმელად. ჩვენი სახლისკენ ამომავალი ქვაფენილი მისი დაგებულია, იმიტომაც ეძახიან "სიკოს აღმართს". ჩვენ მის დანატოვარს ვუპატრონეთ! ოთხი შვილი ამ ეზოში გავზარდე და როცა ვუყურებდი, როგორ ეხებოდნენ მიწას, როგორ ეფერებოდნენ და უვლიდნენ გაზაფხულზე აყვავებულ ხეხილსა და ყვავილებს, საკუთარი ხელით როგორ კრეფდნენ შემოდგომაზე ნაყოფს, გული სიხარულით მევსებოდა.

- ალბათ ბევრი გეუბნებათ, რომ ამ ეზოდან სამყარო ლამაზი ჩანს...

- ჩვენი სახლი ამწვანებულ დასახლებას გადაჰყურებს - ზოგს კაკალი უდგას ეზოში, ზოგს - ბალი, ზოგს - ბროწეული. თბილისი შეიძლება სულაც  "ბროწეულების ქალაქად" აქციო - აქ ბროწეული კარგად ხარობს. მერე როგორი ყვავილი იცის?

- თქვენს ბაღში ბროწეულის გარდა ვაშლი, ბალი, ტყემალი, კარალიოკია... კივიც კი გქონიათ...

- მაგრამ ჩვენი ბაღის სიამაყე ჯვარისა ვაზია. გაგიგიათ ეს ჯიში? ერთხელ წოდორეთში ვიყავით. ერთი კეთილშობილი მოხუცი გავიცანი. ჩვენს ეზოზე ხშირად ველაპარაკებოდი. წამოსვლისას ვაზის კალამი გამოიტანა, - შვილო, წაიღე, დარგე და დამლოცავო. შინ რომ მოვედი, ბავშვებს ვუთხარი, იმ კაცის საჩუქარი მიწაში ჩარგეთ-მეთქი. ღვთის სასწაული გამოდგა - ისეთი ღვინო მოდის, ეკლესიაში მიგვაქვს საბარძიმედ. მოძღვრებიც გვეუბნებიან, ამ ღვინის შეხედვისთანავე ხვდები, რომ ღვთის არისო... გინდა მაღლარად გაუშვი, გინდა - დაბლარად, მაინც გაიხარებს... ჩვენი ოჯახიდან ვინც კი კალამი წაიღო, ყველამ გაახარა, საქართველოს ყველა კუთხეში...

- ამ ვაზის სახელი პირველად მესმის - "ჯვარისა".

- ჩვენც ბევრი ვიკვლიეთ მისი წარმომავლობა. როგორც ჩანს, ბერების გამოყვანილი ჯიშია, საბარძიმე. რაც შეგვიძლია, ვუვლით, ყველა საფრთხეს ვარიდებთ... ეზო შემოღობილი გვაქვს, ძაღლიც ვერ შევა. წიწილები თუ გაივლიან ხანდახან, მაგრამ წიწილა ვაზს რას დააკლებს!

- წიწილებიც გყავთ?!

- დიახ, გვყავს. მინიინკუბატორში იჩეკებიან. ჩავაწყობ ერთად 80 კვერცხს და იჩეკებიან...

- წიწილებს ბაღში ზრდით?

- აქამდე ყველას ვუშვებდით ბაღში, პატარებსაც და დიდებსაც, მაგრამ ამას წინათ კაჭკაჭმა ერთად ხუთი წიწილა მოგვტაცა და მივხვდი, რომ პატარები სანამ არ წამოიზრდებიან, ბაღში არ უნდა გაუშვა.

- ქორი ვიცოდი... კაჭკაჭიც იტაცებს?

- მე თვითონ დავინახე, ხეზე როგორ აიყვანა ჩვენი წიწილა. კაცმა რომ თქვას, კაჭკაჭი ქურდია და აბა, რას იზამს...

ხშირად ვფიქრობ მადლიერებით სიკო ქოჩლაძეზე. მისი ნაამაგარი ეზო-კარი რომ არა, ძალიან ბევრი დაგვაკლდებოდა.

ჯიშების სელექცია

შესახედავად ეს ჩვეულებრივი ზოლიანი საზამთროა, ოღონდ მისი რბილობი, წითლის ნაცვლად, ხასხასა ყვითელი ფერისაა. მას გაცილებით ცოტა აქვს კურკა და ნაკლებად ტკბილია, ვიდრე წითელი, სამაგიეროდ, უფრო არომატულია.

ყვითელი საზამთრო სელექციონერებმა მიიღეს ჩვეულებრივი საზამთროს შეჯვარებით ველურ, ყვითეEლ საზამთროსთან, რომელიც არ იჭმება.

უკვე ათწლეულია, მრგვალი ფორმის ყვითელი საზამთროები ზაფხულობით მოჰყავთ ესპანეთსა და რუსეთში (კერძოდ ასტრახანში, აქაური ნაყოფი ესპანურთან შედარებით უფრო ტკბილია და მანგოს გემო დაჰკრავს). ზამთარში კი ტაილანდში ზრდიან ოვალური ფორმის ყვითელ საზამთროს, რომელიც იქ ძალიან პოპულარულია - ტაილანდელების რწმენით, ყვითელი ფერი "ფულს იზიდავს".