ღორების მასობრივი დაცემა გრძელდება
19-05-2014
ღორების მასობრივი დაცემა გრძელდება
"ღორის აფრიკული ჭირი ადამიანმა შეიძლება ფეხსაცმლითაც შემოიტანოს"

ცოტა ხნის წინ ფერმაში დაახლოებით 1000 სული ღორი 10დღეში დაიხოცა


ღორის აფრიკული ჭირის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში ამ პირუტყვის კიდევ ერთმა სასიკვდილო დაავადებამ იჩინა თავი. ეპიდემიური დიარეის ვირუსი (PEDV), რომელიც ექსკრემენტებით ვრცელდება, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორის მასობრივი დახოცვის მიზეზი გახდა.

ახალი ვირუსი ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანია. ის პირველ რიგში ცხოველის საკვების მომნელებელ სისტემას აზიანებს და სიკვდილიანობა 80-100%-ს აღწევს.

წლეულს იანვარში,
ღორის კლასიკური ჭირის გავრცელების შედეგად, მეღორეობის ფერმა "კალანდაში" 10 ათასი სული პირუტყვი დაეცა. ამ ფერმის თანადაფინანსებაში საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობდა და 1,3 მილიონი დოლარი გაიღო. ფერმას ბანკიდან კიდევ 4,4 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ცოტა ხნის წინ კი ღორების მასობრივად დაცემა განმეორდა. რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ღორების
ფერმაში დაახლოებით 1000 სული პირუტყვი 10 დღეში გაწყდა. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ დახოცვის მიზეზი ინფექციური დაავადება პასტერელოზი იყო. ფერმერი კი ეჭვობს, რომ პირუტყვი აფრიკულმა ჭირმა გაწყვიტა.

სანდრო გიორგაძე, ფერმერი: "მესამე წელია, ეს ფერმა მაქვს. სულადობის 2500-მდე გაზრდას ვგეგმავდი, მაგრამ რაც მოხდა, თავადაც ხედავთ. პირუტყვს ჯერ სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, შემდეგ საკვების მიღება შეწყვიტა, ტემპერატურამ აუწიათ და დაიხოცა. ლაბორატორიამ მიზეზად პასტერელოზი დაასახელა, მაგრამ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირუტყვს ჩატარებული ჰქონდა.  იმის მიუხედავად, რომ ყველა აუცილებელი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიება ჩავატარეთ, მაინც ეს შედეგი მივიღეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაავადება სხვა იყო, სავარაუდოდ აფრიკული ჭირი, რომლის ვაქცინა არ არსებობს".

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ღორის აფრიკული და კლასიკური ჭირის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ფერმერებს ხშირად ერევათ. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ
აფრიკული ჭირის აფეთქება საქართველოში ბოლოს 2008 წელს მოხდა, რის შედეგად ქვეყანაში 85 ათასი სული პირუტყვი იძულების წესით განადგურდა.

რაც შეეხება დაავადების ერთეულ შემთხვევებს, დეპარტამენტში ამერიკული მხარის დახმარებით შესაბამისი მომზადება გაიარეს და ზაფხულში საზღვრისპირა რეგიონებში დაახლოებით 3000 პირუტყვს აუღებენ სინჯს და გამოიკვლევენ, პირუტყვის რა დაავადებები არსებობს ქვეყანაში.

დემნა ხელაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
"საინფორმაციო ბროშურას ვამზადებთ მათთვის, ვინც ღორის მოშენებით არის დაინტერესებული. აქ შევა ამომწურავი ინფორმაცია გავრცელებული ვირუსული და  პარაზიტული დაავადებების შესახებ. მათ შორის იქნება ღორის აფრიკული ჭირიც, კლასიკურიც, პასტერელოზიც, წითელი ქარიც და სხვ. ღორი ადვილად ავადდება.
თუ ფერმერმა ღორს ვაქცინაცია ჩაუტარა და ის მაინც დაავადდა, შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს ვაქცინის ხარისხი ან პირობები, რომლებშიც ვაქცინაცია ჩატარდა.

საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა  და დაავადების შემოტანის რისკი ყოველთვის არსებობს. ადამიანმა შეიძლება ფეხსაცმლითაც კი შემოიტანოს დაავადება ქვეყანაში. სხვათა შორის, აფრიკული ჭირი საკმაოდ გამძლეა. მისი პრევენციისთვის ცოცხალი პირუტყვი იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ჭირია გავრცელებული, არ უნდა შემოვიდეს".

P.S. საქართველოში ღორის ხორცის წლიური მოხმარება დაახლოებით 40 ათასი ტონაა. აქედან, მაგალითად, შარშან ადგილობრივად წარმოებული მხოლოდ 11,8 ათასი ტონა იყო, დანარჩენი კი იმპორტით შემოვიდა. შესაბამისად, ყოველთვის, როცა პირუტყვი მასობრივად ეცემა, მოსახლეობის ნაწილი ამას ადგილობრივი წარმოების საწინააღმდეგო დივერსიად აღიქვამს.
მოქალაქე
22 მაისი 2014 16:06
რათქმაუნდა აღიქვამს!!! საინტერესოა რომელი ქვეყნიდან შემოვიდა 28 200 ტონა ხორცი????? მარტო ჩვენთან არის ეს დაავადება??? კითხვები (ლოგიკური) ძალიან ბევრია და ეჭვის საბაბიც არსებობს!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა